10 წელი არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, არბიტრაჟი კომერციული დავების მოგვარების ალტერნატიულ გზას სთავაზობს კომპანიებს.
არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან 10 წლის თავზე, საქართველოს არბიტრებმა და მართლმსაჯულების სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არბიტრაჟის განვითარების სამომავლო გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არბიტრაჟის, როგორც კომერციული დავების მოგვარების მექანიზმის განვითარების გზაზე და ამ სფეროს ღირსეული პროფესიონალების მომზადებაც შეძლო. სამომავლო ამოცანებს შორისაა კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება და არბიტრაჟის მიმართ ნდობის გაზრდა.
ონლაინ შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ თანხვედრაშია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან. კანონი ეფუძნება გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) მიერ შემუშავებულ მოდელურ კანონს.
„არბიტრაჟის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების შედეგად, საქართველომ სტაბილურ წინსვლას მიაღწია არბიტრაჟის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბების საქმეში“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ამ რეფორმების შენარჩუნება და გაღრმავება დაანახებს ბიზნესს, რომ კომერციული დავების მოგვარება შესაძლებელია სამართლიანობისა და ეფექტიანობის პრინციპების დაცვით“.
„ქართულმა არბიტრაჟმა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც 2010 წელს საქართველომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონი მიიღო“, – განაცხადა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფიო ტყემალაძემ. „ჩვენი შემდგომი ნაბიჯია არბიტრთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, კერძო სექტორის ინფორმირება არბიტრაჟის შესახებ, ნდობის გაზრდა ამ პროცესის მიმართ და საქართველოს, როგორც რეგიონული თუ საერთაშორისო დავების გადაწყვეტის ადგილის პოპულარიზაცია“, – დასძინა მან.
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია 2013 წელს დაფუძნდა, რამაც ახალი ბიძგი მისცა არბიტრაჟის განვითარებას. 2014 წელს ასოციაციამ შეიმუშავა არბიტრთა ეთიკის კოდექსი, ხოლო 2018 წელს შეიქმნა არბიტრთა ასოციაციის დისციპლინური კომისია და ამოქმედდა დისციპლინური წარმოების დებულება. 2020 წელს ასოციაციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოს წამყვან საარბიტრაჟო ცენტრებთან საარბიტრაჟო წარმოებისას ეთიკის ნორმებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის შესახებ.
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, გასულ წლებში გაიზარდა საარბიტრაჟო ცენტრების მიერ განხილული ადგილობრივი და საერთაშორისო დავების რაოდენობა, ამოქმედდა არბიტრების აკრედიტაციის პროგრამა, დაინერგა შესაბამისი სასწავლო მოდულები, ხოლო არბიტრაჟის სწავლების საქმეში საქართველოს უნივერსიტეტები ჩაერთნენ, რამაც შესაძლებლობა მისცა ქართველ სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო შეჯიბრებში, მაგალითად იმიტირებულ სასამართლოებში. 2015 წლიდან, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კონფერენცია არბიტრაჟის დღეები თბილისში, რაც გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არბიტრებს.
„დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს განვითარებას და უცხოური ინვესტიციების ზრდას“, – განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში დავების მოგვარების ალტერნატიული გზების – მედიაციისა და არბიტრაჟის – განვითარებას, რადგან მართლმსაჯულებაზე მრავალმხრივი და მარტივი წვდომა მნიშვნელოვანია როგორც სამოქალაქო, ასევე ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.“
ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის (UNCITRAL) მდივანი ანნა ჟუბენ-ბრეტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კიურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
არბიტრაჟის განვითარების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კერძო სექტორის ინფორმირებულობა არბიტრაჟის შესახებ კვლავ დაბალია. ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ქართული კომპანიების 50 პროცენტზე მეტს არ სმენია არბიტრაჟის შესახებ. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათი უმეტესობა აცხადებს, რომ კომერციული დავის შემთხვევაში სასამართლოსთან შედარებით არბიტრაჟს მიანიჭებდა უპირატესობას. არბიტრაჟის მომხმარებელთა 90 პროცენტი ამბობს, რომ კმაყოფილია როგორც მიღწეული შედეგით, ასევე არბიტრაჟის წარმოების პროცესით.
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ საქართველოში დავების ალტერნატიულ მოგვარების მექანიზმების – მედიაციისა და არბიტრაჟის – განვითარებას. ეს დახმარება ევროკავშირის მასშტაბური პროგრამების, EU4Justice და EU4Business ფარგლებში ხორციელდება და მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას და კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.
საკონტაქტო ინფორმაცია
სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu