fbpx
Skip to main content

როგორ ებრძვიან ახალგაზრდები რეგიონებში ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს

02/03/2023

მზის ენერგიაზე მომუშავე ტელეფონების დამტენები საქართველოს პატარა ქალაქების ღია სივრცეებში,  ტრენინგები და თემატური კონკურსები სკოლებში, – როგორ ცდილობენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერას.

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგია ღია სივრცეებში უფასოდ

ჭიათურაში, ტყიბულში, ან ზესტაფონში თუ მოხვდებით, ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებში და ბაზრის სიახლოვეს სმარტფონების დატენვას სრულიად უფასოდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო განახლებადი ენერგიით შეძლებთ.

სახალხო თავშეყრის ადგილებში ე.წ. „ჰელიოდამტენების“ დამონტაჟების იდეა ტყიბულელ და ჭიათურელ ახალგაზრდებს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ყოფნისას გაუჩნდათ.

გვანცა გაფრინდაშვილი ახალგაზრდა გარემოსდამცველია ჭიათურიდან. გვანცა მანგანუმის ნარეცხით დაბინძურებული მდინარე ყვირილას სიახლოვეს გაიზარდა.

„ძალიან პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ჩემი ქალაქის მდინარე და ჰაერი შავი არ უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 12 წლისამ უკვე ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა“,  – ამბობს გვანცა.

გვანცა წუხს, რომ მის მშობლიურ ქალაქში გარემო ძალიან დაბინძურებულია. იცის ისიც, რომ ამის მიზეზი  წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებაა:

„ჩვენს რეგიონში მანგანუმს არასწორად მოიპოვებენ და გადამუშავებაც არასწორად   ხდება. კარიერებს ღიად ტოვებენ, არ ხდება მიწის რეკულტივაცია და, შედეგად, ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა ჩნდება. მე და ჩემი მეგობრები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად, წლებია ვებრძვით ამ პრობლემებს. ვასუფთავებთ და ვამწვანებთ სხვადასხვა ტერიტორიას და უკვე, დაახლოებით, 7 ჰექტარი ტერიტორია გვაქვს რეკულტივებული“.

17 წლის გვანცამ, შემთხვევით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში CENN-ის მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ შეიტყო. გვანცა მიხვდა, რომ ეს იყო შესაძლებლობა მის ქალაქში რაღაც შეეცვალა.  

გადაწყვიტა, კონკურსში მიეღო მონაწილეობა.

იმერეთის რეგიონიდან, გვანცასთან ერთად, CENN-მა 7 მონაწილე შეარჩია. დავალება, რომელიც მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემატური ტრენინგების მერე მიიღეს  ასეთი იყო – უნდა წარედგინათ იდეა, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული ან ხელს შეუწყობდა მასთან ეფექტიან ადაპტაციას.

„გაგვიჩნდა იდეა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაგვეკეთებინა მზის ენერგიაზე მომუშავე ტელეფონის დამტენები. ორი მიზანი გვქონდა: განახლებადი რესურსიდან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად. „ჰელიოდამტენები“ დავარქვით ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ“, – გვიყვება გვანცა.

იდეა მოეწონათ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში ჰელიოდამტენები დამონტაჟდა.

გვანცასთან ერთად, ამ ბანაკში იმერეთის რეგიონიდან ჭიათურაში მცხოვრები, 18 წლის სოფიო ხვედელიძეც მოხდა. სოფიოს უხარია, რომ ჰელიოდამტენებმა გაამართლა: 

„ხალხმა დამონტაჟებისთანავე დაიწყო ტელეფონების დატენვა , მადლობებს გვიხდიდნენ. ჩვენ ვუყვებოდით რა არის კლიმატის ცვლილება, რა შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ, რა შედეგებს მოგვიტანს ეს. უხაროდათ, რომ მათაც შეაქვთ  მცირე წვლილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი „ბულაჩაურის მწვანე ცენტრში“

უკვე მეორე წელია CENN, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, „საქართველოს კლიმატის პროგრამას“ (GEO-CAP) ახორციელებს. პროექტის მიზანი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაა. CENN პროექტს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად KRDF, ACU, YPU და RLS-ADA საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი – ახორციელებს.

„კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წლის აპრილში, „ბულაჩაურის მწვანე ცენტრი“ საქართველოს ოთხი სამიზნე რეგიონიდან ქალებსა და ახალგაზრდებს მასპინძლობდა.

CENN-მა ბანაკის 19 მონაწილე ადგილობრივ პარტნიორებთან – KRDF, ACU, YPU და RLS-ADA – ერთად შეარჩია.

კლიმატის ცვლილება და მისი მიზეზები, კლიმატის ცვლილების შერბილება და ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ენერგოეფექტურობა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, ადვოკატირება და ლობირება – ამ საკითხებზე ახალგაზრდა გარემოსდამცველები ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ტრენინგებს.

ბანაკის დასრულების შემდეგ, საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, არაერთი იდეა დაიბადა და განხორციელდა.

ახალგაზრდების ინიციატივები თავიანთ რეგიონებში კლიმატის ცვლილების დასაძლევად

მზის ბატარეებზე მომუშავე დამტენების მოწყობის იდეა გაუჩნდა 19 წლის ანა ასათიანსაც.  მისი წყალობით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით სმარტფონების უფასოდ დატენვა ახლა უკვე ამბროლაურის ცენტრალურ პარკშიც არის შესაძლებელი.

„ადგილობრივები, ტურისტები, დამსვენებლები, ძირითადად, ამბროლაურის სკვერში იყრიან თავს. ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი იდეა და დღესაც აქტიურად იყენებენ დამტენებს,“- გვიყვება ანა, რომელმაც პროექტის ადგილობრივ კოორდინატორთან თანამშრომლობით, CENN-ის „ეკო ჰაბში“ საგანმანათლებლო შეხვედრაც მოაწყო და რაჭველ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბანაკში მიღებული ცოდნა გაუზიარა.

პროექტის იდეის წარდგენისას, სწორედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო პრიორიტეტი კახეთის რეგიონიდან შერჩეული მონაწილეებისთვის.

ახმეტაში მცხოვრები 21 წლის ეკატერინე მებაღიშვილი ფიქრობს, რომ ბავშვებმა პატარა ასაკიდან უნდა დაიწყონ გარემოზე ზრუნვა.  ამიტომ, ეკატერინემ, ახმეტასა და გურჯაანიდან შერჩეულ პროექტის ხუთ მონაწილესთან ერთად, კახეთის სკოლებში დაწყებითი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის თემატური ტრენინგები ჩაატარა კლიმატის ცვლილებაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და განახლებად ენერგიებზე.

„ბავშვებს ვუხსნით რა არის კლიმატის ცვლილება და როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ ამ პროცესის შეჩერებას. ვასწავლით, რომ, მაგალითად, როდესაც ელექტროენერგია არ გვჭირდება, უნდა გამოვრთოთ და დავზოგოთ. ავუხსენით, რამდენად საზიანოა პლასტმასა და მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები ვაჩუქეთ. ხშირად მიწევს მოსწავლეებთან შეხვედრა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და ძალიან მახარებს, მათ მინის ბოთლებით ხელში რომ ვხედავ“, – გვიყვება ეკატერინე.

გარდა ტრენინგებისა, კახელმა მონაწილეებმა სკოლის მოსწავლეებისთვის თემატური კონკურსიც გამოაცხადეს.

„ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“ – ამ საკითხზე შექმნილი საუკეთესო პოსტერების, ფოტოებისა და ნახატების ავტორები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.

მოსახლეობისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებაზე შეჯერდა გურიის რეგიონიდან შერჩეული გუნდიც. ქრისტინე სალუქვაძე ერთ-ერთი ავტორი იყო იმ პროექტის, რომელიც ოზურგეთში GEO-CAP პროექტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„CENN-ის ბანაკში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარა, რომ კარგი პროექტი დაგვეწერა და დაფინანსებაც მიგვეღო“, – ამბობს ქრისტინე.

ქრისტინე ფიქრობს, რომ მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ ბევრი რამ არ იცის. ამიტომ, მან და მისმა თანაგუნდელებმა გადაწყვიტეს, ახალგაზრდებისთვის თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ და ოზურგეთის ექვსი სკოლა გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთოთ.

კლიმატის ცვლილების თემატიკაზე ტრენინგების ჩატარების შემდეგ, ოზურგეთელმა მონაწილეებმა კონკურსი გამოაცხადეს: „უთხარი არა პლასტმასას“.

კონკურსში მონაწილე სკოლა, რომელმაც ყველაზე მეტი პლასტმასის ბოთლი შეაგროვა და გადამამუშავებელ კომპანიაში ჩააბარა, ელექტრონული ტექნიკის 1500 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვეს.

ახალგაზრდა გარემოსდამცველების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის

ახალგაზრდა გარემოსდამცველების ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, ამით არ დასრულებულა. წინ დიდი მიზნებია.

ახლა გვანცა და სოფიო,  მეგობრებთან ერთად, ჭიათურაში გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებენ.

„ვფიქრობთ, რომ მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ჩვენი რეგიონის დასახმარებლად“, – ამბობს გვანცა.

CENN-ის ბანაკში, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის წყალობით, გვანცამ და მისმა მეგობრებმა უკვე იციან რა გზები არსებობს მათი იდეების განსახორციელებლად:

„ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავწეროთ პროექტი,  როგორ მოვიძიოთ ფინანსური მხარდაჭერა და ა.შ.“

გვანცა და სოფიო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამაში“ მონაწილეობა რომ მიიღეს, ახლა კი უკვე პირველი კურსის სტუდენტები არიან. გვანცა ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს – გადაწყვიტა, რომ თავისი საქმიანობა პროფესიად აქციოს. სოფიო კი – იურიდიულზე.

„ვაპირებ, სამართლის ცოდნა გამოვიყენო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“, – ამბობს გვანცა.

სოფიო წუხს, რომ გარემოს დაბინძურების გამო, მის რეგიონში ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები გახშირდა. სოფიოს მიზანია იბრძოლოს იმისათვის, რომ მის რეგიონში ადამიანებმა გაცილებით ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.