fbpx
Skip to main content

მზის სხივებიდან სუფთა ენერგიამდე: ტყიბულის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში წყალი მზის ენერგიით თბება

07/08/2023

ცხელი წყლის უწყვეტი მარაგი კომფორტულად ცხოვრების არსებითი ნაწილია, თუმცა საქართველოს ზოგიერთ შორეულ მაღალმთიან რეგიონში ეს ხშირად ძვირი სიამოვნებაა. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ტყიბულში, ძველ სამთო ქალაქში მდებარე  ნომერი პირველი საბავშვო ბაღი, რომელიც მთლიან მუნიციპალიტეტში უდიდესია, თავის ათასამდე აღსაზრდელს დღეს მზის ენერგიით მიღებული იაფი და უწყვეტი ცხელი წყლით უზრუნველყოფს.

ეს სიახლე ადგილობრივი გარემოსდამცველთა ძალისხმევისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ერთობლივი შედეგია.

იაფი ენერგია ნიშნავს მეტ ფულს ბავშვებისთვის

ჰიგიენური თუ სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის ტყიბულის საბავშვო ბაღს ბუნებრივი აირი სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახლად დამონტაჟებული ჰელიოსისტემის მეშვეობით კი, ცხელი წყლის მომარაგებას ნაწილობრივ უკვე მზის ენერგია უზრუნველყოფს. შესაბამისად, გაზზე გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება.

გამოთავისუფლებული ფინანსები ბავშვების საჭიროებებს ხმარდება. კერძოდ, ეს ბაღს საშუალებას აძლევს, შეიძინოს მეტი სათამაშო თუ უნარების გაუმჯობესებაზე მორგებული სპეციალური ნივთები და უზრუნველყოს თავისი აღსაზრდელები ყველაფრით, რაც მათ სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდებათ.

ამგვარი ცვლილება პროექტის, „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, წყალობით გახდა შესაძლებელი. პროექტი, თავის მხრივ, CENN-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“,  ნაწილს წარმოადგენს.

წამოწყების ორგანიზება იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა, „სპექტრმა“ და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა (TDDF) ითავეს.

ვინ ზრუნავს იმერეთში გარემოს დაცვაზე

1990-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, გარემოსდაცვითი პრობლემები სულ უფრო აქტუალური გახდა. ამ და სხვა გამოწვევების საპასუხოდ და მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, რეგიონის მეცნიერები და უნივერსიტეტის თანამშრომლები გაერთიანდნენ და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი, „სპექტრი“ დააარსეს.

„საერთო იდეის ირგვლივ გავერთიანდით ადამიანები, რომლებსაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა სწავლებისა თუ განათლების კუთხით და სურვილი გაგვიჩნდა, ჩვენი პოტენციალი სხვა სფეროებშიც გამოგვეყენებინა“, — გვიყვება ქეთევან ცხაკაია, „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მზის ენერგიის რესურსები ტყიბულის დასახმარებლად

მაღალმთიანი ტყიბული მეშახტეთა ქალაქია. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. არსებული პრობლემების საპასუხოდ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

ამ გეგმის ფარგლებში „სპექტრი“ უკვე წლებია, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან (TDDF) წარმატებით თანამშრომლობს. ფონდი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს და სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტსაც ახორციელებს.

„ვცდილობთ, ხალხი დავაფიქროთ იმაზე, რომ ტყიბული არ არის მხოლოდ ქვანახშირი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. ამიტომ დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება“, — აცხადებს ზაზა გოჩელაშვილი, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი — „ჩვენ გვინდა, ადამიანებმა გაიგონ, რამდენად დიდი სარგებლის მიღება შეუძლია საზოგადოებას მზის ენერგიითა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების გამოყენებით“.

TDDF-ის დირექტორი ფიქრობს, რომ ტყიბული გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მუნიციპალიტეტია:

„იმდენად დავაზარალეთ გარემო და ბუნება, რომ ჩვენი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ, რათა ამ კუთხით რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ და მდგომარეობის შერბილებას ხელი შევუწყოთ“, — გვეუბნება ზაზა გოჩელაშვილი და დასძენს: „თოვლი ჩვენთვის ნორმა იყო, მაგრამ ბოლო 7-8 წელია, საერთოდ აღარ მოდის“.

საბავშვო ბაღი, რომელიც მზის ენერგიით თბება

„კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მზის ენერგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათბურის აირების ემისია შემცირდეს და, ზოგადად, ამ საკითხის გარშემო ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს“, — ამბობს ქეთევან ცხაკაია.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გარდა, პროექტი პრაქტიკულ ამოცანებსაც ისახავს მიზნად. ერთობლივი მუშაობის ყველაზე ხელშესახები შედეგი ისაა, რომ წყალი, რომელიც ტყიბულის ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის — ელენე ლეშკაშელის სახელობის N1 ბაგა-ბაღის — აღსაზრდელებს მიეწოდებათ, მზის ენერგიის დახმარებით თბება.

„გადავწყვიტეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ტყიბულისთვის კიდევ ერთი კარგი საქმე გაგვეკეთებინა“, — ამბობს ქეთევან ცხაკაია.

როგორ მუშაობს ცხელი წყლის ჰელიოსისტემა

ცხელი წყლის ჰელიოსისტემა ორ კომპონენტს აერთიანებს: ცხელი წყლის მომარაგებისთვის განკუთვნილ მზის კოლექტორსა და მზის პანელს.

„ეს სისტემას მეტად სტაბილურსა და მდგრადს ხდის“, — აღნიშნავს ქეთევან ცხაკაია.

მზის პანელი ელექტროენერგიას მზის ენერგიის მეშვეობით გამოიმუშავებს. იგი ავტონომიურ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს — ანუ მისი მეშვეობით სისტემას მაშინაც კი შეუძლია მუშაობა, როცა ელექტროენერგია ითიშება. ამასთან, გამომუშავებული ენერგია არა მხოლოდ კოლექტორისთვის, არამედ ისეთი სხვა მიზნებისთვისაც შეიძლება გამოდგეს, როგორიც განათებაა.

საგულისხმოა, რომ სისტემა ცხელ წყალმომარაგებას დამოუკიდებლად არ უზრუნველყოფს — იგი ბუნებრივ აირზე მომუშავე ძირითად სისტემას მხოლოდ ეხმარება და ცხელ წყალს აწვდის.

ვინაიდან სისტემა ავტონომიურია, იგი ნებისმიერ სეზონზე, ამინდსა თუ პირობებში მუშაობს. თუმცა მზიან ამინდებსა და ზაფხულში მზის პანელი მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შესაბამისად, საბავშვო ბაღისათვის გაწეული შეღავათი ცვალებადი, მაგრამ მაინც მუდმივია.

ახალი თაობა სწავლობს, როგორ დაიცვას პლანეტის მომავალი

გარემოს დაცვა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. გუნდს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და დღეისათვის უკვე 50-მდე პროექტია განხორციელებული.

„ამჟამად იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს გამოცდილება სხვა მუნიციპალიტეტებში გადავიტანოთ. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც 2015 წელს მუნიციპალურ დონეზე დაიწყო პლასტმასის სეპარირებული შეგროვება“, — აღნიშნავს ქეთევან ცხაკაია.

„სპექტრის“ ინიციატივითვე გაიხსნა ქუთაისის საკომპოსტე ცენტრი. შედეგად, ქალაქის ტერიტორიაზე შეგროვებული ტოტები, ფოთლები, ბალახი თუ სხვა მწვანე ნარჩენები სპეციალურ ცენტრში ხვდება, სადაც მათ შესაბამისი მოწყობილობების მეშვეობით ამუშავებენ.

„შედეგი ხელშესახებია. ცენტრში ყოველდღიურად შედის მწვანე მასა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე გროვდება“, — განმარტავს „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, — „ნარჩენები არ გადის ნაგავსაყრელზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ სათბურის აირები აღარ წარმოიქმნება. მეორე მხრივ, თავად კომპოსტი სასუქად გამოიყენება“.

გარდა იმისა, რომ კომპოსტს ნარგავებისათვის სასუქად იყენებენ და ამით თანხასაც ზოგავენ, საკომპოსტე ცენტრი სკოლის მოსწავლეებსაც ხშირად მასპინძლობს  და თავის საქმიანობას აცნობს.

„ამაზე კარგს მათ რას აჩვენებ. ბავშვს აჩვენებ, რა შეიძლება მიიღო იმ ნარჩენებისგან, რომლებიც გარემოში იყრება”, — ამბობს ქეთევან ცხაკაია.

CENN-ის პროექტის, „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ბავშვებისათვის საინფორმაციო ბუკლეტებიც მომზადდა. მათი დახმარებით და ასევე სხვადასხვა თემატური აქტივობით „სპექტრი“ ბავშვებს ინფორმაციას სახალისო ფორმით აწვდის.

ახალი თაობის განვითარებასა და ინფორმირებაზე ანალოგიური შემართებით ზრუნავს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიც (TDDF). როგორც ზაზა გოჩელაშვილი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, მათი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ახალგაზრდული საკითხები და მომავალი თაობის გაძლიერებაა.

ორგანიზაცია ახალგაზრდებში სამოქალაქო, სოციალური, ლიდერული თუ მსგავსი სხვა უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობს. მნიშვნელოვანი მიმართულებებია არაფორმალური განათლება და მოხალისეობაც.

ამ მხრივ, პროექტის, „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში სკოლის მოსწავლე მოხალისეები გადამზადდნენ. მათ მზის განახლებადი რესურსების კუთხით მიღებული ცოდნა შემდეგ სკოლებში თანატოლებს გაუზიარეს. ჩატარდა ენერგოეფექტიანი იდეების კონკურსიც, სადაც ახალგაზრდებმა ენერგიის წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი ყურადსაღები აზრი გამოთქვეს.

ორივე ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს თავის საქმიანობას. უკვე ზაფხულია და ტყიბულშიც დათბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღში ხარჯები კიდევ უფრო შემცირდა.

საბოლოო ჯამში, ერთი რამ ცხადია: გარემოსდამცველთა ამგვარი წამოწყების მეშვეობით ბაღი აღსაზრდელებს არა მხოლოდ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ამზადებს, არამედ რაღაც ისეთის ნაწილებადაც აქცევს, რაც დედამიწის მომავალს განსაზღვრავს.

ავტორი: მარიამ რამაზაშვილი