ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის
თუ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრებით და მოიკითხავთ ფერმერ ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა, აუცილებლად მიგასწავლიან მამულს, სადაც ლიუდმილა (ლუდა) მანუილოვა ცხოვრობს.
თბილისში დაბადებულმა ექიმმა, მას შემდეგ რაც მეუღლესთან ერთად საქართველოს მიტოვებული სოფლები მოინახულა, გადაწყვიტა კახეთში აგრობიზნესი წამოეწყო. და ასე, ბერძენი, აგრონომი მეუღლის გამოცდილების, ლუდას მონდომებისა და ქართული მიწის მოსავლიანობის წყალობით, დღეს ისინი ცნობილი ფერმერები არიან.
კახეთში რვა წლის წინ გადმოსახლდნენ, ერთი კომბაინით, უამრავი გეგმითა და მიზნით, ჰქონოდათ სამაგალითო ნაკვეთი. მეუღლეები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ორივე მიისწრაფის განვითარებისა და ზრდისკენ. როგორც ლუდა იხსენებს, სწორედ დაუშრეტელმა ინტერესმა და აგრონომიის სიყვარულმა მიიყვანა ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტამდე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. თავად პროექტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში“ სამ ძირითად საქმიანობას ითვალისწინებს, ესენია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება, მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა და გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება.
ლუდა ამბობს, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ფერმერები ვერ ახერხებენ მოსავლის ხელსაყრელ პირობებში აღებას, რაც გამოწვეულია მოძველებული მიდგომებით და მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების დეფიციტით. თავად ოჯახი ამ ეტაპზე ფლობს ტექნიკას, რომლითაც ფერმერებს ეხმარება, ასევე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 50 ჰექტარ ფართობზე აწარმოებს სიმინდს. 2 წლის განმავლობაში FAO-ს ექსპერტებისა და აგრონომების მხარდაჭერით, მათ მოსავალი 40%-ით გაზარდეს და ხარისხიც გააუმჯობესეს, პარალელურ რეჟიმში კი სამეურნეო ხარჯები შეამცირეს, 30%-ით, ეს კი ერთ-ერთი მაგალითია, თუ რატომ უნდა დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, მაგალითად, ნიადაგის მინიმალური დამუშავების პრაქტიკა, რომელიც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ნაკლები საწვავის მოხმარებას საჭიროებს, ასევე ეფექტურია დროის დაზოგვის კუთხით.
„ადგილობრივი ფერმერები ხშირად ვერ ვახერხებთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებას, რადგან მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, მიწოდება კი შედარებით მცირე. ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერით, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მუშაობისას სწორედ მსგავსი პრობლემები გადავჭერით. ნაკლები ფინანსური თუ ადამიანური რესურსით მივიღეთ უფრო მეტი მოსავალი, თანაც ისე, რომ ჩვენზე კლიმატურმა პირობებმა და მავნებლებმა გავლენა ვერ მოახდინა“ – ამბობს ლუდა მანუილოვა.
როგორც ფერმერი ქალი გვიყვება, კახეთში მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატი, კერძოდ გვალვები, რომელთა საზიანო შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სარწყავი სისტემის ქონა, რაც ჩვეულებრივი გლეხისთვის ფუფუნებაა. ევროკავშირის და FAO-ს ექსპერტების ერთ-ერთი მისია სწორედ ესაა – დაეხმარონ ადგილობრივებს რაც შეიძლება ნაკლები რესურსით მიიღონ სასურველი შედეგი. გარდა ინდივიდუალური რჩევებისა, აგრონომები ატარებენ ტრენინგებს, სადაც ფერმერები ეცნობიან მოსავლის მიღების ახალ გზებსა და საშუალებებს, იმ ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობით მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.
ამ ზაფხულს, ლაგოდეხში იგეგმება ფერმერთა დღე, რომლის ფარგლებშიც პროექტის წარმომადგენლები და ფერმერები ერთმანეთს სიახლეებს გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, ლუდა სამზადისში აქტიურადაა ჩართული. თავის მხრივ მისგან სიახლეებს მეორე მხარეც ელოდება – ფერმერის ოჯახმა ახლახანს მიიღო ევროკავშირის 60%-იანი გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს სილოსის საწარმოებლად საჭირო დანადგარის შესყიდვას. სილოსი პირუტყვისთვის აუცილებელი ბიოლოგიურად სუფთა საკვებია, რომლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ნაწილი ლუდას ოჯახმა საზღვარგარეთ უკვე შეიძინა, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროა შესაფუთი დანადგარი, რომლის წყალობით დამზადებული სილოსის შენახვის ვადა 5 წლამდე იზრდება. ამ დახმარების შედეგად, საქართველოში დაახლოებით 70% სილოსის წარმოებას ლუდას კომპანია უზრუნველყოფს.
ქართველი ფერმერი ქალი ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს, პირიქით, სურს უფრო მეტი გააკეთოს, აღმოაჩინოს, შეისწავლოს. კახეთში თავს ბედნიერად გრძნობს, უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და მადლიერია, რომ ნაკლები ნერვიულობა უწევს, რადგან ირგვლივ ჰყავს კვალიფიციური ადამიანები, რომელთა დახმარების იმედი ყოველთვის აქვს.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. ამ მეთოდის გამოყენებით, ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავწარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რასაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ტენიანობის შენარჩუნებაში.
მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი