AGRODEALS – როგორ გავიტანოთ პროდუქტი ქვეყნის გარეთ
AGRODEALS.NET ონლაინ სავაჭრო პლათფორმაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო სექტორში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა. აერთიანებს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალოდ და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, სასაწყობო მეურნეობებს და ყველა იმ ადამიანს – რომელსაც აგრო პროდუქტების წარმოება, შესყიდვა-გაყიდვის ბიზნეს ინტერესი აქვს.
AGRODEALS.NET ეხმარება ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, იპოვნონ სამომავლო პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გააუმჯოესონ საკუთარი საქმიანობა.
ონლაინ პლათფორმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში – „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლათფორმის შექმნით“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახორციელებს.
პროექტის მენეჯერი – ნანა ქაშაკაშვილი, რომელიც ამავდროულად, GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ პროექტი დიდწილად დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართულ ადამიანებს – „საექსპორტო ბაზრის მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების განვითარებისთვის. ონლაინ პლათფორმა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს პოტენციური მყიდველი და გამყიდველი, დაეხმაროს დისტრიბუტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს. მისი მიზანია, შექმანს თანამედროვე, მოქნილი ონლაინ გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყრის თავს და ხელმისაწვდომი იქნება ერთიან სივრცეში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეუწყობს ხელს აგრო-ბიზნესის განვითარებას, რადგან ექსპორტი მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
როგორც ნანა აღნიშნავს, AGRODEALS.NET-ი დაინტერესებულ ადამიანებს ამ მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციას შესთავაზებს. საიტზე დარეგისტრირებულ მეწარმეებს დაეხმარება კომუნიკაციაში, რათა მათ მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნა, დაკავშირება და შეთანხმება.
პროექტის კოორდინატორი, სერგო თურმანიძე ამბობს, რომ ონლაინ პლათფორმა გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია – „მეწარმეებს ონლაინ პლათფორმაზე პროდუქტის განსათავსებლად მხოლოდ რეგისტრაცია სჭირდებათ, რაც ორი გზითაა შესაძლებელი – ან თავად ვებ.გვერდზეა მოცემულ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებენ, ან უფრო მარტივად, სოციალური ქსელით, ფეისბუქით გაივლიან ავტორიზაციას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლათფორმა თავს მოუყრის ყველა საჭირო ინფორმაციას აგრო ბიზნესის შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხს, მისცემს უამრავ შესაძლებლობას, სწრაფად აითვისონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, გაეცნონ ტენდეციებს და გამოიყენონ სხვადსხვა პროგრამები თავიანთი შესაძლებლობების გასაზრდელად“.
ერთ-ერთი პირველი ქართელი მცირე მეწარმე, რომელიც AGRODEALS.NET-ზე დარეგისტრირდა, მეღვინე ქალი თამარ დიღმელიშვილია. თამარს კახეთში, გურჯაანის სოფელ შაშიანში საკუთარი მარანი აქვს – „თამარის მარანი“.
თამარი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალებას სთავაზობს. როგორც თვითონ გვიყვება, სწორედ ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ევროკავშირის პროექტისა და AGRODEALS.NET-ის მიზნების შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ, ონლაინ პლათფორმაზე დარეგისტრირდა და საკუთარი პროდუქციაც განათავსა.
თამარმა მერვე წელია, რაც საკუთარი ღვინის ბრენდი ,,თამარი” შექმნა, რომელსაც ასევე საკუთარ მარანში აყენებს. ,,თამარის “ ბრენდის ღვინო არაერთი საერთოშისო ფესტივალის გამარჯვებულია: – „ჩემი ღვინო წარმატებით სარგებლობს და აქვს რამდენიმე საერთაშორისო აღიარება, მოვიპოვეთ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თუმცა წარმატების მიღწევა მცირე მეწარმეებისთვის, მით უფრო, მეღვინეობის სფეროში, ძალიან რთულია“.
თამარი თქმით, თავიდან, კონკურენციის პირობებში, გაუჭირდა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება. თუმცა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიციის გაგრძელების სურვილი იყო ის, რის გამოც ბარიერებს შეეჭიდა.
„გლეხის ოჯახში დავიბადე, მამაჩემისთვის, როგორც ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვაზი, ვენახი და ზოგადად, მეღვინეობა, არამარტო საქმიანობასთან, არამედ ტრადიციასთან ასოცირდებოდა. მე, პირადად, ხუთი წლიდან ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ვაზის მოვლის ოპერაციებში, ისე ყურძნის დაწურვისა და შენახვისას. უკვე მოგვიანებით, როცა მამა ასაკში შევიდა და მიხვდა, თავად აღარ შეეძლო, გაძღოლოდა მეღვინეობას, მაჩუქა ვაზის 10 რიგი, პატარა ვენახი და ანდერძად დამიტოვა სიტყვები, რომ ოჯახში მე უნდა გამეგრძელებინა მეღვინეობის ტრადიცია. ეს სიტყვები გახდა ის, რის შემდეგაც ვცდილობდი, შემენარჩუნებინა დანატოვარი და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამეფართოვებინა“, – გვიყვება თამარ დიღმელიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ ოჯახის ტრადიციის გაგრძელება გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მცირე მეწარმეობა გადაწყვიტა.
მამის დანატოვარი ვენახი მალევე გააფართოვა, – შეიძინა მიწა, სადაც გააშენა სხვადასხვა იშვიათი ვაზის ჯიში – ქისი, ხიხვი და ასევე, ფრანგული ჯიშის ყურძენი – შარდონე. ამბობს, რომ ის ერთადერთი მეღვინე ქალია საქართველოში, რომელიც შარდონეს ქვევრში აყენებს და დიდი მოწონებით სარგებლობს იმ ტურისტებშიც, რომლებიც ჩემს მის მარანს სეზონურად სტუმრობენ.
„იმდენი შევძელი, რომ ჩემი ღვნისა და მარნის შესახებ საქართველოში გაეგოთ. ჩავერთე „ღვინის გზაშიც“. ეს გზა ჩემთვის რთული იყო იმიტომაც, რომ ქალი ვარ. მეღვინეობა მემკვიდრეობით, ჯერ კიდევ ვაჟზე გადადის. იშვიათად, თუ ამ სფეროში ქალი გადაწყვეტს ჩართვას. მეც, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მამას ვაჟი არ ყავდა, შემთხვევით მხვდა წილად ამ ტრადიციის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია გაძღოლა, მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვი თავი“, – გენდერული ბარიერის გარდა, თამარი იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც მცირე მეწარმეებისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა:
„იქიდან გამომდინარე, რომ მეღვინეობა შემოსავლის წყაროს გარდა, ტრადიციაა და ძვირფასია მაცხოვრებლებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება ამ საქმიანობას. მაღალი კონკურენციის პიროებში, ფინანსებისა და სხვადასხვა გრანტის მოძიებაც ძალიან რთულია, არა და, საწყის ეტაპზე, ეს ძალიან საჭიროა. გარდა ამისა, კონკურენცია ღვინის ფასზეც მოქმედებს, რაც ძალიან დაბალ მოგებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მცირე მეწარმეების გადასარჩენად“, – ასე აფასებს მცირე ბიზნებისის პრობლემებს თამარ დიღმელიშვილი და ევროკავშირის მხარდაჭერილ საპილოტე პროექტზე ონლაინ სავაჭრო პლათფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს:
„როცა ამ პროექტის შესახებ შევიტყე, მიხვდი, რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოჩნდა, საერთაშორისო ბაზარზე ჩემი ღვინის ექსპორტისთვის. საიტზე ძალიან მალევე დავრეგისტრირდი და მაქვს მოლოდინები, რომ ჩემს ბიზნეს ძალიან დაეხმარება. ექსპორტი არის გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ონლაინ პლათფორმის საშუალებით გაცილებით მარტივდება საჭირო კონტაქტების მოძიება, უცხოელებიც მარტივად გპოულობენ, ინტერესდებიან შენით და შესაბამისად, გაყიდვებიც იზრდება. საერთაშორისო ბაზარს მცირე მეწარმეებისთვის სტაბილურობის შექმნა შეუძლია. თანამშრომლობა მარტივია, რადგან კომპანიებს ზუსტად აქვთ გათვლილი თავიანთი საჭიროებები, ღვინის მწარმოებლებისთვის კი ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა წინასწარ იცის, როგორია მის პროდუქტზე მოთხოვნა. სტაბილური ურთიერთბა ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ – აღნიშნავს თამარი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი ონლაინ სავაჭრო პლათფორმა AGRODEALS.NET-ი მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნების ფერმერებსა თუ მეწამრეებს შეუძლიათ დარეგისტრირება, ვებგვერდით სარგებლობა და ონლაინ ვაჭრობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაინტერესებულ ადამიანს:
„ქართელი ბულგარელი და რუმინელები უკვე რეგისტრირდებიან. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ეს საპილოტე პროექტი, დაეხმარება მეწარმეებს, შექმნან მაღალი ხარისხის პრდუქცია, გაიტანონ ქვეყნის გარეთ და გაზარდონ მათი წარმოების მასშტაბები. პროექტის მიზნებიდან გამომდინარებ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო-ბიზნეს სექტორში ჩართულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ და ასევე მარტივად შეძლებენ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნას, დაკავშირებასა და ერთანეთთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას“, – აღნიშნავს სერგო თურმანიძე.
გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემას, AGRODEALS.NET გვერდში უდგას მეწარმეებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დამატებითი ინფრომაციისთვის ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.agrodeals.net, ასევე გაეცანით ვიდეორგოლს, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ონლაინ სავაჭრო პლათფორმა AGRODEALS.NET https://www.agrodeals.net/asset/intro-ka.mp4
ავტორი: თამარ კურატიშვილი