fbpx
Skip to main content

ევროკავშრის ბენეფიციარმა თეთრიწყაროში ადგილობრივი მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდს თავისი ნახატები შესწირა

17/07/2020

ია არსენიშვილი ქართველი ფერმწერია, მის ნამუშევრებს კარგად იცნობენ ხელოვნების მოყვარულები – ათეულობით წელია მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. ია ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაა, სადაც რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და 3 შვილთან ერთად, საოჯახო სასტუმრო ბიზნესის განვითარებას მოჰკიდა ხელი. „მხატვრის სახლი“ – ასე ეწოდება ადგილს, რომლის კონცეფცია  განსაკუთრებულია, რადგან სასტუმროს თითოეული ოთახის ინტერიერის დიზაინი იას  მიერ შესრულებული ფერწერული ტილოებით, ხელით მოხატული თეფშებით, ფაიფურის ჭურჭლითა და ხელით მოპირკეთებული სარკეებითაა გაწყობილი. ეს არის სივრცე, სადაც ყოველ წელს ეწყობა იას მასტერკლასები და ბიენალეები, რომლებიც იზიდავს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.

ია არსენიშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტის მეორე საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილ განაცხადებს შორის, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) იას პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია, რადგან ENPARD თეთრიწყაროს პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის – სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოპოვებული 32 722 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით, სასტუმროს ეზოში მოეწყობა სამხატვრო სახელოსნო, დასრულდება არსებულ საკონფერენციო დარბაზზე მუშაობა, დაემატება სველი წერტილები და ავეჯი, კეთილმოეწყობა და მოპირკეთდება ეზო.

პროექტის ბენეფიციარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად უმასპინძლოს ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიებებს და ამ გზით, ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდასა და მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას:

„ვიდრე „მხატვრის სახლს“ სასტუმროს სტატუსს მივანიჭებდი, გიდის საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღე და საქართველოს უამრავი კუთხე მოვიარე, რათა შემესწავლა თუ როგორ მუშაობენ სხვა საოჯახო სასტუმროები. ხშირად ვმასპინძლობ ტურისტებს, რომლებსაც არც გიდი მოჰყვებათ და არც თარჯიმანი. როდესაც ვხვდები, რომ აქაურობას არ იცნობენ, ვცდილობ ვუამბო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და  მისი ისტორიის შესახებ, ხშირად მივყვები ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლადაც“.

როგორც წესი, ია „მხატვრის სახლში“ დიდ დროს ატარებს – ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისები შესთავაზოს სტუმრებს. ახალი კორონავირუსის პანდემიამ იას დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა – თავდაპირველად მუნიციპალიტეტში რჩებოდა, ცდილობდა ადგილობრივ მოწყვლად ოჯახებს პირველადი ნივთებითა და პროდუქტით დახმარებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა, თბილისში, შვილებთან დაბრუნდა და ხატვა განაგრძო. დარდობს, რომ დისტანციურად ვერ ახერხებს იმ ადგილობრივების დახმარებას, რომლებიც, კრიზისის ფონზე, ელემენტარული შემოსავლისა და საკვების გარეშე დარჩნენ.

რამდენიმე დღის წინ იამ შეიტყო, რომ თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად შემოწირულობებს აგროვებს და გადაწყვიტა, საქველმოქმედო ფონდს თავისი ფერწერული ტილოები შესწიროს

„ნებისმიერ ადამიანს ელექტრონულად ჰქონდა შესაძლებლობა ალბომიდან მისი გემოვნების შესაბამისი ფერწერული ნამუშევარი შეერჩია. ცხადია, რაც უფრო ძვირად გაიყიდებოდა ნახატები, მით უკეთესი იქნებოდა, რადგან თანხას პირდაპირ ფონდში რიცხავდნენ. სულ მალე შესაძლებელი იქნება ელექტრონულად ადევნონ თვალი, თუ ვის დაეხმარება თეთრიწყაროს LAG-ი შეგროვებული თანხით“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეფექტიანად უმკლავდება. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი შედარებით მეტია, რის გამოც ზოგიერთი მათგანის კარანტინში მოქცევა გახდა საჭირო. მათ შორისაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც. ამ მოცემულობამ კიდევ უფრო გაართულა შემოსავლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ოჯახების ყოველდღიური ყოფა.

სწორედ ამიტომ, თეთრიწყაროს LAG და RDFG აგროვებენ შემოწირულობებს თეთრიწყაროში მაცხოვრებელი მოწყვლადი ოჯახებისა და იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, არ აქვთ წვდომა ელექტრონულ სასწავლო მასალაზე და შედეგად ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: www.tetritskarolag.ge და www.rdfg.ge

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა 2017 წელს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს LAG ერთ-ერთია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებულ თორმეტ LAG-ს შორის. LAG არის მულტისექტორული პლატფორმა, რომელიც აერთინებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად თეთრიწყაროს LAG წარმოდგენილია 89 ადგილობრივი ადგილობრივი მაცხოვრებლით, სულ 20 თემიდან. მათ შორის არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები.

2018 წელს თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022 წლებისთვის. დოკუმენტით განსაზღვრულია თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება: 1. გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება; 2. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა; 3. სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; 4. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია. აღნიშნულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ამ დრომდე დაფინანსებულია 65 სოფლის განვითარების ინიციატივა 5 მლნ ლარის ოდენობით, რაც ჯამში მოიცავს პირდაპირ და არაპირდაპირ 48 562 ბენეფიციარს.