fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში 26 საჯარო შენობა ენერგოეფექტური გახდება

24/11/2021

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა ერთ-ერთია იმ 26 საჯარო შენობას შორის, რომელიც, ევროკავშირის პროექტის – „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება“ ფარგლებში, ენერგოეფექტური გახდა. შენობის ორი ბლოკის განახლების შედეგად, ახლა სკოლის გათბობა გამარტივდა და გაიაფდა. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კი, სამომავლოდ, სკოლის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას მოხმარდება.

ჩატარებული სამუშაოები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ისეთ ცვლილებებს მოიცავს, როგორებიცაა სახურავსა და შენობის გარე კედლებზე სათბოიზოლაციო ღონისძიებების გატარება, გათბობის სისტემის რეკონსტრუქცია, გათბობის მილების თბოიზოლირება. საკლასო სივრცეებში ვენტილაციის მიზნით კი, ლოკალური სავენტილაციო სისტემა დამონტაჟდა, ინდივიდუალური რეკუპირაციული აგრეგატების გამოყენებით.

პროექტის განმახორციელებლები იმედოვნებენ, რომ, ენერგიის დაზოგვით, შენობების განახლებაში ინვესტირებული თანხის ამოღება ხუთ წელიწადში მოხერხდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, ენერგოეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგად კი, შენობების ბენეფიციარ 10,000 ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს, მასწავლებლებს და მუნიციპალური შენობების თანამშრომლებს, უკეთესი სამუშაო და სასწავლო გარემო ექნება. პროექტის დასრულება 2022 წელს იგეგმება.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ენერგოეფექტურობის პრინციპები კი საქართველოს მასშტაბით, სამ სხვადასხვა კლიმატურ ზონაში, 26 საჯარო შენობაში ინერგება. პროექტს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, E5P-ს და სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანი ენერგიის დაზოგვა, შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვა და ენერგოეფექტურობის მიღწევაა.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული შენობების უმეტესი ნაწილის მთავარი ბენეფიციარები ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ისინი ენერგოეფექტური ღონისძიებების მნიშვნელობას პატარა ასაკიდანვე გააცნობიერებენ. მათი სასწავლო გარემო კი გაუმჯობესდება და ენერგოეფექტური ღონისძიებებით დატვირთული იქნება“, – განმარტავს „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტის მენეჯერი ანანო თავდგირიძე და აღნიშნავს, რომ, პროექტის შედეგად, ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში ენერგომოხმარება და შენობების მოვლა-შენახვის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. 1.120 ტონით ნაკლები იქნება CO2-ის ემისიაც. ჰაერში ნაკლები ნახშირორჟანგის გაფრქვევა კი გარემოზე ნეგატიურ გავლენას შეამცირებს.

როგორ მიიღწევა ეს ყველაფერი? – ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლებში, ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებში სახურავების, კედლებისა და მილების იზოლაციას აუმჯობესებს; მონტაჟდება მზის პანელები და ახალი სავენტილაციო სისტემები;  ძველი განათებები იცვლება LED ნათურებითა და თანამედროვე გარე განათების სისტემებით.