ევროკავშირის და წალკის LAG-ის მხარდაჭერით მრავალსაუკუნოვან წალკაში თანამედროვე სასტუმრო გაიხსნა
თუ შენც იმ მოგზაურთა ჯგუფს მიეკუთვნები, რომლებსაც დღის განმავლობაში კლდეებისა თუ გამოქვაბულების აღმოჩენა სწყურია, საღამოს კი კომფორტულ საწოლს არაფერი ურჩევნია, მაშინ დროა გეზი წალკისკენ აიღო. მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების, ყურღანებისა თუ ციხესიმაგრეების „დარაჯი“ ეთნიკურად მრავალფეროვანი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ხელგაშლილი ელოდება კომფორტის მოყვარულ მოგზაურებს და თუ შენ ჯერ კიდევ ყოყმანობ, დამიჯერე – წალკა შენს გაოცებას შეძლებს!
დღესდღეობით, მოკლე ვიზიტისა თუ გრძელვადიანი მოგზაურობის დროს, ყოველთვის გვსურს საფუძვლიანად შევისწავლოთ ახალი გარემო და რაც შეიძლება სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. ღირსშესანიშნაობებით დატვირთულ წალკაში კი ეს ყველაფერი სრულებით შესაძლებელია. მითუმეტეს ახლა, როცა სულ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა, თემურ მგელაძემ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით არსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და დაშბაშის კანიონის მიმდებარე ზონაში, რომელიც ასევე ქ.წალკის ცენტრალურ მოედანს მიეკუთვნება, კეთილმოწყობილი, 3 სართულიანი სასტუმრო, “Home+”გახსნა. აქ ვიზიტორს სასიამოვნო გარემოს გარდა იზიდავს შესაძლებლობა, ისარგებლოს გიდის სერვისითა თუ დახვედრა-გაცილების მომსახურებით.
„რადგან მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული სასტუმროების რაოდენობა მწირია, გაგვიჩნდა იდეა ჩვენ შეგვეთავაზებინა ეს სერვისი ბაზრისთვის. დაფინანსების მიღებამ ჩვენი ოცნება რეალობად აქცია. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროექტის წარმომადგენლები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყველა დეტალს“ – გვიყვება თემურ მგელაძე.
თემურს საქმიანობაში ეხმარება ინგლისურისა და რუსული ენების ფლობა, ასევე ღირსშესანიშნაობათა შესახებ ინფორმაციის ცოდნა. სასტუმროს ყველა ნომერს აქვს სამზარეულო, თუმცა სურვილისამებრ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კვების სერვისითაც. აღნიშნულ ობიექტზე თემურის გარდა მასპინძლობას კიდევ ორი ადამიანი გაგიწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურთა მოყვარულებს უნიკალური ადგილებისკენ უწევთ გული, დამეთანხმებით წალკა არც ისე ხშირად გვხდება ტურისტულ მარშრუტებში, თუმცა თუ ერთხელ მოხვდებით რეგიონში, იგრძნობთ, რომ მუნიციპალიტეტს უამრავი შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამ რესურსების გაღვიძების მიზნით წალკის მუნიციპალიტეტში მუშაობს წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და ორგანიზაცია CENN, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკეთესობისკენ ცვლიან მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას – წალკის LAG ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სხვათა მხარდაჭერით მუდმივ რეჟიმში განიხილავს პროექტებს, იმუშავებს სტრატეგიებს, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი 214-ს შეადგენდა. მათგან დაფინანსდა 13 პროექტი, რომელთა შორის ვხვდებით როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებების პროექტებსა და სათემო ინიციატივებს. წალკაში არსებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას, ქალთა გაძლიერებას და შედეგად რეგიონში ეკონომიკის განვითარებას, სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ისახავდა თემურ მგელაძის იდეაც, რის გამოც იგი ფინალში გავიდა.
„თემურ მგელაძის პროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ხელს შეუწყობს წალკის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. მხარს დაუჭერს და გააძლიერებს წალკაში თანამედროვე და ხარისხიანი ტურისტული სერვისის, ამ შემთხვევაში განთავსების, საშუალებას. მიმაჩნია, რომ წალკის მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი სერვისების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – ამბობს წალკის პროექტის მენეჯერი, მელანო ტყაბლაძე.
გარდა იმისა, რომ ადგილობრივთა დაფინანსება წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი იყო, პროექტის ბენეფიციართა აზრით, ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ კორონავირუსის პანდემიის დროს შეიძინა – ადამიანებს რეგიონში განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
„პანდემიის დროს ყველა ოჯახი მეტ-ნაკლებად განიცდიდა ფინანსურ სიდუხჭირეს, მრავალ ადამიანს წაერთვა შანსი განეხორციელებინა დაგეგმილი საქმიანობები. პირადად ჩემი ოჯახისთვის, რომ არა პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსება, ამ ეტაპზე ვერანაირად შევძლებით სასტუმროს “Home+” გახსნას. გრანტი ჩვენთვის იყო მოტივატორი დაგვეწყო სასურველი საქმიანობა. კარგია, რომ დღეს არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობას სტიმულს, იმედსა და შესაძლებლობას აძლევენ“ – აღნიშნავს თემურ მგელაძე.