fbpx
Skip to main content

ფერმერებს ხარჯები 30%-ით უმცირდებათ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის მეშვეობით

27/11/2023

თემურ ფსუტური გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში ცხოვრობს და ფერმერულ მეურნეობას მართავს. წლებია მისი ოჯახი მემარცვლეობას მიჰყვება. კოოპერატივის წევრებთან ერთად დაახლოებით 150 ჰა მიწის ფართობს ამუშავებს; მოჰყავთ ხორბალი, ქერი, მზესუმზირა. 

წლებთან ერთად ფერმერები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ –  ნიადაგის სტრუქტურა ნელნელა შეიცვალა და მოსავლიანობამაც იკლო. როდესაც ტრადიციულმა მეთოდებმა არ გაამართლა, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოცდა და დანერგვა გადაწყვიტეს: ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროქტში ჩაერთვნენ და მარცვლეული ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით დათესეს – ასე გახდნენ პროექტის ბენეფიციარები, რომელიც ENPARD -ის პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. პროგრამა გამიზნულია ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაისთვის. 

პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები საკუთარ მეურნეობებში. ნულოვანი დამუშავების დანადგარებით მიწის დამუშავებამ კი მათ ორმაგი სარგებელი მოუტანა: შეამცირა ხარჯები და გარემოზე ზეგავლენა, რაც საბოლოო ჯამში მიწის ნაყოფიერებაზე დადებითად აისახა.

პროექტის დასაწყისში არსებული სკეპტიციზმი მალე შეიცვალა, როდესაც ფერმერებმა კონკრეტული შედეგები დაინახეს:

“ევროკავშირის დახმარებით, საშუალება გვაქვს  ვისარგებლოთ ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით. ვიყენებთ სპეციალურ ტექნიკას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ნიადაგის დამუშავების გარეშე დავთესოთ: ხარჯები დაახლოებით 20%-30%-ით მცირდება”- აღნიშნავს თემურ ფსუტური.

ფერმერებს დაზოგვის საშუალებას სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით გამარტივებული პროცესი აძლევს: ნულოვანი დამუშავების მეთოდი მხოლოდ ერთ კომპონენტს მოიცავს და მიწა მოხვნასა და კულტივაციას  აღარ საჭიროებს, შესაბამისად, მცირდება საწვავისა და მექანიზაციის ხარჯები. 

ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია საქართველოში 200-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გამოიყენა. როგორც FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის საერთაშორისო სპეციალისტი ალესანდრა გუიდოტი ამბობს, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში 1500 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწა უკვე დამუშავებულია. 

გარდა ეკონომიკური ბენეფიტებისა, ნულოვანი დამუშავების მეთოდი თანამედროვე გამოწვევებსაც შესაბამისად პასუხობს. FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის საერთაშორისო სპეციალისტი კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებაზე აკეთებს აქცენტს. 

“ნაკვეთები უფრო მეტად მედეგია ეკოლოგიური რისკფაქტორებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ. წინა მოსავლის აღების დროს წარმოქმნილი ბუნებრივი ნარჩენი ნიადაგის ზემოთ რჩება, როგორც დამცავი ფენა, რაც მის გამძლეობას აუმჯობესებს ქარით, დატბორვითა და წვიმით გამოწვეული ეროზიების მიმართ. ამასთანავე, ნიადაგი უფრო მეტად ნაყოფიერი ხდება”,- აცხადებს ექსპეტი.

ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის მნიშვნელობა ბენეფიციარებს უკვე კარგად ესმით. თემურ ფსუტური ამბობს, რომ ახალ მეთოდზე ეტაპობრივად გადადიან, სამომავლოდ კი სრულად ამ ტექნოლოგიის დანერგვას აპირებენ.