fbpx
Skip to main content

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მისი დონორები მხარს უჭერენ საქართველოს გასტრონომიულ თავგადასავალს

24/08/2020

ქართული გემოს, კულტურისა და ისტორიის ზეიმი „ბარბარესთან“

თბილისში, მშრალი ხიდის ბაზრობაზე სეირნობისას, აუცილებლად აღმოაჩენთ დამალულ, აქამდე უცნობ განძს. 2015 წელს, სწორედ ამ ბაზრობაზე ნაპოვნმა წიგნმა მიაწოდა მაკა ჯიბუტს წარმატებული ბიზნეს იდეა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და მისმა დონორებმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს და მის რესტორანს – „ბარბარესთან“ გაფართოებასა და საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარნენ.   

მაკას მიერ ნაპოვნი წიგნი „სრული სამზარეულო“ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში გამოიცა. მისი ავტორია ბარბარე ჯორჯაძე, ქართველი დიდგვაროვანი, მწერალი და საქართველოში ქალთა უფლებების დამცველი. მის კულინარიულ წიგნში 800-ზე მეტი კერძის ორიგინალური რეცეპტია.

ამ წიგნმა მაკას უბიძგა, საკუთარი საოჯახო რესტორანი ქართული კულინარიული წიგნის ავტორის საპატივსაცემო ადგილად გარდაექმნა. ასე დაიწყო რესტორნის ისტორია, რომლის სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ბარბარეს სტუმარი”.

წარსულში მოგზაურობა

“წიგნი მხოლოდ რეცეპტების კრებული არ არის. ის არის ჩვენი გზამკვლევი მე-19 საუკუნის საქართველოში, რომლისგანაც  ძალიან ბევრს ვიგებთ სალონური ცხოვრების შესახებ. მე ვთვლი, რომ ჩვენ ელჩები ვართ, რადგან ეს კულტურა დღევანდელ ცხოვრებაში გადმოგვაქვს“, ამბობს მაკა.

რესტორანი, ტრადიციული სუფრებით,  ძველი ლამპებითა და პოეტური და მელოდიური ძველი სიმღერებით, იდილიურ ატმოსფეროს ქმნის. რესტორნის მფლობელებს სამზარეულო წიგნი ეხმარება არა მხოლოდ სეზონური მენიუს შექმნაში, არამედ სივრცის მოწყობასა და მომსახურების დაგეგმვაში.

რესტორანი სტუმრებს სთავაზობს ახალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადებულ, აუთენტური დასახელების მქონე უჩვეულო კერძებს კულინარიული წიგნიდან.

წარმატებასთან ერთად დაფიქრების დროც მოვიდა. სტუმრების რაოდენობისა და დაინტერესების ზრდასთან ერთად, კომპანიას სჭირდებოდა როგორც კერძების, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაფართოებაზე ზრუნვა. ევროკავშირის,  შვედეთის და EBRD-ის მცირე ბიზნესის გავლენის ფონდისმიერ დაფინანსებულიევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა (EBRD) ქალები ბიზნესში კომპანიას სწორედ ამ კუთხით დაეხმარა.

ქალით შთაგონებული მზარდი ბიზნესი

„საკონსულტაციო პროექტი დაგვეხმარა ჩვენი საქმიანობის ორგანიზებაში, პროცესების, მენიუსა და შესყიდვების მართვაში,“ აღნიშნავს მაკა. „დღეს ჩვენ გვაქვს სამომავლო განვითარების გეგმა“. 

პროექტის შედეგად, რესტორნის ადგილების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, „ბარბარესთან“ მუდმივი განვითარების პროცესშია, კომპანია ყურადღებას მიმართავს იმ მიმართულებებზე, სადაც საჭიროა მეტი ძალისხმევა და შესაბამისი სამოქმედო გეგმები. ყველაფერი ეს კი უახლოს მომავალში საზღვარგარეთ მსგავსი  რესტორნის გახსნის მიზანს ემსახურება.

„ბარბარე ჯორჯაძით ჩვენი აღფრთოვანება აიხსნება იმით, რომ იგივე ღირებულებების მატარებლები ვართ. ის ძალიან ბევრს წერდა ქალების თანასწორობაზე. მან წარმატებით შეძლო მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოში ფრანგული გემოს შემოტანა და ამ ყველაფრის აღწერა, აგრეთვე პრაქტიკული რჩევების მოცემა, ისეთის მაგალითად, როგორიცაა სადღესასწაულო სუფრის გაწყობა“. 

მარტის თვეში რესტორანი “ბარბარესთან“ ისევე, როგორც კვების სხვა ობიექტები საქართველოში, პანდემიის გამო დაიხურა. თუმცა, ოჯახი კვლავ აგრძელებდა მუშაობას იმისათვის, რომ ბიზნესი არ გაჩერებულიყო და მომხმარებლებს მიწოდების სერვისი შესთავაზა. რამდენიმე თვის შემდეგ რესტორანი, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნელ-ნელა ხსნის საკუთარ კარს სტუმრებისთვის.

მაკა და მისი ოჯახი ცდილობს ფართოდ გაავრცელოს ბარბარე ჯორჯაძის ცოდნა და გამოცდილება. რამდენიმე წლის წინ მათ მონაწილეობა მიიღეს „სრული სამზარეულოს“ ბოლო გამოცემის მომზადებაში. ქართული ანბანით შთაგონებულებმა, მათ გამოსცეს 33 ქართული კერძის რეცეპტისგან შემდგარი კულინარიული წიგნი, რომელიც გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე იყო წარდგენილი.

ახლა ისინი საკონდიტრო ხაზის გაშვების ახალი თავგადასავლისთვის ემზადებიან. საქართველოს სამზარეულოს, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მისია გრძელდება.

*EBRD-ის მცირე ბიზნესის გავლენის ფონდის დამფინანსებლები არიან იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი და აშშ.

ავტორი ნინა ცინცაძე