fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გაიხსნა

17/11/2021

დაახლოებით 2 წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე იყალთოს საბავშვო ბაღს შეშის ღუმელებით ათბობდნენ. ოთახებში განთავსებული გამათბობლები, ცხადია, მთელი შენობისთვის საკმარისი არ იყო. შედეგად, ზამთრობით, საბავშვო ბაღის მხოლოდ 40% თბებოდა.

ეს იქამდე იყო, სანამ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში, სწორედ იყალთოს საბავშვო ბაღი იყო ერთ-ერთი შენობა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 800 ათას ლარს აჭარბებს, შენობის სრულ თერმომოდერნიზაციას,  ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. ასეც მოხდა – იყალთოს საბავშო ბაღი, ამ ზამთარს, სრულად გათბება. თანაც, ამისთვის შეშის ან ბუნებრივი აირის გამოყენება საჭირო აღარ იქნება.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შენობაში ბიომასით გათბობის ცენტრალური სისტემა გაიყვანეს, შეშა კი სოფლის მეურნეობის ნარჩენით, კერძოდ, ვაზის ნასხლავით ჩაანაცვლეს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. შედეგად, ყოველწლიურად, ასობით ათასი კილოვატ საათი ენერგიის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხარჯები კი 60%-ით შემცირდა.

სწორედ ვაზის ნასხლავის, ანუ წალმის მოსაპოვებლად და გადასამუშავებლად, პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ევროკავშირისგან ტექნიკა გადაეცა – ორი ტრაქტორი, წალმის შემაგროვებელი და დამაქუცმაცებელი . შეგროვებული და დაქუცმაცებული წალამი ინახება სპეციალურად მოწყობილ საწყობში. ამ გზით, განახლებადი ენერგიის მიწოდების სრული ჯაჭვი შეიქმნა. ამ ტიპის ბიომასის მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ მას შეშაზე 1,5-2-ჯერ მაღალი წვის ტემპერატურა გააჩნია, 1 ტონა წალამს კი, დაახლოებით, 3,6 მ3 შეშის ან 550 მ3 ბუნებრივი აირის ჩანაცვლება შეუძლია.

იყალთოს საბავშო ბაღის დირექტორი, ნინო ბოტკოველი მიიჩნევს, რომ „ბაღში შეიქმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ბავშვებმა მშვიდ, სუფთა და კომფორტულ გარემოში გაატარონ მთელი დღე და სიხარულით მოეშურებოდნენ ბაღისკენ. შექმნილი კომფორტი – მთლიანი შენობის გათბობა, ცხელი წყალი და ვენტილაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარის მანძილზე,  რადგან ბავშვების სეზონურ ავადობას შეამცირებს.“

გარდა შეშის განახლებადი ენერგორესურსით ჩანაცვლებისა, შენობის ენერგოეფექტურობის მისაღწევად, განათებისა და ვენტილაციის სისტემებიც შეიცვალა. ენერგოეფექტური LED სანათების დამონტაჟების შედეგად, ელექტროენერგიის დანახარჯები განათებაზე 5-ჯერ შემცირდება. აქვე, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, რომელიც, ფანჯრების გაღების გარეშე, ოთახებს სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს. საბავშვო ბაღში დამონტაჟებული მზის წყალგამაცხელებელი ყოველდღიურად უზრუნველყოფს 200 ლ. წყლის გაცხელებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს“ მიერ, თელავის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა. გარდა იმისა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები ჯანსაღ, კომფორტულ გარემოში აღმოჩნდნენ და ენერგოდანახარჯებიც შემცირდა, მსგავსი ტიპის ინიციატივები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობაში წვლილი შეაქვს.

პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფონზე იძენს, რომ თელავის მუნიციპალიტეტი მერების შეთანხმების ხელმომწერია, რომელიც ქალაქს, 2030 წლისთვის, CO2 ემისიების 30%-მდე შემცირებას ავალდებულებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მერების შეთანხმებას, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შერბილების, მის შედეგებთან შეგუებისა და მდგრადი ენერგეტიკული განვითარების თაობაზე. პროექტის მიზანი ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულებისა და სათბური გაზების ემისიების შემცირებაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაა.

იყალთოს საბავშვო ბაღის გარდა, პროექტი თელავის N1 საბავშვო ბაღის რეაბილტაციასაც მოიცავს, რომელიც, თელავის მუნიციპალიტეტში, რიგით მეორე ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა იქნება.