ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სანერგე მეურნეობებს Covid-19-ის პირობებში საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში ეხმარებიან
კერძო სანერგე მეურნეობების ოცზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პირველ სამდღიან ტექნიკურ ვებინარში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. ვებინარის საშუალებით მონაწილეებმა შეისწავლეს მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგების წარმოების სტანდარტები და საქართველოში სანერგე მასალების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შექმნაზე იმსჯელეს.
ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ქართული წარმოების ნერგების შესაბამისობა მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ხარისხის ახალი სტანდარტები სავალდებულო საქართველოს სანერგე მეურნეობებისთვის 2024 წლიდან გახდება.
ეს მოთხოვნები ასევე დაარეგულირებენ იმპორტს და ექსპორტს და ამ დარგში საკანონმდებლო სტაბილურობას შექმნიან. კერძოდ, შესაძლებელი იქნება დაბალი ხარისხის ნერგების იმპორტის თავიდან აცილება. გარდა ამისა, ახალი მოთხოვნები საქართველოს სანერგე მეურნეობებს საერთაშორისო ბაზრებს გაუხსნიან და საკუთარი პროდუქციის ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანის შესაძლებლობას მისცემენ.
ვებინარის ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებმა „ნერგებისა და სათესლე მასალების ასოციაციის“ შექმნასა და ბიზნეს სექტორთან თანმშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
ნუნუ მოსიაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის მენეჯერმა, შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა: „საქართველოს ფერმერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხილისა და ყურძნის ადგილობრივად წარმოებული, სერტიფიცირებული ნერგების შეძენა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებიან ისინი დარწმუნებული, რომ მათ მიერ შეძენილი და გამოყენებული სანერგე მასალა მართლაც მაღალი ხარისხისაა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირი აგრძელებენ ადგილობრივი სანერგე მეურნეობების მხარდაჭერას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესრულების საქმეში“.
აღნიშნული ვებინარი პირველია ტრენინგების იმ სერიიდან, რომელიც სანერგე მეურნეობებს ჩაუტარდებათ შემდეგ საკითხებზე: სანერგე და სასათბურე მეურნეობების მართვა; მავნებლების მონიტორინგისა და მავნებლებთან ბრძოლის პრინციპები; ნერგების ჯიშობრივი სიწმინდის და იდენტურობის უზრუნველყოფის პრინციპები; საქმისწარმოება.
ვებინარები ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს სხვა სააგენტოები, კერძო სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად ახორციელებენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ბიზნესის ხელშეწყობის უფრო ფართო პროექტის – EU4Business-ის ნაწილია, რომლის მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება.