ENPARD-ის ტერასა – საუკეთესო ადგილი ლაგოდეხის ნაკრძალში განტვირთვისთვის
„ევროკავშირის გვერდში დგომა ძალიან დიდი ავტორიტეტია. ევროკავშირმა ცნობადობის გაზრდის ძალიან დიდი კამპანია გააკეთა როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ასევე ჩვენი სასტუმროსა და ტერასის შესახებ. თავად ევროკავშირიც ელჩი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მოადგილეც კი იყვნენ ჩვენთან ჩამოსულნი! როცა უცხოელი სტუმრები მოდიან, ხედავენ ევროკავშირის დროშას და იგებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, უფრო მეტად გვენდობიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.“
„სასტუმრო ტყეში“, იგივე Wald Hotel Lagodekhi ახდენილ ოცნებას ჰგავს. ეს არის ერთადერთი სივრცე ბუნებრივი ლანდშაფტით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანს შესაძლებლობა აქვს, დასვენების შესახებ საუკეთესო წარმოსახვა რეალობად აქციოს: ტყისა და უნიკალური ბუნების გარემოცვაში კომფორტულ ტერასაზე განთავსდეს, მშვიდ გარემოში განიტვირთოს, იკითხოს წიგნები, იფიქროს, უყუროს ფილმებს და გემრიელადაც მიირთვას; ამასთან, არ დაკარგოს სივრცისა და ბუნების აღქმა, რადგან აქ არ არსებობს არანაირი საზღვარი ტერასას ეზოსა და ნაკრძალის ტერიტორიას შორის. უსაზღვროა შთაბეჭდილებებიც, რომელთაც შესანიშნავად შეკრული კონცეფცია განაპირობებს. ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით ახდა ოცნება, რომელიც დღეს ათასობით კმაყოფილ გულშემატკივარს აერთიანებს და ბევრ საერთაშორისო მოგზაურს, დამსვენებელს, ადგილობრივ ოჯახს, ბავშვებს, მეგობრებს თუ უბრალოდ ლაგოდეხის ნაკრძალში წამსვლელ ან ნაკრძალიდან დაბრუნებულ ადამიანებს გულწრფელ მასპინძლობასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
სასტუმრო ვალდის დამფუძნებელი ვალერი კერესელიძე წლების დანაზოგით ტურისტული სფეროს მომსახურების განხორციელებაზე დიდხანს და აქტიურად ფიქრობდა. საკუთარ პროექტზე მუშაობას უკვე იწყებდა მაშინ, როდესაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული შენობის შესახებ შეიტყო. სახელმწიფოს შემოთავაზება მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. შედეგად, 2016 წლის აგვისტოში ვალერი კერესელიძესა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც კაფეტერიისა და სასტუმროს მოწყობას გულისხმობდა. სასტუმროს ექსპლუატირებისთვის საჭირო იყო სარემონტო სამუშაოების განხორციელება და შესაბამისი ინვენტარის უზრუნველყოფა.
„არაფერი არ იყო ცარიელი კედლებისა და შესანიშნავი ბუნების გარდა, თუმცა მე ამაზე იმდენად დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ სირთულეებს არ შევუწუხებივარ. ამასთან, ძალიან ბედნიერი ვიყავი სახელმწიფოს შემოთავაზებით, რადგან ვთვლი, რომ ამაზე კარგ ადგილს ლაგოდეხში ვერსად ვერავინ ნახავს!“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს. ნაკრძალში დღეისათვის მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ძირითადი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა როგორც ფლორით, ასევე ფაუნით, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და ენდემური სახეობებით.
ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) ნაკრძალი იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გლობალური ეკო-რეგიონი და საერთაშორისო კონსერვაციის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და, ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კვალიფიცირდება Natura 2000-ისთვის, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე ყველაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების გადარჩენაზეა ორიენტირებული.
ვალერი კერესელიძემ სწორედ ამ ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება დამოუკიდებლად, საკუთარი დანაზოგით დაიწყო. საქმიანობის სამომავლო წარმატება, გარკვეულწილად, მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამაც განაპირობა: თბილისში ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვალერმა სწავლა ისევ ეკონომიკის განხრით, თუმცა ამჯერად გერმანიაში განაგრძნო, 6 წელი იქვე სასტუმროშიც იმუშავა და, ფაქტობრივად, შეიძინა მეორე პროფესია, რომელიც ყოველთვის იზიდავდა და მოსწონდა. გერმანიაში მოღვაწეობის გამოცდილება სასტუმროს დასახელებაშივე იკითხება: Der Wald – ტყე, Hotel – სასტუმრო. ვალერს სურდა, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ისევ საქართველოში გამოეყენებინა და თბილისში დაბრუნების შემდეგ კაფეტერიისა და საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელობას მიჰყო ხელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმროს ამოქმედებამდე ვალერს უკვე ჰქონდა მსგავსი ტიპის საქმიანობის გამოცდილება და სურვილი, რამაც მას ახალი ბიზნესის წარმართვა კიდევ უფრო გაუმარტივა.
„ბავშვბიდანვე ვოცნებობდი, რომ მქონოდა ჩემი, ზუსტად ასეთი ტიპის სასტუმრო“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
სასტუმრომ თავისი კაფეტერიით მალევე დაიწყო ფუნქციონირება. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება. ახალ ინიციატივას სტუმრობდნენ არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლები, არამედ ადგილობრივებიც, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დამთვალიერებლები თუ ტყეში სასეირნოდ გამოსული ადამიანებიც, სასტუმროს კი არ ჰქონდა სივრცე, სადაც მსგავს სტუმრებსაც გაუმასპინძლდებოდა. არსებულ კაფეტერიას რამდენიმე მაგიდის განთავსებისა და მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის დილის საუზმის შეთავაზების რესურსი გააჩნდა.
„სხვა სტუმრების მიღებას ვახერხებდით მხოლოდ მაშინ, როცა სასტუმროში დამსვენებლები არ იყვნენ“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
საჭირო იყო, შექმნილიყო ახალი სივრცე, სადაც ტყეში სასეირნოდ წამოსული ადამიანები, ლაგოდეხის ნაკრძალში მოსული უცხოელი თუ ქართველი ვიზიტორები განთავსდებოდნენ, წვიმასა თუ ქარს შეაფარებდნენ თავს, პარალელურად კი კაფეს მომსახურებით ისარგებლებდნენ, ისაუბრებდნენ, წიგნებს წაიკითხავდნენ და ხანგრძლივი სეირნობის შემდგომ დაისვენებდნენ. სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა ENPARD, რომელმაც სასტუმრო ვალდის ყოველდღიურობა სრულიად შეცვალა.
ვალერი კერესელიძემ ENPARD-ის შესახებ სასტუმროში სტუმრად მოსული ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისგან შეიტყო.
ლაგოდეხში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარმოადგენს დამოუკიდებელ პლატფორმას, რომლის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თემების მობილიზაცია მათთან თანამშრომლობისა და მათი გაძლიერების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის განვითარებას. LAG-ი LEADER მიდგომის ნაწილია, რომელიც ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისათვის გამოიყენება და რომლის მორგებაც საქართველოს რეალობაზე ხდება. ლაგოდეხის LAG-ი აერთიანებს მუნიციპალიტეტის 15-ივე თემის წარმომადგენლებს: კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სახით.
ევროკავშირის პარტნიორმა, მსოფლიოში სიღარიბის შემცირებაზე ორიენტირებულმა წამყვანმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-მა ხელი შეუწყო ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნაში, რომელიც ემყარება კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და აერთიანებს ადგილობრივ მხარეებს, ადგილობრივ მოთხოვნებს და ტერიტორიულ რესურსს, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობების ქმედითი გამოყენება.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები აერთიანებს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას, გარემოს დაცვას, ცხოვრების ხარისხის და სერვისების გაუმჯობესებას; ეკონომიკური საქმიანობების მეშვეობით ხელს უწყობს დასაქმების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნას მუნიციპალიტეტების სოფლებში და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების მხარდაჭერას; სოფლის განვითარების ვერტიკალური (ქვევიდან ზევით) მიდგომის ევროპული პრაქტიკის და დეცენტრალიზებული მიდგომების გაძლიერებას; სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას; მუნიციპალური განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერასა და სხვა მრავალს.
ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კონსულტაციების შემდეგ, ვალერი კერესელიძემ ENPARD-ის შესახებ სათანადო ინფორმაცია დეტალურად თავად მოიძია. ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია CARE-ის მიერ საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, სასტუმროს დამფუძნებელმა ორი ინიციატივა წარადგინა – როგორც ტერასის, ასევე ფანჩატურის მშენებლობის შესახებ. სტანდარტული პროცესის გავლის შემდეგ დადებითი პასუხი მიიღო და ახალ საქმიანობასაც შეუდგა. მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან, განსაკუთრებით კი მშობლებისგან, რომლებიც სწორედ ლაგოდეხთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობდნენ.
„ყველას ძალიან უხაროდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ულამაზესი და ეკოლოგიურად სუფთა ადგილი. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს კარგი საქმეა. ჩვენ ამით ვასახელებთ ჩვენს ლაგოდეხს და ჩვენი შრომით მაგალითს მივცემთ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს… ბევრს იმედი ჰქონდა გადაწურული და ფიქრობდა, რომ ლაგოდეხში არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩვენ მაგალითი მივეცით ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ რეგიონებში და აქ აკეთონ თავიანი საქმე, მიხედონ თავიანთ ადგილ-მამულებს“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
ადაპტირებული, გაგრილებისა და გათბობის სისტემით აღჭურვილი ENPARD-ის ტერასა პირდაპირ მიედგა სასტუმროს შენობას, ფანჩატური ეზოს უკანა მხარეს განთავსდა, კომპლექსი კი ახალი სტუმრების გამასპინძლებისთვის მალევე იყო მზად. შუშით გადახურული ტერასა კომფორტულია ყველანაირ ამინდში და ადგილზე მოსულ სტუმრებს სთავაზობს ევროპულ და ქართულ სამზარეულოს, დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე. ამასთანავე, ტერასა მნიშვნელოვნად გამოირჩევა ლიტერატურული თუ შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებით.
„ჩემი ინტერესი არ იყო მხოლოდ კვების ობიექტის შექმნა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შექმნილიყო ლიტერატურული კაფე წიგნების თაროებით, სადაც მოვიდოდნენ სტუმრები, რომელთაც აინტერესებთ წიგნის კითხვა, საღამოს ფილმების ჩვენება…ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზდების თავშეყრის ადგილი, სადაც მათ ერთმანეთისთვის იდეების გაზიარება შეეძლებოდათ; სივრცე, სადაც ოჯახები, ბავშვები, მეგობრები ყოველდღიურად ამოვიდოდნენ და სასიამოვნო გარემოში განთავსდებოდნენ. სასტუმროს რესტორანი არასდროს მოუხდება იმიტომ, რომ ან ერთის სტუმარი უნდა იყოს უკმაყოფილი ან მეორის. რესტრანში მოსულ ადამიანს უფრო ხანგრძლივი დროის გატარება სჭირდება, რაც სასტუმროს სტუმრისთვის, მითუმეტეს ტყეში მოსული დამსვენებლისთვის არ არის კომფორტული. აქ დაცული ტერიტორიებია, სტუმრები მოდიან ტყეში, შესაბამისად, მათ სიწყნარე სჭირდებათ. ვფიქრობ, მე ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელე და ყველა სტუმრისთვის კომფორტული გარემო შევქმენი“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
ვალერი კერესელიძე თავად თბილისში ცხოვრობს, მისი მშობლები კი ლაგოდეხში არიან და საქმეს ყოველდღიურად ადგილზე კურირებენ. შვილები ჯერ პატარები არიან, თუმცა ეზოს დასუფთავებაში უკვე უფროსებსაც ეხმარებიან. რაც მთავარია, ადგილზე მოსულ სტუმრებს ართობენ და იმეგობრებენ. თითოეულს ერთი სული აქვს, როდის მოვა ზაფხული, რომ არდადეგები სოფელში გაატარონ და მთელი დღის განმავლობაში ENPARD-ის ტერასის გარშემო, ნაკრძალში ითამაშონ.
ამჟამად სასტუმრო ვალდში არის 9 ნომერი, რაც ერთდროულად მაქსიმუმ 30 დამსვენებლის გამასპინძლებას უზრუნველყოფს. ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური, ასევე საოჯახო ტიპის ნომრები. კომპლექსსში სისტემატიურად 9 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა ხშირად 15-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ვალერი კერესელიძე საკუთარ საქმიანობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.
„მშობლების ლაგოდეხში ცხოვრების გამოცდლება ძალიან გამოსადეგი იყო ბიზნესის განხორციელებისთვის. ჩვენს ოჯახს იცნობდნენ, პატივს სცემდნენ, ენდობოდნენ… მშობლების ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩვენთვის კი მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ყველა გვიცნობდა. ამასთან, ეს დაცული ტერიტორიებია, სადაც არცერთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ აქ შეცდომა არ გეპატიება. ბევრი გვსმენია ქალაქში არსებულ ბევრ რესტორანსა თუ კაფეზე, რომლებიც ბოლომდე კეთილსინდისიერად არ მუშაობენ. ჩვენ კი პირველ რიგში ვუფრთხილდებით ჩვენი ოჯახის იმიჯს და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას, სადაც ბევრი ჯერ ნამყოფიც არ არის. მე არაფრად მიღირს ისეთი საქმიანობა, როცა ადამიანი ნაკრძალში ჩამოსვლას გადაწყვეტს და შემდეგ იმედგაცრუებული წავა. მეც მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის განვითარებაში. აქ ყოფნა და ქვეყნისთვის რაღაცის კეთება უფრო დიდი ბედნიერებაა. ეს არის საქმე, რომელიც თან ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს“.
ვალერი კერესელიძის შემართებამ დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივ მოსახლეობაზე. მაშინ, როდესაც სასტუმრო ვალდი ფუნქციონირებას იწყებდა, ლაგოდეხში ოფიციალურად სულ 8 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 20-ზე მეტია. ადგილობრვებმა დაინახეს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც სტუმარს გაუმასპინძლდები, იქნება ეს მარანი თუ პურის საცხობი… მოსახლეობა ამ საკითხს საკმაოდ მონდომებით მოეკიდა. შედარებისთვის, თუ 2 წლის წინ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 20,000 ვიზიტორი ჰყავდა, წელს დამთვალიერებლების რაოდენობამ 50,000-ს მიაღწია.
„უკვე მეორე ზაფხულია, რაც სასტუმრომ და ტერასამ იმუშავა. წინა ზაფხულთან შედარებით ეს ზაფხული უფრო დატვირთული იყო, მეტი სტუმარი გვყავდა. ამასთან, ხშირად ცუდი ამინდი იყო, ნაკრძალში მოსული ადამიანები აღარ შედიოდნენ ტყეში, ტერასაზე რჩებოდნენ და მთელ დღეს ჩვენთან ატარებდნენ.
ENPARD-ის ტერასა რომ არ შექმნილიყო, ლაგდეხის ნაკრძალის დასათვალიერებლად მოსულ სტუმრებს ჩვენ ვერ გავუმასპინძლდებოდით. დარწმუნებული ვარ, ბევრი მოვიდოდა, თუმცა ჩვენ ბოდიშის მოხდა და მათთვის უარის თქმა მოგვიწევდა, რათა სასტუმროს დამსვენებლებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა. ევროკავშირის მხარდაჭერით კი ახლა არსებობს ცალკე სივრცე, რომელიც ხელს არ უშლის არავის. პირიქით, ENPARD-ის ტერასა დღეს უკვე ბევრი ადგილობრივისა თუ დამთვალიერებლის საყვარელი ადგილია! მე აუცილებლად გავაკეთებდი ტერასას, თუმცა ამისთვის დამჭირდებოდა წლები, დანაზოგის შეგროვება… ENPARD-თან ერთად რამდენიმე წლით წინ გადავდგი ნაბიჯი და უფრო ადრე დავიწყე როგორც საკუთარი ბიზნესის, ასევე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
ENPARD-ის ტერასას მრავლად ჰყავს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუმრები. ბიზნესის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად ვალერი კერესელიძე თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან, შესაბამის ვებ-გვერდებთან, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებსა და პირად კონტაქტებს. ამასთან, სტატისტიკა ასეთია: ერთი კმაყოფილი სტუმარი მინიმუმ 5 სტუმარს აუცილებლად აგზავნის. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ქართველ დამსვენებელთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა ხშირია ქართული კორპორატიული ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების მიერ ტრენინგებისა და ბანაკების ორგანიზების შემთხვევები. ქართველი ინდივიდუალური სტუმრები ოჯახებით, ბავშვებთან ერთად, უფრო შაბათობით ჩამოდიან.
„ევროკავშირის გვერდში დგომა ძალიან დიდი ავტორიტეტია. ევროკავშირმა ცნობადობის გაზრდის ძალიან დიდი კამპანია გააკეთა როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ასევე ჩვენი სასტუმროსა და ტერასის შესახებ. თავად ევროკავშირიც ელჩი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მოადგილეც კი იყვნენ ჩვენთან ჩამოსულნი! როცა უცხოელი სტუმრები მოდიან, ხედავენ ევროკავშირის დროშას და იგებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, უფრო მეტად გვენდობიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში“ – აღნიშნავს ვალერი კერესელიძე.
სამომავლო გეგმები ბევრია და ამბიციური. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში, ვალერი კერესელიძე გაფართოებასა და მეორე სართულის დაშენებაზე, ან ეზოში ხის კოტეჯების დადგმასა და სამზარეულო/სადეგუსტაციო/მასტერკლასების ჩასატარებელი სივრცის მოწყობაზე ფიქრობს. ლაგოდეხში ჩამოსული სტუმრებისთვის უფრო მრავალფეროვანი, უფრო კომფორტული გარემოსა და მეტი აქტივობის შეთავაზება სამომავლო გეგმების განუყოფელი ნაწილია. დანაზოგი უკვე არსებობს, ახლა სახელმწიფოს მზაობა და დიდხნიანი იჯარის ორგანიზებაა საჭირო. ვალერი კერესელიძე ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია, ტერასაზე სეზონის დასრულებას ელოდებიან. 2 წლის გამოცდილებასა და მუშაობას შეაჯამებენ და აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რაც უკეთესია.
მანამდე კი, ვისაც ბუნება, სუფთა ჰაერი და ტყეში დასვენება გაინეტესებთ, თბილისიდან 150 კილომეტრის სავალზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავთ. კომფორტულად წახვალთ მანქანით, ნახავთ ულამაზეს ნაკრძალს, ჩანჩქერებს, ტბებს, ბიომრავალფეროვან სანახაობას… ისეირნებთ, დაიღლებით, შემდეგ კი თქვენს დასვენებასა და გამასპინძლებაზე აუცილებლად იზრუნებს ENPARD-ის ტერასა!
ავტორი: თეა ღვინაძე