fbpx
Skip to main content

ევროპის გუნდი: ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

17/12/2021
  • ევროკავშირის ბანკი გამოყოფს 34 მილიონ ევროს საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის.
  • ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის გარანტით, საგარეო დაკრედიტების მანდატის ფარგლებში.
  • დაახლოებით 500,000 ადამიანი 1000 სოფელში ისარგებლებს სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესის განვითარებას.
  • ევროკავშირის მიერ გარანტირებული ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი, მხარს უჭერს საქართველოსთვის ციფრული კავშირის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფა და შორეულ დასახლებაში მცხოვრებ 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი,  როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმაგანაცხადა: საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და ასევე კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით უკვე დავიწყეთ ადგილზე რეალური სარგებლის მოტანა. ეს ფლაგმანურ პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული სხვაობის შემცირებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით დაახლოებით 1000 სოფლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში, ასევე ციფრული ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ეროვნული ფართოზოლოვანსტრატეგიის შესაბამისად.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „ჩვენი ინვესტიცია სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებში საქართველოს სოფლებისთვის უფრო მეტია, ვიდრე ევროპის გუნდის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხისა და ბიზნესის კეთების გასაუმჯობესებლად. ის მხარს უჭერს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მისი მდგრადი და ეკოლოგიური განვითარებისთვის. და ბოლოს, ეს ინვესტიცია პანდემიით დაზარალებული ეროვნული ეკონომიკის აღდგენას აძლიერებს. ევროპის გუნდთან, EU4Digital-თან, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე და აყვავებული საქართველოსთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს, რომ კიდევ ერთხელ შეიტანა წვლილი ამ მიზნის მიღწევაში, რომელსაც მთელი ევროპის გუნდი საქართველოსთან ერთად იზიარებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარებაა. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი, ჩვენ ამ მიზნისკენ ვისწრაფვით. ამ მისწრაფებას ადასტურებს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბოჭკოვან-ოპტიკური ქსელი საქართველოს სოფლებში“ (“Rural Fibre Network Georgia“). როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების ფარგლებში ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, ის ხელს შეუწყობს სოფლების ციფრულ განვითარებას, რაც საბოლოოდ აისახება მათ ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, იგი სრულად შეესაბამება საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის ეროვნულ სტრატეგიას და მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამას. მსურს მადლობა გადავუხადო ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პრიორიტეტული სექტორების წინსვლას“.

ევროპის გუნდი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს სწრაფვის გრძელვადიან სტრატეგიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს Open Net პროგრამის ფარგლებში საჭირო ციფრულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს და საქართველოს სოფლებში ხელს შეუწყობს და გააფართოებს ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებსა და საწარმოების წვდომას. Open Net პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყანაში ციფრული სხვაობის შესამცირებლად, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

Open Net პროგრამა არის Log-In Georgia პროექტის მთავარი კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კერძო პირებისა და საწარმოების წვდომას ხელს უწყობს. ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, Log In Georgia პროექტს ასევე გააჩნია პოტენციალი, ხელი შეუწყოს განათლებას, ჯანდაცვას და ფინანსურ სერვისებს, როგორც გაუმჯობესებული ფართოზოლოვანი კავშირის სარგებელს შერჩეულ სოფლებში; იგი ზრდის ქალების, სოციალური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ციფრულ ჩართულობას.

Log-in Georgia პროექტი და Open Net პროგრამა, როგორც მისი ძირითადი კომპონენტი, სრულად უჭერენ მხარს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას სტრატეგიის შემუშავებაში ორმაგი ტექნიკური დახმარება გაუწიეს. იგი მოიცავდა დახმარებას სამართლებრივი, პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების შემუშავებასა და ასევე ეროვნულ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების წახალისების სქემის შექმნაში.

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოში ევროკავშირის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ეფუძნება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით, რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა და პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მტკიცე მხარდაჭერით, ასევე პოლიტიკური დიალოგის, თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების მეშვეობით, ევროკავშირი  ძლიერი, დამოუკიდებელი და აყვავებული საქართველოს მხარდაჭერის ერთგული რჩება. ევროკავშირი კვლავ არის უმსხვილესი დონორი საქართველოში, სადაც ქვეყნის მასშტაბით160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, მიჰყევით ბმულს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:

ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს 2007 წლიდან უწყობს. დღემდე ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში უზრუნველყოფილი დახმარება 1.85 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს დახმარება აღმოუჩინა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები (1 მილიარდი ევრო),  მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოები (308 მილიონი ევრო), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგეტიკული პროექტები (23.5 მილიონი ევრო). COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად 2020 წელს ბანკმა საქართველოს 170 მილიონი ევრო გამოუყო.

საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას და რისკების გაზიარებას. ამჟამად, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის საგარანტიო პორტფელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების 382.9 მილიონი ევროს მოცულობის სესხებს მოიცავს. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. პროექტების დასაფინანსებლად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მიერ დაფინანსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში და რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემას.

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: თამრიკო მიქაძე, ელ.ფოსტა: Tamriko.mikadze@eeas.europa.eu,

ვებ-გვერდი: https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en

Twitter: @EUinGeorgia

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი: ტიბორ იონა, ელ.ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052

ვებ-გვერდი: www.eib.org/press – პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org

Twitter @eif_eu