fbpx
Skip to main content

როგორ ვმუშაობთ

ევროკავშირს საქართველოში დაახლოებით 140 მიმდინარე პროექტი აქვს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. თუმცა, საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკუსვლის გამო, მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური დახმარება შეჩერებულია. თუმცა, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დახმარების გაზრდის გზით, საქართველოს დემოკრატიული მდგრადობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის გასაძლიერებლად.

ზოგადად, ევროკავშირის მიერ დაფინანსების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით ხდება, რომელიც მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებსა და დარგის რეფორმირების მხარდამჭერ ხელშეკრულებებს. 

ევროკავშირი დახმარებას ძირითადად გრანტების სახით უზრუნველყოფს. ფინანსური დახმარების ეს ფორმა თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს და როგორც წესი, საგრანტო კონკურსის საფუძველზე გაიცემა. გრანტები არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის არის განკუთვნილი.

ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს სპეციფიკური ტექნიკური დახმარება ან აღჭურვილობა, რისთვისაც მას შეუძლია გამოაცხადოს ტენდერი.   ტენდერი ცხადდება შემდეგი სახის დახმარების უზრუნველყოფის მიზნით: 

  • მომსახურება (ტექნიკური დახმარება, კვლევები, და სხვ.)
  • აღჭურვილობა და მასალები
  • სამუშაოები (ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, და სხვ.)

„თვინინგი“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის  ინსტრუმენტი.

„თვინინგის“ პროექტები თავს უყრის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორების გამოცდილებას ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკუსვლის გამო საქართველოს საჯარო უწყებებთან „თვინინგის“ პროექტების გადახედვა მიმდინარეობს. 

ევროკავშირი უზრუნველყოფს სესხებს, გარანტიებსა და კაპიტალს, როგორც ფინანსური დახმარების ფორმებს, საკუთარი პოლიტიკისა და პროგრამების მხარდასაჭერად. წარსულში ევროკავშირი ძირითადად იყენებდა პირდაპირ გრანტებს პარტნიორი ქვეყნების განვითარების ხელშესაწყობად. ამჟამად, განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების მოცულობის გასაზრდელად, ევროკავშირი მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო ფინანსების მოზიდვას. მაგალითად, ევროკავშირი გასცემს სესხებს ყველა სახის ბიზნესებისთვის კვლევებისა და ინოვაციების განსახორციელებლად. ის ასევე უზრუნველყოფს გარანტიებს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან ბენეფიციარების მიერ სესხების ადვილად ან უკეთესი პირობებით მიღების ხელშესაწყობად. 

გარანტიებით ჩვენ ვიზიარებთ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებულ ინვესტიციებსა და სესხებთან დაკავშირებული რისკებს იმისათვის, რომ კერძო ინვესტორებმა და განვითარების ბანკებმა მეწარმეები ან განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები დააფინანსონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზარალის შემთხვევაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მის ნაწილს ევროკავშირი აანაზღაურებს.

დარგობრივი რეფორმების ხელშემწყობი ხელშეკრულებები წარმოადგენს საბიუჯეტო დახმარების ფორმას და ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. დახმარების ეს ფორმა ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს იმ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ხაზინაში, რომლებიც მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ რეფორმებს ახორციელებენ.

აღნიშნული ფინანსური დახმარების დანიშნულებაა შეთანხმებული პოლიტიკური შედეგების მიღწევა, რომლის მონიტორინგი პოლიტიკური დიალოგითა და ეფექტიანობის შეფასებით ხდება და რომელსაც თან შესაძლებლობების დამატებითი ღონისძიებებიც ახლავს.

2024 წელს, საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკუსვლის გამო, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება შეჩერებულია.

ევროკავშირმა დაფინანსების 2014-2020 წწ. პერიოდში საქართველოსთან ევროკავშირის თანამშრომლობის ეფექტიანობისა და ზემოქმედების დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. განვითარების მიზნით ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე შემფასებელთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა იმუშავა.

შეფასების შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საინფორმაციო დოკუმენტში.

დაბრუნება