fbpx
Skip to main content

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

19/11/2021

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმოებს, თავიდან მცირე საწარმო იყო, თუმცა შემქმნელებს კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდათ — დაარსებიდან მოკლე ხანში ბრენდმა უცხოურ ბაზარზე გასვლაც შეძლო.

“ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში Playtime Paris, სადაც გამყიდველები და მყიდველები ერთმანეთს ხვდებიან. იქ უცხოელი მყიდველებისგან ჩვენი კომპანიისადმი დიდი დაინტერესება ვიგრძენით. ჩვენი ბრენდის გაყიდვების უმეტესობა სწორედ ექსპორტზე მოდის”, — აღნიშნავს ბრენდის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი, ვერიკო ნანოშვილი და დასძენს, რომ მოგვიანებით „რკო“ Etsy-ის პლატფორმაზეც გამოჩნდა, სადაც უნიკალური ნივთების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.

“როდესაც ელექტრონული კომერციის საპილოტე პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც გაჩნდა, ძალიან გაგვიხარდა და მაშინვე დავთანხმდით. ჩვენთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროექტია, მით უმეტეს, რომ საქართველოდან შერჩეულ მხოლოდ ორ კომპანიას შორის მოვხვდით”.

აბავშვო ტანსაცმელი ექსპორტზე

„რკო“ EU4Digital-ის შექმნილი საპილოტე პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა. ეს პროგრამა სამი ქვეყნის — სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის — ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, გერმანიის, სივრცეს მოიცავს და მათ შორის ელექტრონული კომერციისთვის საჭირო ინფორმაციისა და პროდუქციის სატესტო მიმოცვლას უზრუნველყოფს. „რკო“-ს პროდუქცია ახლა ვირტუალურ საწყობშია თავმოყრილი — აქ, შესაბამისი აღწერით ატვირთვის შემდეგ, ნივთები ციფრული გაყიდვების ნებისმიერ პლატფორმაზე განსათავსებლად მზად არის.

ვერიკოს თქმით, საპილოტე პროგრამას არა მხოლოდ ბიზნესების მხარდაჭერის, არამედ მთლიანად ონლაინ ვაჭრობის სფეროს განვითარების როლიც აკისრია.

“მხოლოდ ერთი კლიკი სჭირდება”, — ასე აფასებს პროცესს „რკო“-ს წარმომადგენელი. თავდაპირველად პროგრამის ფარგლებში გერმანული eBay გამოიყენება, მაგრამ მომავალში ნებისმიერ სხვა პლატფორმაზეც შესაძლებელი იქნება “ერთი კლიკის” პრინციპით პროდუქტის განთავსება.

ადგილობრივ ბაზარზე ვირტუალური საწყობი ნამდვილად ბევრ რამეს ცვლის. საწყობში ერთხელ მოხვედრისთანავე, ყოველ პროდუქტს უნიკალური კოდი ენიჭება, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაცემები პროცესში ჩართულ ყველა მხარეს — ფოსტას, საბაჟო უწყებას, მომხმარებელსა და ონლაინმაღაზიებს — ერთდროულად მიეწოდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია წამყვან საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებზე შეიძლება განთავსდეს, სტანდარტიზებული მონაცემები კი საფოსტო სერვისს საზღვარგარეთ მიწოდების და საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად წარმართვაშიც ეხმარება.

ვირტუალური საწყობის შექმნა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში EU4Digital-ის ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, აკვირდებოდნენ მონაწილეების საჭიროებებს და პასუხობდნენ მათ შეკითხვებს.

პროდუქციის განთავსების შემდეგ „რკო“-მ ორი საპილოტე გაყიდვა განახორციელა: ერთი გერმანიაში, მეორე კი — აზერბაიჯანსა და ბაქოში.

ვერიკოს თქმით, საპილოტე პროგრამამ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ვაჭრობის განვითარება. “რკო მუდმივად მზარდია”, — დასძენს ვერიკო, — „სამი დედის მიერ დაარსებულ ბრენდს დღეს უკვე, დაახლოებით, 60 ქალი ჰყავს დასაქმებული: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქალების გაძლიერებაში წვლილი შევიტანოთ”.

საერთაშორისო ბაზარზე შესვლა ადვილი არაა

კიდევ ერთი საწარმო, რომელიც საპილოტე პროგრამით სარგებლობს, „ფუნდუკი“-ა. ბრენდი 2012 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად დიდი კომპანიებისათვის სურვილების ასრულებით და საჩუქრების მოფიქრებით იყო დაკავებული. შემდგომ მათ უკვე ეკომეგობრული ავეჯისა და სამოსის მაღაზია გახსნეს.

ელექტრონული კომერციის საპილოტე პროგრამის შესახებ „ფუნდუკი“-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტიდან “აწარმოე საქართველოში” შეიტყო.

“ისეთ უცხოურ ბაზრებზე გასვლა, როგორიც ამაზონი ან თუნდაც eBay არის, ადვილი არაა”, — აღნიშნავს ბრენდის თანამფლობელი, მარიამ ჭახრაკია, — “გვსურდა, გვეცადა, თუმცა, შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების არქონის გამო, ვერ გამოდიოდა. თუმცა, ვირტუალური საწყობის შექმნით ეს პროცესი ორმაგად გამარტივდა: ერთი მხრივ, პროდუქციის განთავსება გაადვილდა, მეორე მხრივ კი, ტექნიკური უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდა, რომ გაყიდვისას უნიკალური კოდი, რომელშიც ჩაშლილია შესაბამისი ინფორმაცია, პირდაპირ ფოსტას მიეწოდოს. ასე რომ, არა მხოლოდ პროცესია გაიოლებული, არამედ დროც იზოგება“.

მარიამის შეფასებით, ინტენსიური შეხვედრები მათ სერვისის მოწესრიგებაშიც დაეხმარა; მაგალითად, დაიხვეწა პროდუქტების აღწერილობა, უშუალოდ შეხვედრებისას განხორციელდა სასიგნალო გაყიდვაც.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ციფრული საწყობი პროდუქციის არა მხოლოდ eBay-ზე, არამედ სხვა ციფრულ პლატფორმებზე გატანის საშუალებასაც გვაძლევს”, — აცხადებს მარიამი, — “ეს არის მართლა დიდი შესაძლებლობა, როცა ‘ერთი ხელის მოსმით’ შეგიძლია სხვადასხვა ევროპულ სავაჭრო პლატფორმაზე ატვირთო საკუთარი პროდუქცია”.

ბრენდის წარმომადგენლის თქმით, საპილოტე პროგრამა მათ ციფრული ვაჭრობის კულტურაში გარკვევაშიც დაეხმარა.

“ჩვენი ამჟამინდელი ძირითადი მიმართულება უცხოური ონლაინ პლატფორმების ათვისებაა”, — ამბობს მარიამი, — “ჩვენი ავეჯი Etsy-ზეც იყიდება, eBay-ზე შესვლას კი ჯერჯერობით მხოლოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზით ვცდილობთ. ვგეგმავთ პროდუქციის წარმოების გაფართოებასაც, თუმცა, ძირითადი მიზანი მაინც დასავლური ბაზრის ათვისებას უკავშირდება: არის რამდენიმე ონლაინმაღაზია, რომელზეც ჩვენი პროდუქციის განთავსება გვსურს, თუმცა, ყველაფრის არა — უფრო სპეციფიკიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, საბუტიკე მიმართულების განვითარებაც გვინდა”.

მომზადება ევროპული ციფრული ბაზრისთვის

ელექტრონული კომერცია ეკონომიკის სფეროში თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც არსებობს, ბოლო ათწლეულში კი განსაკუთრებით განვითარდა. ონლაინგაყიდვების ბუმი მაინც 2020 წელს უკავშირდება, როცა ეკონომიკური ურთიერთობებიც კი დისტანციური გახდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში (და არა მხოლოდ) კომპანიების უმეტესობა ახალი რეალობისთვის ნაწილობრივ მოუმზადებელია.

“ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ ხერხები და შევქმნათ შესაბამისი პირობები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან დააახლოებს”, — აღნიშნავს EU4Digital-ის ელექტრონული ვაჭრობის ექსპერტი, რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენე, — “ჩვენი სამუშაო მოიცავს კონკრეტული ხერხების გამოცდას, რომლებიც ევროკავშირში უკვე ხორციელდება და რომელთა გადატანაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უნდა მოხდეს. საპილოტე პროგრამა ელექტრონული კომერციის განსავითარებლად და ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელი ბარიერების მოსაშლელად შეიქმნა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის”.

რუტას თქმით, ინფორმაციის ნაკლებობისა და იმის გამო, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, პარტნიორობის ქვეყნებს ონლაინბაზრების ათვისება უჭირთ.

“კიდევ ერთ დაბრკოლებას ის ქმნის, რომ ელექტრონული კომერციის ადგილობრივი პლატფორმები საზღვარგარეთ ვაჭრობაზე მორგებული არაა, მაგალითად, იმის გამო, რომ ფასი ევროში არაა მითითებული, პროდუქტს კი ინგლისურენოვანი სახელი არ ერთვის. ამასთან, მიწოდების საშუალო დრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო დიდია, ვიდრე ევროპაში. ამ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, შევქმენით ვირტუალური საწყობი, რომელიც ელექტრონული კომერციის საპილოტე პროგრამის განხორციელებისას წარმატებით გამოვცადეთ“, — აცხადებს სალვიტე-ტამოსიუნიენე.

ყველა ამ პრობლემის გადასაჭრელად პროგრამამ მონაწილე ქვეყნებში — საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში — სამუშაო ჯგუფები შექმნა. ჯგუფები, კომპანიების გარდა, მოიცავდა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებსაც. საქართველოში ეს იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი პროექტი “აწარმოე საქართველოში”, ასევე საქართველოს ფოსტა, საბაჟო უწყება და ვირტუალური საწყობის მფლობელი.

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას საქართველოში: „ელექტრონული კომერციის განვითარება გადამწყვეტია ციფრული ეკონომიკის ეტაპობრივი განვითარებისთვის ქვეყანაში“, – აღნიშავს ნინო სამველიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამის მენეჯერი. „ეს საპილოტე პროექტი მნიშვნელოვანია პოტენციური ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლების და ბიზნესსა და მოქალაქეებზე მისი გავლენის დემონსტრირების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ელექტრონული კომერციის პოლიტიკის და სარეგულაციო ჩარჩო ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენ კი მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართველ მოსახლეობას ევროპულ ციფრულ ბაზართან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაში“.

საპილოტე პროგრამა EU4Digital-ის ფარგლებში შეიქმნა. ეს ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის ნაწილად ქცევას ისახავს მიზნად, ავითარებს სახელმწიფოების ციფრული ეკონომიკის პოტენციალსა და საზოგადოებას, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ბიზნესების განვითარებას.

ელექტრონული კომერციის ამ ბერკეტების გამოყენება ახლა უკვე სახელმწიფოების მთავრობების ხელშია. სამომავლოდ ისინი საპილოტე პროგრამის გაანალიზებით მიღებულ რეკომენდაციებთან ერთად, EU4Digital-ის ექსპერტების მხარდაჭერასაც მიიღებენ.

EU4Digital-ის ელექტრონული კომერციის პროგრამა 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში გაეშვა, როცა საპილოტე პროგრამაში ჩართული ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესებმა საკუთარი პროდუქცია გერმანიაში გასაყიდად განათავსეს და პროცესი მიწოდების და საბაჟო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განახორციელეს.

EU4Digital-ის ინიციატივით ევროკავშირი ეხმარება ელექტრონული ვაჭრობის პროცესის გამარტივებასა და ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე უშუალოდ ევროკავშირთან. ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება eCommerce-ის, eCustoms-ისა და eLogistics-ის საერთო ჩარჩოების მიღებით, ასევე ციფრული სატრანსპორტო დერეფნისკენ სწრაფვით.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის პროგრამის EU4Digital ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის პოზიციას.