fbpx
Skip to main content

ქართული დაფნის ფოთოლი ევროკავშირის ბაზარზე EU4Business-ის მხარდაჭერით მიემგზავრება

19/04/2021

კარგად დამკვიდრებული ბიზნესიც კი, საბოლოოდ, შიდა ბაზარს მიღმა გაფართოებისკენ მიისწრაფვის. თუმცა, ექსპორტი ამბიციაზე მეტს მოითხოვს, რაც ბაზრის ტენდენციების ცოდნასა და კაპიტალზე წვდომას მოიცავს.

გიორგი მელუამ, მეწარმემ გურიიდან, საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობების განვითარების გზა სწორად განჭვრიტა.  იგი წლების განმავლობაში უძღვებოდა საოჯახო ბიზნესს, რომელიც ხილისა და სამკურნალო მცენარის ადგილობრივი მწარმოებლისთვის ნედლეულის დამუშავებასა და მიწოდებას მოიცავდა. საერთაშორისო ბაზრის საჭიროებების მოკვლების შემდეგ, მელუამ დაფნის ფოთლის მწარმოებელი საკუთარი კომპანია Black Sea Laurus დააარსა. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით, ქართველმა მეწარმემ სამეწარმეო შესაძლებლობებისა და სივრცის გაფართოება, თანამედროვე დანადგარების შეძენა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრება შეძლო. შედეგად, Black Sea Laurus-მა შექმნა ახალი მუდმივი და 100-მდე სეზონური სამუშაო ადგილი და გავიდა ექსპორტზე ევროპის ბაზარზე, რასაც წარმოებისა და შემოსავლების გაორმაგებაც მოჰყვება.

დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დაფნის ფოთოლი აღიარებულია მისი სტაბილური ხარისხის, გამორჩეული სურნელისა და ინტენსიური არომატის წყალობით. A და C ვიტამინების, რკინის, კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობასთან ერთად, დაფნის ფოთოლი ასევე მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების დაშლასა და საჭმლის სწრაფ მონელებას.

გურიაში, ისევე როგორც შავი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილში, დაფნის ფოთლების შეგროვების საქმიანობა საუკუნეებს ითვლის.  ადგილობრივი მემცენარეები მოსავალს დიდ მწარმოებლებს აბარებენ. მელუამ, რომელმაც ბაზარზე დაფნის ფოთოლზე გაზრდილი მოთხოვნა კარგად შეისწავლა, ამ მიწოდების ჯაჭვში ჩართვის შესაძლებლობა დაინახა.

„ვინაიდან ჩემს ოჯახს ხილის ნედლეულის დამუშავების დიდი გამოცდილება ისედაც ჰქონდა, მე გადავწყვიტე, ბედი წარმოებაშიც მეცადა“, იხსენებს გიორგი მელუა, Black Sea Laurus-ის დამფუძნებელი.

პლატფორმა ფერმერებსა და ექსპორტიორებს შორის

მეწარმეს გაუმართლა და მალევე მიიღო დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარების გეგმებისთვის, რაც ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოებას აფერხებს ხოლმე. საკუთარი ინვესტიციის, ბანკის სესხისა და APMA–ს მიერ დაფინანსებული პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმეებისთვის“ დახმარებით, მელუამ დაფნის ფოთლის ქარხანა 2017 წელს, გურიის სოფელ ნიგვზიანში ააშენა. დაფნის შემგროვებელი, დამახარისხებელი და საშრობი პირველი ეტაპის დანადგარების წყალობით, კომპანიამ მოახერხა და ფერმერებსა და ექსპორტიორებს შორის შუამავალ პლატფორმად გადაიქცა.

„მალე, ახლომდებარე სოფელ ნიგვზიანში არსებული ქარხნისთვის პროდუქციის ჩაბარებით შავი ზღვის სანაპიროს მეტი ფერმერი დაინტერესდა, ვინაიდან მათთვის საცხოვრებელთან ახლოს ტრანსპორტირება უფრო კომფორტული იყო“, ამბობს გიორგი მელუა.  „პლანტაციებსა თუ ბაღებში მოკრეფილმა ჩვენმა მაღალი ხარისხის დაფნის ფოთოლმა დიდი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ყურადღებაც მიიქცია. თუმცა, სივრცისა და საწარმოო შესაძლებლობების სიმცირის გამო, Black Sea Laurusარ იყო მზად, რომ ამ მოთხოვნისთვის სათანადოდ ეპასუხა“.

ტრანსფორმაცია საერთაშორისო ექსპორტიორად

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი კომპანიას გაფართოებაში 31,250 ევროს ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დაეხმარა. Black Sea Laurus-მა 70კვმ შენობის აშენება და დამატებითი დანადგარების შეძენა შეძლო, რამაც კომპანია შუამავალი მომწოდებლიდან საერთაშორისო ექსპორტიორად აქცია.

„დამატებითი საშრობი მოწყობილობა შევიძინეთ, რამაც საშუალება მოგვცა, პროდუქციის ხარისხი ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნილებებისთვის მოგვერგო, მოლაპარაკებები პირდაპირ საერთაშორისო პარტნიორებთან გვეწარმოებინა და მათი მიმწოდებლები გავმხდარიყავით“, აღნიშნავს მიხეილ მელუა,Black Sea Laurus-ის გენერალური დირექტორი. „უფასო ტექნიკური დახმარების შედეგად, HACCP-ის უსაფრთხოების პრაქტიკა დავნერგეთ, მეტი შევიტყვეთ ევროკავშირის სტანდარტების შესახებ და გადავამზადეთ გუნდის წევრი, რომელიც პროდუქციისა და საწარმოო პროცესების ხარისხს აკონტროლებს“.

Black Sea Laurus-ის წარმოება, დასაქმება და შემოსავალი იზრდება

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, Black Sea Laurus-მა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 15%-იანი ქეშბექი მიიღო, რაც კვლავ ბიზნესის განვითარებაში ჩააბრუნა. საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიის მუდმივი თანამშრომლების რიცხვი 16-დან 24-მდე გაიზარდა – მათი უმრავლესობა ქალია. მოსალოდნელია, რომ ტექნიკური გადაიარაღების შედეგად, სეზონური თანამშრომლების რაოდენობა, ნედლეულის მომწოდებლების ჩათვლით, 100-დან 200-მდე გაორმაგდება. მიხეილ მელუას პროგნოზით, 2021 წლის აპრილში, დაფნის სეზონის დასასრულს, წარმოების მოცულობა გაორმაგდება და კომპანია 400ტ გადამუშავებულ ნედლეულსა და 80ტ მზა პროდუქტს მოითვლის, რაც, თავისთავად, შემოსავლების გაორმაგებასაც განაპირობებს.

Black Sea Laurus-ის 100% ნატურალური დაფნის ფოთოლი არავითარ ქიმიკატებსა თუ დანამატებს არ შეიცავს. მზა სასურსათო პროდუქტების, სამკურნალო საშუალებების, კოსმეტიკისა და არომათერაპიის პროდუქციის წარმოებაში მეტად მოთხოვნადმა პროდუქტმა საერთაშორისო ყურადღება უკვე მიიპყრო.  Black Sea Laurus-თვის ევროპაში ექსპორტის კარი გაიღო და საწარმომ 10ტ დაფასოებული დაფნის ფოთოლი უკრაინაში გააგზავნა. სამომავლოდ, კომპანია საკუთარი პლანტაციების გაშენებას აპირებს და მეტ საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მოლოდინშია.