fbpx
Skip to main content

ჯანსაღი ჩიფსები: პროგრამა EU4Youth სამ მეგობარს საოცნებო ბიზნესიდეის ასრულებაში დაეხმარა

10/01/2022

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში  ბაკალავრიატზე სწავლის დროს, სამი სტუდენტი ლექციების შემდეგ ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს ლაბორატორიებში სამუშაოდ. 2016-2020 წლებში, ისინი საათობით ატარებდნენ ექსპერიმენტებს გაშრობის ინოვაციური ტექნიკით, რომლის გამოყენება კვების მრეწველობაშია შესაძლებელი. ერთ საღამოს მეგობრებმა – თამარ შეითნიშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და შალვა მძინარაშვილმა ვაშლის ჩიფსები დაამზადეს და მათი გასინჯვისთანავე მიხვდნენ, რომ ამ პროდუქტით ისინი გამარჯვებას შეძლებდნენ. ასე დაიბადა CHAMPY – სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც ჯანსაღ ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს.  

სოციალური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისთვისაც კი ძნელია, ამ მიმართულებით CHAMPY-იც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. გორში მდებარე „საწარმო საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, – შერბილებულად გვიხსნის მდგომარეობას თამარი და ამბობს, რომ სოფელში „ელექტრომომარაგებასთან და სხვა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ ჰქონდათ. შეუძლებელი იყო საკმარისად და სათანადოდ კვალიფიცირებული პერსონალის მოძიება და შესაბამისი ხარისხის ნედლეულით მომარაგებაც კი მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო. მაგრამ ახალგაზრდები უბრძოლველად დანებებას არ აპირებდნენ.

საკუთარი საწარმოს მნიშვნელობაში დარწმუნებულმა სამმა მეგობარმა, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ მიზნად დასახული წარმატების მიღწევა, გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსში. ამ კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) პროგრამის EU4Youth ფარგლებში: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის პროექტისთვის. პროექტი ევროკაშირის დაფინანსებით უზრუნველყოფს სოციალური პასუხისმგებლობის და მწვანე ბიზნეს-იდეების განვითარებას საქართველოსა და სომხეთში, და ეს დაფინანსება საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრები დაუცველი ახალგაზრდებისთვის გამოიყოფა. CHAMPY კონკურსის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოლაბორაცია კარგად პასუხობს ჩვენი კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს და იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას ჩვენი სოციალური მისიის მდგრადი განვითარებისთვის“, ამბობს თამარი. კომპანიამ CHAMPY ისარგებლა ფინანსური დახმარებით, ჩაერთო მწვანე ბიზნესის აქსელერაციის პროგრამაში GREENcubator, რომელიც შექმნილია  სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტის ფარგლებში. შედეგად მათ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს, და მხარდაჭერა მიიღეს საკუთარი ბიზნეს-მოდელის და ბიზნეს-გეგმის დასახვეწად.

ახალგაზრდები ახლა უკვე სერიოზული წინსვლისთვის არიან მზად. საგრანტო კონკურსიდან მიღებული 43,000 ლარით კომპანიამ ორი აუცილებელი დანადგარი შეიძინა, კერძოდ – შრობის და საჭრელი დანადგარები. პროდუქციის მოცულობა გაიზრდება და სულ მალე საბაზრო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, ეს დანადგარები უმნიშვნელოვანესია CHAMPY-ს მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც უნარჩენო წარმოებას გულისხმობს.

მდგრადობა არის ის დევიზი, რომელიც ახალგაზრდების ხედვის საფუძველია. თამარი აღნიშნავს, რომ მათ დაიწყეს „უფრო აქტიური თანამშრომლობა ფერმერებთან და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიის საკითხებზე“. ისინი იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საქმეში ჩართვით და მათთან თანამშრომლობით შეაგროვებენ მეორად მასალებს, რომლებიც ხელმეორედ გადამუშავებას ექვემდებარება, და ნარჩენების მენეჯმენტის საფუძვლიანი დაგეგმვით დაბინძურების რისკის პრევენციას უზრუნველყოფენ.

რადგან მეგობრების სურვილი უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ კომპანიის წარმატებას – და ამოცანა საკუთარი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაა – სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის დაარსების დღიდანვე იყო ბიზნესმოდელის ძირითადი კომპონენტი. თამარმა ზუსტად ჩამოაყალიბა საწარმოს მიზანი, რომელიც სოფელ დიცში მდებარეობს: „ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და მოტივაცია სამუშაო ადგილების შექმნით და პერსონალის პროფესიული და პერსონალური განვითარება დამხმარე ტრენინგის საშუალებით“. 

კომპანია განსაკუთრებით არის დაინტერესებულები ქალების და ახალგაზრდების გაძლიერებით გორში. CHAMPY-მ შექმნა ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, ის შექმნის დასაქმებული პროფესიონალების გუნდს. თამარი ენთუზიაზმით გვიყვება მეორე ინიციატივაზეც: მათ ახლახან დაიწყეს „ტრენინგის პროგრამა, რომლის განმავლობაში ძველი და ახალი თანამშრომლები დეტალურად შეისწავლიან საწარმოო პროცესებს, საკვების უსაფრთხოების მოთხოვნებს და მუშაობის პრინციპებს „რისკის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო პუნქტების“ (HACCP) სტანდარტის შესაბამისად“. აღნიშნულის საფუძველზე ისინი იმედოვნებენ ქალებისთვის შექმნან კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო მთელ რეგიონში.

ახალგაზრდებმა იციან, რომ ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა ნიშნავს შემდგომ გაფართოებას რეგიონის საზღვრებს გარეთ. ევროკავშირის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით CHAMPY-მ მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, მათ შორის სომხეთში ჩატარებულ რამდენიმე გამოფენაში. CHAMPY-ს პროდუქტებმა უდიდესი წარმატება მოიპოვა; ამან გაზარდა მათი ბრენდის ცნობადობა და ახალგაზრდებს საერთაშორისო ექსპორტის შესაძლებლობების გამოკვლევის საშუალება მისცა.

კომპანიას დიდი ამბიციები აქვს; როგორც თამარი ამბობს, მათ გადაწყვეტილი აქვთ, „შექმნან ვაშლის ხემსების ახალი, უფრო ჯანმრთელი წარმოება, სრულიად ახლებური მიდგომით და კონცეფციით, რომელიც კარგად ესადაგება მომხმარებლის მოთხოვნებს და გემოვნებას“. დღეს ისინი ვაშლის თხელი, ხრაშუნა ჩიფსების 12 სხვადასხვა სახეობას აწარმოებენ. მკაცრი ტესტირების პროცედურების და შემოქმედებითად შერჩეული ნატურალური არომატების (მანგო, ბანანი, ციტრუსები, სტაფილო, ატამი,  ანანასი, ალუბალი და კენკრა) გამოყენებით, ახალგაზრდა მეწარმეებს პროდუქტების სახეობების მუდმივი გაფართოება აქვთ გადაწყვეტილი. “სწორედ ამას ვუწოდებთ ვაშლის ჩიფსების წარმოებას“, ამბობს თამარ შეითნიშვილი.

კომპანიის ხუთწლიანი სტრატეგია პროდუქციის მასშტაბების ზრდას ემყარება. ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ დასაქმებას და დადებით გავლენას იქონიებს რეგიონში მცხოვრებ ფერმერებზე – CHAMPY-ს მომწოდებლები დასჭირდება. დღეისათვის გლობალურ ბაზრებზე პრიორიტეტულია სხვადასხვა ტიპის ვაშლის ჩიფსების კომერციალიზაცია. გრძელვადიანი მიზანია წამყვანი ბრენდის შექმნა ამ სექტორში. 

ვაშლის ჩიფსების წარმოების ამ ინოვაციურ სტარტაპს საფუძველი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩაეყარა. გორში მომუშავე სამი მეგობრის გამბედაობამ და მტკიცე გადაწყვეტილებამ მათი ხედვა განსაზღვრა, ხოლო ევროკავშირმა ისინი ძალზე საჭირო რესურსით მოამარაგა. „ამ გრანტმა მოგვცა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, ის დაეხმარა კომპანიის სწრაფ და მდგრად განვითარებას, და მისი სოციალური და გარემოსდაცვითი მისიის დახვეწას“, ამბობს ნონა.

გარდა იმისა, რომ მეგობრებმა შექმნეს წარმატებული ბიზნესი მომხმარებელთა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად, დღეს მათ  საკუთარ თემში ადამიანების დასაქმება და მათთან თანამშრომლობა შეუძლიათ. დიდი ბაღები ხომ პატარა ვაშლებიდან იზრდება.

ავტორი: მაიკენ ბიორლინ ჰანსენი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

ფოტოები: CENN, „ჩემპი“