fbpx
Skip to main content

როგორ აქცია 22 წლის აბრამი თუშეთის სიყვარულმა სოციალურ მეწარმედ

26/12/2022

“მთაში რომ ვართ, ვცხოვრობთ თუშეთში და ბარში რომ ვბრუნდებით, ვცხოვრობთ თუშეთით“, – 22 წლის აბრამი მიყვება როგორ მიიყვანა თუშეთის სიყვარულმა სოციალურ მეწარმეობამდე. ამ ისტორიაში ასევე გიყვებით, როგორ იქცა მისი თუშური სახლი საოჯახო სასტუმროდ და როგორ დაიწყო თუში ახალგაზრდების გიდებად გადამზადება.

აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, სოფელ ზემო ალვანში, ძველ თუშურ სახლში, ახალდაფქვილი ყავის მადისაღმძვრელი სუნია. დედა – შვილი, თამარი და აბრამი, საღამოს სტუმრებს ელოდებიან – ტურისტებს ბელგიიდან.

ეზოში, კივის ხეივანზე, ძველი თუშური ფარდაგია გადაფენილი. „ოფელია და ქალანე“ – თეთრი ძაფით ამოუქარგავს ვიღაცას ხალიჩაზე.

აბრამის ბებიების მოქსოვილი, ძველი თუშური ხალიჩა

„ოფელია ბებიაჩემი იყო, მამაჩემის დედაქალანე კი პაპაჩემის ძმის ცოლი. ოფელია და ქალანე ძმების ცოლები იყვნენ და ეს ფარდაგი ერთად მოუქსოვიათ“, – მიხსნის აბრამი.

აბრამ იდიძე 22 წლისაა. მწვანე თვალებით და ღია ფერის თმით. ეზოში, ქვის კიბეზე ზის და გატაცებით მიყვება ამ სახლის ისტორიას.

ძველი თუშური სახლიდან სოფლის კანტორამდე

სახლი, რომლის ეზოშიც ვსხედვართ, აბრამის დიდ პაპას აუშენებია:

„ბოლშევიკები რომ მოსულან, ჩემი პაპა და ბებია გაუკულაკებიათ. სახლი წაურთმევიათ და სოფლის კანტორად უქცევიათ. ბებია მიყვებოდა, ათი წლის მერე, როცა დავბრუნდით, ყველა ოთახში სტალინისა და ლენინის პორტრეტები ეკიდაო. პაპაჩემს უთქვამს, ვიდრე მაგ სურათებს არ ჩამოყრით, მე არ შემოვალო“.

აბრამის მთელმა ბავშვობამ ბოლშევიკებისა და გაკულაკების ისტორიების მოსმენაში გაიარა:

„ჩემს ოჯახში სულ მესმოდა, გაკულაკება, დახვრეტა, რეპრესიები, გადასახლება… ჩემი თანატოლებიდან არავინ რომ არ იცოდა ეს ამბები, მე ყველაფერი ზეპირად ვიცოდი“.

მთაში, სოფელ დართლოში დაბადებული თუში ოფელია, რომელიც ბარში პირველად 14 წლისა ჩამოიყვანეს, აბრამს ბევრს უყვებოდა თუშეთზეც.

აქედან იწყება აბრამის განსაკუთრებული დაინტერესება ისტორიით და მისი დიდი სიყვარული თუშეთისადმი.

სახლში მოწყობილი მუზეუმი

12 წლის ასაკში აბრამმა გადაწყვიტა სახლში, მუზეუმი მოეწყო. ეს ამბავი პირველად ბებიას უთხრა. ოფელიას შვილიშვილის იდეა მოეწონა.

ბებიამ და შვილიშვილმა, ოჯახის სხვა წევრების დახმარებით, სახლის უკან, ერთი ოთახი გაათავისუფლეს. მუზეუმში გამოსაფენად ნივთები სოფლებში, ზემო და ქვემო ალვანში შეაგროვეს. ეს იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც თუშების ცხოვრებას აღწერდა.

ძველი თუშური ვერცხლის ნივთები

ბებიას მუზეუმისთვის თავისი მზითევი, ძველი თუშური ვერცხლეულიც გადმოულაგებია – ქალის მოსართავები, კაცის საღილეები, საქამრეები და ცხენების აღკაზმულობა.

„როდესაც ბოლშევიკები შემოსულან, ეს სამკაულები კედელში დაუმალავთ და ასე გადაარჩინეს“, – მიხსნის აბრამი.  

მაშინ, ათი წლის წინ, როდესაც იდიძეების სახლში მუზეუმი გაიხსნა, საქართველოში ახლად იდგამდა ფეხს შიდა ტურიზმი. რეგიონებში მოგზაურობა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. აბრამის მუზეუმს მნახველი არ აკლდა იშვიათად, მაგრამ მიდიოდნენ უცხოელებიც.

სტუდენტობა, თბილისი და პანდემია – როგორ ეხმარება CENN სოციალურ მეწარმეებს

მუზეუმმა რამდენიმე წელს იარსება. სკოლის დამთავრების შემდეგ აბრამმა ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა და საცხოვრებლად დედაქალაქში, თბილისში გადავიდა.

22 წლის აბრამი

მალე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მეორეკურსელი აბრამი უკან, ზემო ალვანში დაბრუნდა.

„სოფელში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. შემთხვევით ინტერნეტში ორგანიზაცია CENN-ის განცხადებას წავაწყდი – საგრანტო კონკურსი იყო გამოცხადებული სოციალური მეწარმეებისთვის“.

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი, ორგანიზაცია CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, 2020 წლის გაზაფხულზე  გამოაცხადა.

პროექტს „CENN, Green Lane (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (საქართველო) ახორციელებენ. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა და განვითარება, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების გზით.

აბრამმა განაცხადი შეავსო და პასუხს დაელოდა.

განაცხადის გაგზავნიდან მალევე აბრამს დაურეკეს. უთხრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იყო გადასული და ბაკურიანში, აქსელერაციის (გადამზადების) ეტაპი უნდა გაევლო.

ბაკურიანში პროექტის მონაწილეები მენტორებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას სწავლობდნენ, მათ შორის, როგორ უნდა ექციათ იდეა ბიზნესიდეად, როგორ უნდა შეედგინათ ბიზნესგეგმა.

„იქამდე რიცხვებისგან ძალიან შორს ვიყავი. თავიდან მეგონა, რომ ვერ შევძლებდი – ბიზნესგეგმა, ბიუჯეტი, ექსელი, არაფერი გამეგებოდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა“…

მაგრამ, გამოუვიდა.

ბაკურიანიდან დაბრუნებულმა აბრამმა თავისი იდეა ბიზნესიდეად აქცია, ბიზნესგეგმა დაწერა და სოციალურ კონცეფციაზე დაიწყო ფიქრი. კონკურსი სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

აბრამის ბიზნესიდეა

აბრამმა ორი მიმართულება დაამუშავა. გადაწყვიტა სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაეკეთებინა და ალვანელი ახალგაზრდა გიდები გადაემზადებინა.

იდიძეებს ალვანში ორსართულიანი სახლი კი ჰქონდათ, მაგრამ, მეორე სართულს შეკეთება სჭირდებოდა. იმ სართულზე არც სველი წერტილი იყო. საკუთარი სახსრებით ამის მოწესრიგებას კი, როგორც თამარი ამბობს, რომ არა ევროკავშირის ეს დახმარება, ვერასდროს შეძლებდნენ.

თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო. აბრამის მთავარი იდეა ალვანელი ახალგაზრდების გიდებად გადამზადება იყო. აბრამი ამბობს, რომ ბევრმა, მათ შორის, უკვე გიდებმაც, არც თუშეთის ისტორია იცოდნენ აბრამივით ზედმიწევნით და არც ინგლისური.

„ამ ბოლო წლებში, რაც თუშეთი ტურისტულ რუკაზე გაჩნდა, ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება. სეზონზე ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მაგრამ, პრობლემაა ის, რომ აქაურმა, ადგილობრივმა ახალგაზრდა გიდებმა ინგლისური ენა არ იციან. ენის ცოდნის გარეშე კი რთულია“

აბრამმა გადაწყვიტა გიდებისთვის ინგლისურიც ესწავლებინა და თუშეთის ისტორიაც:

„თუშეთის მთელი ხიბლი მისი ისტორიაა. ამიტომ, მიზნად დავისახე, რომ ჩემს სოციალურ საწარმოში ახალგაზრდა გიდები ჩემსავით „მომეწამლა“ თუშეთის სიყვარულით. ჩვენ, თუშებს, თუშეთი სხვანაირად გვიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. მთაში რომ ვართ, ვცხოვრობთ თუშეთში და ბარში რომ ვბრუნდებით, ვცხოვრობთ თუშეთით“.

აბრამის იდეა დაფინანსდა. ახალგაზრდა მეწარმემ ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღო. მისი პროექტის ჯამური ღირებულება 30 322 ლარი იყო.  

 „მიღებული თანხით ჩვენი სახლის მეორე სართული სრულიად შევცვალეთ, გავარემონტეთ, სველი წერტილი მოვაწყვეთ, სამზარეულოს ტექნიკა შევიძინეთ და სახლი საოჯახო სასტუმროდ იქცა“, – ამბობს აბრამის დედა, თამარ გოგოთიძე.

აბრამმა კი, მეგობართან ერთად, გიდების გადამზადებისთვის სპეციალური მოდული შექმნა, მასალები მოიძია, მიღება გამოაცხადა და გიდების პირველი ნაკადის გადამზადება დაიწყო.

პირველი სტუმრები და პირველი გიდები

აბრამმა და თამარმა პირველი სტუმრები ივნისში მიიღეს. ჩეხი ტურისტები.

ჯამში, ეკო საოჯახო სასტუმრო „ალონს“, ერთდროულად ათი ადამიანის მიღება შეუძლია. ღამისთევის ფასები 30 ლარიდან იწყება. ღირებულება ოთახსა და სერვისებზეა დამოკიდებული. საუზმისა და ვახშმის მომსახურების შემთხვევაში, ფასი იზრდება.

იდიძეები ტურისტებს მათივე მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდებიან.

სასტუმროს მეორე სართულის ფოიეში თუშური წინდები და წიგნები დევს, ქართულ და ინგლისურ ენებზე. იქვე, ძველი ფირსაკრავი დგას.

თუშეთში ასვლამდე ტურისტი თუშეთის ხიბლს ამ ფოიედანვე გრძნობს.

სტუმრების მომსახურება თამარის საქმეა. აბრამი გიდების გადამზადებას ხელმძღვანელობს.

პირველი ხუთი გიდი უკვე გადამზადებულია. სწავლება, პანდემიის გამო, ონლაინ იყო. აბრამი გიდებს თუშეთის ისტორიას, თუშების ცხოვრების წეს-ჩვეულებებს აცნობდა. მისი მეგობარი კი ინგლისურს ასწავლიდა.

22 წლის აბრამი

ხუთიდან სამი დამწყები გიდი იყო. ორმა კი გიდობის შესწავლა ნოლიდან დაიწყო. სასწავლო პროცესი თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდა.

ხუთივე ალვანელი ახალგაზრდა ახლა უკვე ველზეა – პირველ ტურებს მასპინძლობენ.  

 მომავალ წელს აბრამი კიდევ ხუთი გიდის გადამზადებას აპირებს. ფიქრობს, რომ ეს თუშეთსაც წაადგება და ზემო ალვანელ ახალგაზრდებსაც.

გეგმები კიდევ ბევრია და ყველაფერი ისევ თუშეთსა და ისტორიასთან კავშირში.

აბრამი გეგმავს, თუშების სათემო საბჭოსთან და თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად წოვა-თუშური ენის გადარჩენაზე იმუშაოს. ამით, სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებას გააძლიერებს.

სასტუმროს მდგრადობისთვის კი აბრამს უნდა, მისი ტურისტული ბიზნესი სეზონური აღარ იყოს:

„გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე უღელტეხილი იკეტება და თუშეთში ასვლა შეუძლებელია. მინდა რომ ჩვენი სასტუმრო მთელი წელი მუშაობდესამიტომ, მომავალში ღვინის ტურიზმის მიმართულებით ვგეგმავთ მუშობას, სახლში მარანს მოვაწყობთ და ჩვენივე ღვინის წარმოებას დავიწყებთ“, – მეუბნება და იქვე ამატებს, რომ არც ისტორიის სწავლის მიტოვებას აპირებს:

„მაგისტრატურაში მინდა ჩავაბარო. რა თქმა უნდა, ისევ ისტორიის ფაკულტეტზე. ამას კითხვაც არ უნდა“ – ამბობს აბრამი. თბილისისკენ მომავალს კი გზად მაწევს, რომ შემდეგში მის საყვარელ თუშეთში მელოდება.