fbpx
Skip to main content

„ყველა ადამიანი ცდილობს, რომ როგორმე ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ჩემი ყოველი მეორე დღე, ევროკავშირის მხარდაჭერით, უკეთესია!“ – ლაგოდეხში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტის ისტორია

18/02/2021

„მომწყინდა სახელმწიფოზე დამოკიდებულება და ვიფიქრე, ცოტას გავფართოვდები, იქნებ რამე გამომივიდეს მეთქი და გამომივიდა კიდეც. ვცდილობდი, რომ ყველა პრობლემა გადამეჭრა, ამასობაში კი გამოჩნდა ევროკავშირი და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი. რაც მთავარია, დღეს შემწეობაზე დამოკიდებული აღარ ვარ“ – სიამაყით აღნიშნავს თენგიზი.

ბერიძეები აჭარელი ეკომიგრანტები არიან. თენგიზი დაიბადა და გაიზარდა ხულოს რაიონში. 1989 წლის აპრილში ზემო აჭარაში მომხდარი მეწყერული ზვავის გამო მისი სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა. ამავე წლის ნოემბერში, ჩამოსახლებულთა გარკვეულმა ნაწილმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში მოიყარა თავი და ბარში განაგრძო ცხოვრება. გეოლოგიურად საფრთხისშემცველ ზონას დღეს უკვე კიტრის სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელი თენგიზიც გამოერიდა, თუმცა ჰერეთისკარში მცხოვრებებს ცოტა მოგვიანებით შემოუერთდა.

საბჭოთა საჯარო სამსახურის მოხდის შემდეგ, თენგიზ ბერიძემ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო განათლება, თუმცა სწავლას თავი მალევე დაანება და სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მეზობელ ქვეყანაში დასაქმებული იყო კომპანიაში, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გადაჰქონდა. მოღვაწეობის ამ პერიოდშივე შექმნა ოჯახიც, რომელიც კიტრის წარმოებაში დღეს მისი მთავარი პარტნიორია.

„ცოტა გვიან, 35 წლის ასაკში დავოჯახდი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არადროსო, ხომ გაგიგიათ? ახლა ბავშვები უკვე სკოლასაც ამთავრებენ.“ – აღნიშნავს თენგიზი.

ბერიძეების ოჯახმა საქართველოში დაბრუნება 2005 წელს გადაწყვიტა. თენგიზმა გარკვეული ტრამვის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა და ადრინდელ საქმიანობას სათანადოდ ვეღარ უძღვებოდა. საცხოვრებელი ადგილის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრიათ. ოჯახის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ახლობლების გარემოცვაში დაბრუნებას არაფერი სჯობდა. ჰერეთისკარში პატარა სახლი შეისყიდეს და ცხოვრება ლაგოდეხის პირობებში განაგრძეს.

„ვიყავი ჩვეულებრივი გლეხი. მე და ჩემი მეუღლე ვუვლიდით საკარმიდამო ნაკვეთს, ბავშვები დადიოდნენ სკოლაში. ვხნავდი და ვამუშავებდი მიწას, ვთესავდი ცოტა კარტოფილს, ბადრიჯანს, პომიდორსა თუ სხვა ბოსტნეულს, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ვიყავით“ – გვიყვება თენგიზი.

ჰერეთისკარში ბოსტნეულის წარმოებისთვის კარგი პირობებია. მოსახლეების უმრავლესობა სწორედ მებოსტნეობით არის დაკავებული, თუმცა ბერიძეების გამოწვევა არა მოუსავლიანი ნიადაგი, არამედ მოსავლის აღების პერიოდი იყო.

„პროდუქტი რაოდენობრივად ბევრი მოდის, თუმცა მოსავალს ვიღებთ მაშინ, როდესაც ბაზარზე ანალოგიური ბოსტნეულის სიჭარბეა. ასეთ დროს დაბალია პროდუქტის ფასი, შესაბამისად, ცოტაა ჩვენი შემოსავალიც. ბადრიჯანს, რომელშიც მთელი წლის განმავლობაში დიდ ენერგიასა და შრომას ვდებდი, 20 თეთრად ვაბარებდი“ – ამბობს თენგიზი.

ბერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა და დახმარების სახით თვეში 200 ლარს იღებდა. თენგიზს, მეორე ჯგუფის ინვალიდობის გამო, ასევე ეკუთვნოდა პენსია 100 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა ოთხსულიანი ოჯახის შესანახად არ იყო საკმარისი. გასავალი ბევრი იყო, შემოსავალი კი ცოტა.


თენგის ბერიძეს მუშაობა არასდროს დაზარებია, მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების უკეთესი გარემოებების ძიების პროცესში იყო. იცოდა, რომ გამოსავალი აუცილებლად არსებობდა, თუმცა შესაბამის მომენტსა თუ საშუალებებს უნდა დალოდებოდა. განვითარების შანსად მეწარმეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD დროულად მოევლინა.

„მომწყინდა სახელმწიფოზე დამოკიდებულება და ვიფიქრე, ცოტას გავფართოვდები, იქნებ რამე გამომივიდეს მეთქი და გამომივიდა კიდეც. ვცდილობდი, რომ ყველა პრობლემა გადამეჭრა, ამასობაში კი გამოჩნდა ევროკავშირი და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი. რაც მთავარია, დღეს შემწეობაზე დამოკიდებული აღარ ვარ“ – სიამაყით აღნიშნავს თენგიზი.

2016 წლის ნოემბერში, თენგიზ ბერიძე შემთხვევით გადააწყდა ინფორმაციულ ბუკლეტს, რომელიც ევროკავშირის მხარდამჭერი პროექტის შესახებ იუწყებოდა. მეწარმეს სიახლეების არ ეშინია, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიეღო. სწორედ ამ დროს თენგიზი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგა: ან სოციალურად დაუცველის სტატუსის შენარჩუნება ან ახალი ცხოვრების დაწყება და ბიზნეს პროექტის განხორციელება. მან თავად განაცხადა უარი სოციალურად დაუცველის სტატუსზე და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დღეს უკვე კიტრის სათბურს ხელმძღვანელობს.

თენგიზმა დაწერა სასათბურე მეურნეობის განვითარების პროექტი და განსახილველად ლაგოდეხის განვითარების ჯგუფს წარუდგინა. ჟიურიმ ინიციატივა მოიწონა და თენგიზს საშუალება მიეცა, ბიზნეს გეგმის შედგენის კუთხით გადამზადებულიყო. ტრენინგების შემდეგ მან უფრო დეტალური და დახვეწილი ბიზნეს გეგმის შემუშავება შეძლო, იმავე წლის გაზაფხულიდან კი მისი პროექტი ევროკავშირმა 18,000 ლარით დააფინანსა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, 800 კვადრატულ მეტრზე გაშენდა კიტრის სათბური, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი და გათბობის სისტემები და ფერმერმა დამატებითი ტექნიკაც შეიძინა. სათბური მინიმუმ 6 წლიან წარმოებაზეა გათვლილი.

„ შევიძინეთ ყველაფერი, რაც სათბურს სჭირდება. შევიძინეთ ყველაფერი და თან ხარისხიანი“ – აღნიშნავს თენგიზი.

თენგიზის სათბურის მთავარი ხიბლი მისი ენერგოეფექტურობაა. მეწარმემ კულტურულ ფარგლებში მოაქცია ის, რასაც სოფელში თითქმის ყველა აკეთებს, თუმცა უფრო პრიმიტიული ფორმით. სათბური თბება სპეციალური ნარევით, რომელიც წყალს 70 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინარჩუნებს.

თენგიზი აღნიშნავს, რომ ძალიან ეფექტური იყო ტრენინგები, რომლებიც ლაგოდეხის განვითარების ჯგუფისა და ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის „CARE” მეშვეობით გაიარა. მას შემდეგ, რაც ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დასრულდა, მეწარმე უშუალოდ საქმის კუთხით გადამზადდა: სახელმწიფოსთან ურთიერთობა, კულტურის მოვლა, საგადასახადო კანონები – მას ყველაფერი მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეასწავლეს.

„ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ინდ. მეწარმე ვარ და აღნიშნული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქამდე ასეთი ცოდნა არ მქონდა, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა კი წინსვლაში მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი. გარდა იმისა, რომ მეწარმისა და სახელმწიფოს ურთოერთობა შევისწავლე, სრულიად სხვა კუთხით შევხედე მცენარესთან ურთიერთობასაც. გადამზადების ფარგლებში გავიგე ბევრი რამ სხვადასხვა ნაერთის გამოყენების, დაავადების სიმპტომებისა თუ სხვა დეტალების შესახებ. მათ მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მე ჩემი საქმიანობა განმეხრციელებინა, დანარჩენი კი უკვე მხოლოდ ჩემზე და ცოდნის სათანადოდ გამოყენების უნარებზე იყო დამოკიდებული“ – აღნიშნავს თენგიზი.

მეწარმის მონდომებამ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ კიტრის სათბურმა წარმოება 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და თენგიზმა მხოლოდ საშემოდგომო მოსავალის აღება მოასწრო, ბერიძეების შემოსავლები მაინც გაიზარდა. მეწარმემ 4 თვეში აიღო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სახელმწიფო მას მთელი წლის განმავლობაში უხდიდა, როგორც სოციალურად დაუცველს. დღეს თენგიზი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მეწარმეა!

15 მეტრიან მინი სათბურში მეწარმეს ჯერ ნერგი გამოჰყავს. პარალელურ რეჟიმში დიდი (800 კვ.მ) სათბური იხვნება და ფხვიერდება. მაშინ, როდესაც მინი სათბურიდან ნერგი დიდ სათბურში თავსდება, საჭიროა დამატებითი სითბო და ტერიტორიის პოლიეთლენის პარკებით შეფუთვა. აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება მოსავლის აღება. მოსავლიანობა ივლისის ბოლომდე გრძელდება, აგვისტოში კი კიტრი ხელმეორედ ითესება. ასე მუშაობს სათბური ორ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სეზონებზე.

ბერიძეების ოჯახი შხამ-ქიმიკატების მაგივრად იყენებს ორგანულ ნაერთს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. თავად თენგიზმა აღნიშნულის შესახებ ჰერეთისკარში ახლობლისგან შეიტყო. მას ასეთი ცოდნა არ ჰქონდა, ზემო აჭარის ბუნებრივი პირობების გამო სათბურში წარმოებაზე ჰერეთისკარში ცხოვრებამდე არც არასდროს უფიქრია.

ბერიძეების სათბურის უპირატესობა და შემოსავლიანობის ძირითადი მიზეზი არის სწორედ ის, რომ სათბურში მოყვანილი კიტრის მოსავალი მოდის მაშინ, როდესაც ბაზარზე მსგავსი პროდუქტის სიმცირეა. თენგიზი მოსავალს იღებს ორჯერ – ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. ამ დროს კიტრს უფრო მაღალი ფასი აქვს, შესაბამისად, მეტია ოჯახის შემოსავალიც. თენგიზი და მისი მეუღლე ყოველდღიურად მუშაობენ, თავისუფალ დროს კი საქმეში ბავშვებიც ერთვებიან. თუ ოჯახი გარკვეულ საქმეს დროის სიმცირის გამო ვერ უმკლავდება, დამატებით ადამიანურ რესურსს იხმარს და ორი ან სამი თვის განმავლობაში 3-4 ადამიანსაც ასაქმებს.

„ბავშვები ყოველდღიურ საქმიანობაში მცირე დატვირთვით მეხმარებიან. ამით შრომას სწავლობენ და მუშაობას ეჩვევიან. როცა ფული ჩნდება, მოთხოვნილებებიც იზრდება. ახლა მეც შევეცდები, ბავშვებს უფრო მეტი სურვილი დავუკმაყოფილო“ – აღნიშნავს თენგიზი.

თენგიზის ინიციატივამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებაზე. დღესდღეობით ბევრი მისი ახლობელი თუ თანასოფლელი ცდილობს, განავითაროს წარმოება, ჩაერთოს ევროკავშირის პროექტებში და საკუთარ ძალები სხვადასვა სფეროში მოსინჯოს.

ბერიძეები განუწყვეტლივ ითვისებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ცდილობენ, კიდევ უფრო დახვეწონ საკუთარი წარმოება. ჯერჯერობით ოჯახს მხოლოდ კიტრი მოჰყავს, თუმცა თანდათანობით პროდუქტის ჩანაცვლებაზეც ფიქრობენ. ეს, შესაძლოა, იყოს პომიდორი, ბადრიჯანი თუ სხვა… ყოველი შემთხვევისთვის, სათბური მებოსტნეობაზეა გათვლილი.

„აუცილებლად დავრგავ სხვა ბოსტნეულსაც და შევეცდები, ბიზნესიც გავაფაროო. კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ, შევეცდები მინიმუმ პომიდვრისთვის ცალკე სათბური გავაკეთო. თანხის მოძიებას ვაპირებ ისევ ამჟამინდლი ბიზნესიდან – მოგებას ისევ ბიზნესში ჩავაბრუნებ და მეორე სათბურს გავაკეთებ, წარმოებას გავფართოებ“ – ამბობს თენგიზი.

კიტრის სათბურის საწყისი მოსავალი ადგილობრივ ბაზარს აკმაყოფილებს. როცა მოსავლიანობა იზრდება, ბერიძეების ოჯახი გადამზიდავებთანაც თანამშრომლობს და პროდუქტი თბილისის ბაზარზეც გააქვს. ლაგოდეხის რაიონის მასშტაბით სათბურის შესახებ თითქმის ყველამ იცის და ხშირად შეკვეთებითაც ყიდულობენ.

„საზღვარგარეთ ექსპორტზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა რომ მოვღონიერდები, მერე აუცილებლად ვიფიქრებ“ – აღნიშნავს თენგიზი.

მთელი წლის განმავლობაში ამ სათბურს ჯერ არ უმუშავია, შესაბამისად, ზუსტი მოსავალი ჯერ დათვლილი არ არის. 2018 წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება, ინდ.მეწარმის მოგებაზე ვისაუბროთ, თუმცა ერთი სეზონის შემოსავლები უკვე წინსვლასა და განვითარებაზე მიუთითებს.

„ENPARD რომ არ ყოფილიყო? ვიქნებოდი ისევ სოციალურად დაუცველი და ვიფიქრებდი, რითი გამეუმჯობესებინა ცხოვრება. ვიქნებოდი ძიებაში, მხოლოდ მე თვითონ პირობებს ვერანაირად შევცვლიდი. ახლა კი ბევრი შანსი მაქვს!“ – აღნიშნავს თენგიზი.

ავტორი: თეა ღვინაძე