fbpx
Skip to main content

ევროკავშირი, სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტო (Cepol) და ევროპოლი (Europol) იწყებენ ახალ პროექტს ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად

24/07/2020

ახალი პროექტი – TOPCOP, რომელიც ევროკავშირისა და ევროპოლის (Europol) მხარდაჭერით განხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში

ევროკომისიამ და სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტომ (Cepol) დაიწყეს ახალი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) დახმარება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. აღნიშნულ ინიციატივას აფინანსებს ევროკომისია. მას ახორციელებს სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტო (Cepol) სამართალდამცავთა თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს – ევროპოლის (Europol) მხარდაჭერით.

როგორც აღნიშნულია 20 მარტის ევროკავშირის ერთობლივ კომუნიკაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ, (link is external) ორგანიზებული დანაშაული ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთო გამოწვევაა. ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სააგენტოებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულის, წინააღმდეგ  საბრძოლველად.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში როგორც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირში. ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელები არ სცნობენ ეროვნულ საზღვრებს და თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და სამართლიანი საზოგადოების შექმნა ჩვენი საერთო მიზანია“, განაცხადა ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის დირექტორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

„სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (Cepol) როლი ამ პროექტში, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში სამართალდამცავთა პროფესიული სწავლებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნაში მდგომარეობს, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით რეგიონის ექვს პარტნიორ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას“, – აღნიშნა დეტლეფ შრიოდერმა, სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (Cepol) აღმასრულებელმა დირექტორმა.

კეტრინ დე ბოლმა,  ევროპოლის (Europol) აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა:  პროექტი TOPCOP გაზრდის სამართალდამცავთა ეფექტიანობას და გააძლიერებს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების დანაშაულებრივ ქსელებს შორის არსებული კავშირების დასადგენად. ევროპოლის (Europol) ცენტრალური პოზიცია ევროპის სამართალდამცავ სისტემაში გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას“.  

TOPCOP-ის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამართალდამცავთა მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. პროექტი ასევე გააძლიერებს კავშირებს სამართალდამცავთა პროფესიულ სწავლებასა და ოპერატიულ საქმიანობას შორის და გამოავლეს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაული რეგიონს უქმნის.

პროექტი შექმნის შესაძლებლობების გაძლიერების საკონტაქტო პირების ქსელებს, რომელთა დახმარებითაც მოხდება სამართალდამცავთა პროფესიულ სწავლებასა და ოპერატიულ საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. აღნიშული ქსელების საშუალებით ასევე მოხდება სწავლების საჭიროებების გამოვლენა ფაქტობრივ გარემოებებზე და მსგავსებებზე დამყარებული რეგიონული და მიზნობრივი ტრენინგების ჩასატარებლად.

სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისი თანამშრომლობის მხარდასაჭერად პროექტი  სრულად გამოიყენებს სამართალდამცავთა სწავლების საჭიროებების შეფასების, სწავლების უზრუნველყოფისა და დანაშაულის მონაცემების ანალიზის  კუთხით სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსა (Cepol) და ევროპოლის (Europol) მდიდარ გამოცდილებას.

ევროკავშირმა ამ ინიციატივისთვის, რომლის ხანგრძლიობა 48 თვეს შეადგენს, 6 მილიონი ევრო გამოყო. პროექტი განხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი სახელმწიფოს ხელისუფლებების ორგანოებსა და რეგიონში ევროკავშირის დელეგაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

 

საკონტაქტო პირი:

მარია მოლინა სიერრა; CEPOL-ის კომუნიკაციების ოფიცერი; maria.molina-sierra@cepol.europa.eu; +36 30 89 66 110