fbpx
Skip to main content

ბიზნესად ქცეული ჰობი: ადგილობრივად გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული საქართველოს დიდ ქალაქებში

30/06/2025

“იმ წელს, შეიარაღებული კონფლიქტის გამო როდესაც იძულებული გავხდით გადმოვსულიყავით აფხაზეთიდან, დედაჩემმა ხელს მის მიერ მომზადებული ლეღვის არაჩვეულებრივი ტყლაპი გამოაყოლა,” ამბობს ეკატერინე ხუტკუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ნიშური პროდუქტის  მწარმოებელი. “ტყლაპს ვუზიარებდით სხვა მგზავრებს სატვირთო ავტომობილში, რომელსაც ჩვენი სახლიდან ზუგდიდში გადავყავდით.”  

30 წელზე მეტი გავიდა იმ დროიდან და, დედამისის მიერ გადამუშავებული ხილით შთაგონებული ეკატერინე ახლა თავად ამზადებს მსგავს ნიშურ პროდუქტებს.

„ჩირისა და ჯემების კეთება პირველად 2000-ანების დასაწყისში დავიწყე. ნათესავებს ვასინჯებდი ხოლმე და მათგან მიღებული ემოციური რეაქციები მაგრძნობინებდა, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებდი“, ამბობს ეკატერინე.   

2018 წელს, ეკატერინემ გადაწყვიტა საკუთარი მეწარმული პოტენციალი გამოეცადა და წარმოების უნარების კომერციულ საქმიანობად ტრანსფორმაციის მიზნით, ბიზნესის კურსებზე დასწრება დაიწყო.

„მიუღწეველი არაფერია – თუ საკუთარ თავში მოტივაციას იპოვი, ყველაფრის მიღწევას შეძლებ,“ აღნიშნავს ეკატერინა. სწორედ ასეთი მიდგომით დაიწყო სწავლა, ძიება და სურსათის წარმოება. 

ამ პროცესში, 2022 წელს, ეკატერინემ შეიტყო, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის უვნებლობის, ბრენდირებისა და ბიზნესის მართვის ტრენინგებს სთავაზობდა ნიშური პროდუქტის მწარმოებლებს საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული საგანმანათლებლო შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის ფარგლებში ხორციელდებოდა.

ტრენინგების შემდეგ, მწარმოებელთა შერჩეულ ჯგუფს, მათ შორის ეკატერინესაც, შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღოთ აგრობაზარში „უნიკალური ქართული გემო“. ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, აგრობაზარი კვლავ იმართება ხოლმე საქართველოს ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, მესტია და ქუთაისი. დღეს, „უნიკალური ქართული გემო“ უკვე 120 მწარმოებელზე მეტს აერთიანებს საქართველოს რეგიონებიდან და მომხმარებლების ბიზნესებისა და ნიშური პროდუქტის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლების ერთმანეთთან დამაკავშირებელ პლატფორმადას წარმოადგენს. 

FAO-ს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და რაც მთავარია, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების პროცესისი მიმართ მისი შემოქმედებითი მიდგომა, ეკატერინეს ეხმარება აგრობაზრებზე საკუთარი პროდუქტის წარმატებით წარმოჩენაში. „ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აგრობაზრებში მონაწილეობამ შემძინა, ჩემი პროდუქტების მიმართ გაზრდილი ცნობადობაა ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს შორის. ისინი  ჩემს ნაწარმს იძენენ და შემდეგ სხვებს უზიარებენ ,“ აღნიშნავს ეკატერინე.

2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, FAO-მ 21 აგრობაზარი ჩაატარა.  პარკებსა და სკვერებში ორგანიზებული აღნიშნული საჯარო საჯარო ღონისძიებები, აგრობაზარში  მონაწილე მეწარმეებს GEL 500 000-ზე მეტი ლარის გენერირებაში დაეხმარა. ეკატერინესთვის, 2023 წელს ექსპოჯორჯიაში გამართული ევროპის დღის ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებული „უნიკალური ქართული გემო“ -ში მონაწილეობა გამორჩეულად წარმატებული იყო. 

„ჩემი ჩირები, ჯემები და აჯიკები მქონდა წარმოდგენილი,“ იხსენებს ეკატერინე. „ღონისძიებაზე ხალხის ნაკადი და ინტერესი ნამდვილად გამორჩეული იყო, თუმცა, ზოგადად, აგრობაზრებზე ნიშური პროდუქტის აღმოჩენით, გასინჯვითა და შეძენით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველთვის დიდია.“

ახალი ინსპირაცია, ახალი შესაძლებლობა

აგრობაზრებზე „უნიკალური ქართული გემო“ მონაწილეობისას, ეკატერინემ შენიშნა მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერები და მათი ყველის ინოვაციური სახეობები, რომლებიც მას არასოდეს ენახა და გაესინჯა. ეს ქალები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით FAO-ს შექმნილი ფერმერთა საველე სკოლის ლიდერი ფერმერები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. 

„მათ დახლებთან ყოველთვის მივდიოდი ხოლმე ყველის სახეობების დასაგემოვნებლად,“ ამბობს ეკატერინე. „გასულ წელს კი ერთ-ერთმა ფერმერმა ქალმა აღნიშნა, რომ ჩემთან ახლოს ახალი ფერმერთა საველე სკოლის გახსნა იგეგმებოდა და, რადგანაც პირუტყვი მეც მყავს, გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ამ საგანმანათლებლო პლატფორმაში და ყველის ჩემთვის უჩვეულო სახეობების წარმოება მეცადა.“ 

ეკატერინე FAO-ს გუნდს დაუკავშირდა და ფერმერთა საველე სკოლაში მონაწილეობით დაინტერესება გამოხატა. „მალევე დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ ლიდერ ფერმერად ვიყავი შერჩეული,“ აღნიშნავს ეკატერინე.

ამჯერად, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარლგებში, FAO-ს ფერმერთა საველე სკოლა ყველის ინოვაციურ სახეობებთან ერთად ფოკუსირებული იყო სურსათის უვნებლობაზე რძის პროდუქტის წარმოებაში. აღმოვაჩინე, რომ უვნებელ რძის წარმოებაზე ძალიან ცოტა ვიცოდი,” ამბობს ეკატერინე. “წველის რუტინა შევცვალე სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და დავიწყე იმ ხელსაწყოებისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენება, რომლებიც გადმოგვცეს FAO-ს ვეტერინარებმა.“

„რაც მთავარია, გავიგე თუ როგორ მზადდება ყველის ინოვაციური სახეობები. მსურდა, რომ ჩირის წარმოების უნარები დამეკავშირებინა ყველთან და ამგვარად, ახალი გემოები შემექმნა“, აღნიშნავს ეკატერინე.  

შედეგად, ეკატერინე ჩირებთან ერთად ახლა ყველის ნაირსახეობებსაც აწარმოებს. „შემოსავალი გამეზარდა მას შემდეგ, რაც ყველი გადამუშავებულ ხილთან და ბოსტნეულთან ერთად გამოვიტანე გასაყიდად. ყველას მოსწონს ასეთი კომბინაციის ნახვა აგრობაზრის დახლზე. მომხმარებელი რომ მოდის, სინჯავს ყველსა და ჩირს, ხოლო შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ორივეს ყიდულობს ხოლმე“, ის ამბობს.  

„მსურს, რომ მეტ ქართველ მომხმარებელს გავასინჯო ჩემი პროდუქტები,“ ეკატერინე აღნიშნავს მის სამომავლო გეგმებზე საუბრისას. ამასთანავე, ის ამაყობს საკუთარი მიღწევებით და სურს, რომ საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. 

ეკატერინესთვის, მისი საქმიანობა სასურსათო ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებასთანაცაა დაკავშირებული, რადგანაც ხილისა და ბოსტნეულის დამუშავების მარტივი ტექნიკების მეშვეობით, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ოჯახებს შეუძლიათ სურსათის შენახვა, რაც უზრუნველყოფს მაღალი კვებითი ღირებულების სურსათზე  წვდომას მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ნიშური პროდუქტის პოპულარიზაციასთან ერთად, ხილისა და ბოსტნეულის ჩირების წარმოების უნარებისა და გამოცდილების გაზიარება ეკატერინესთვის ერთგვარი სტრატეგიაცაა უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოსა და უკეთესი ცხოვრების მიღწევისთვის. 

ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO განაგრძობს ფერმერების მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების, ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფისა და ყველის ინოვაციური სახეობების წარმოების კუთხით. შესაბამისად, ეკატერინესა და სურსათის მისნაირ მწარმოებლებს კი სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით პროდუქტების წარმოების მეტი შესაძლებლობა აქვთ. 

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.