იდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე: ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში დასაქმდა
არუსიაკ ფარმანიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, იმ 10 ახალგაზრდას შორის მოხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება, „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით მისი ამბავი პროგრამის ფარგლებს გასცდა და 1-თვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან დასაქმების შეთავაზება მიიღო.
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა“ (YPP) მიზნად ისახავდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. პროექტს ორგანიზაცია CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
YPP-ის ფარგლებში კონკურსის შედეგად, 10 ნიჭიერი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებმაც თბილისში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში (CSO) 1-თვიანი სტაჟირება გაიარეს. ამ ეტაპის შემდეგ ახალგაზრდებმა შეიმუშავეს და თავიანთ რეგიონებში განახორციელეს ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურებოდა. ინიციატივების ძირითადი ნაწილი ორიენტირებული იყო ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე. პროგრამის ფარგლებში თითოეულმა მონაწილემ 500 ევროს ეკვივალენტი ლარში შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
პროგრამა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა არუსიაკ ფარმანიანისთვის, რომელიც ახალქალაქს წარმოადგენდა. მან პროექტის ასისტენტის პოზიციაზე 1-თვიანი სტაჟირება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) გაიარა, სადაც სტაჟირების შემდეგ დასაქმების შეთავაზება მიიღო. არუსიაკი ორგანიზაციაში იმავე პოზიციაზე დასაქმდა და დღემდე განაგრძობს მუშობას ISFED-ში.
„მონაწილეობა მივიღე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ერთთვიანი სტაჟირება გავიარე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში(ISFED).
ამ შესაძლებლობამ ხელი შემიწყო სამომავლო გეგმების რეალიზებაში, მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში, მათ შორის, შინაგანი მოტივაციის ამაღლებაში. მიზნად ვისახავ ჩემი შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გამოყენებით, მაქსიმალური წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობასა და განვითარებაში“, – აღნიშნავს არუსიაკი.
არუსიაკ ფარმანიანის მიერ თავის თემში განხორციელებული ინიციატივა უკავშირდებოდა ქალების გაძლიერებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით. ამ მიზნით მან ახალქალაქში სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
„ჩემს თემში ამ საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობაა, ამიტომ ხმამაღლა საუბარი ძალიან საჭიროა. გარდა ამისა, ქალების დიდი ნაწილი არაა დასაქმებული და არ ფლობს ინფორმაციას საკუთარ უფლებებზე. შესაბამისად, მათი სოციალური ინტეგრირება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. საკუთარი უფლებების დაცვაზე ცნობიერების გაზრდა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ – აცხადებს არუსიაკი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია პირველ ევროპელთან(FE) ერთად.
პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებასა და მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მიმწოდებელს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობასა და ამით სოციალური სერვისების გაუმჯობესებას.