ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივ ინიციატივას იწყებენ საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად
ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გააძლიერებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების შესაძლებლობებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ სამწლიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ბავშვების ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების შესახებ საქართველოში, მათი უფლებების დაცვა და რეალიზაცია. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის დაცული და მზრუნველი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფასა და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს.
პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ახლახან მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტს განახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტია 2 მილიონი ევრო.
„უკვე მრავალი წელია ევროკავშირი მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველში. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ევროკავშირისა და UNICEF-ის ხელშეწყობით ახლახან შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას UNICEF-თან საქართველოს ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც უკეთესი სერვისებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს” – განაცხადა, სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.
„ბავშვის უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების რეალიზების მიზნით შესაბამისი პოლიტიკისა და სისტემების გაძლიერებაზე. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა მთავრობას განავითაროს სერვისები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, კანონთან კონფლიქტში მყოფი და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის. ჩვენთვის სასიხარულოა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციის დახმარება დაუცველი ბავშვებისა და მათ ოჯახებისათვის უკეთესი მომსახურებებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
„ევროკავშირის მადლიერი ვართ, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის“, აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას, ბავშვების მზრუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრებას და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას.“
კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ოჯახებისა და ბავშვების დაუცველობას. აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.
ამას გარდა, პროექტი
- გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.
- მის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
მართლმსაჯულების დარგში, პროექტის შედეგად დამატებით სპეციალიზაციას შეიძენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალები (პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები), დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად, და ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების საქმეებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი და ბავშვების სარეაბილიტაციო სერვისები, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია
2005 წლიდან, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში 2005 წელს არსებული 4100-იდან, 2020 წელს — 77-მდე. 900-ზე მეტი ბავშვი რჩება არასახელმწიფო დაწესებულებებში. ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება; ბავშვების 69 პროცენტის მიმართ იყენებენ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს, ბევრი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება მისაღებია და რომ დასჯის ფიზიკური მეთოდები უფრო ეფექტიანია, ვიდრე აღზრდის/მშობლობის არაძალადობრივი მეთოდები.
2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. რეფორმამ ხელშესახები შედეგები გამოიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის. 2010 წელს განრიდების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამამ დახმარება გაუწია 4 000-ზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას. ამის მიუხედავად, საჭიროა მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა განრიდებული არასრულწლოვნებისათვის და კოორდინაციის გაძლიერება სხვადასხვა სპეციალისტებს შორის.
***
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში tamriko.mikadze@eeas.europa.eu
მაია ქურციკიძე, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,
ტელ.: +995 599 533071, mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.org/georgia, თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-ზე და Facebook-ზე