„იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“: ინკლუზიური ხელოვნების გაკვეთილები ქუთაისში
ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით, შემოქმედებითი ადამიანების გუნდი ქუთაისში ინკლუზიური ხელოვნების წახალისებას უწყობს ხელს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ყოველკვირეულად იკრიბებიან თანამედროვე ცეკვის სასწავლად და დროის ერთად გასატარებლად. ისინი ასევე ხვდებიან ადგილობრივ ხელოვანებს და ესწრებიან ხატვის, ფოტოგრაფიისა და მუსიკის გაკვეთილებს.
„პროექტის, ‘იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე’, მთავარი მიზანი ქუთაისში ინკლუზიური საშემსრულებლო ხელოვნების, პერფორმანსისა და შემოქმედებითი პროცესის ტრადიციის დამკვიდრებაა“, — ამბობს მაკა ჩხაიძე, ინკლუზიური ხელოვნების სპეციალისტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი.
პროექტის, „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“, წამოწყებამდე მაკამ თბილისში გამართა ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილები და ახლა ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვიდი პირისა და შვიდი პროფესიონალი მოცეკვავისგან შემდგარ ანსამბლს უძღვება. „ორი წლის განმავლობაში დავინახე, როგორ იცვლებოდა ადამიანთა დამოკიდებულება ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნებისა და პერფორმანსისადმი და როგორ ფართოვდებოდა იმის აღქმა, თუ რას შეიძლება ეწოდოს ხელოვნება“, — აღნიშნავს მაკა, — „ჩვენი საშემსრულებლო ნომრებით ჩვენ ვაწესებთ იმის ახალ სტანდარტებს, თუ რისი გაკეთება და რისი დანახვა შეიძლება სცენაზე“.
ამ გამოცდილებამ მაკას გააცნობიერებინა, რომ „საჭიროა, ეს პროცესი თბილისში არ იყოს ცენტრალიზებული და რეგიონებსაც მისწვდეს“. როცა EU4Culture-ის კულტურული და ინოვაციური პროექტების ღია კონკურსის შესახებ შეიტყო, მაკა ქუთაისში მცხოვრებ ინკლუზიური ცეკვის სპეციალისტს, ტიმოთი ოდინს დაუკავშირდა. ტიმოთი ცეკვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება, მოგვიანებით კი მან ამ სფეროში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქცევით თერაპიას შეუხამა.
„პროექტი, ‘იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე’, იმით დაიწყო, რომ მაკამ მეილი გამომიგზავნა და მკითხა, ქუთაისში ინკლუზიური ხელოვნების გაკვეთილების ჩატარების იდეა თუ დამაინტერესებდა“, — იხსენებს ტიმოთი. ასე შემუშავდა და განხორციელდა შემოქმედებითი ინიციატივა, რომელიც, ტიმოთის აზრით, „მოძრაობისა და ხელოვნების სილაღეს ქუთაისის თემს უზიარებს და რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არმქონე ადამიანები ერთად მუშაობენ და აცნობიერებენ, რომ ხელოვნება არსებითად ინკლუზიურია“.
ცეკვისა და მოძრაობის გაკვეთილები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ტიმოთისა და სხვა პროფესიონალი მოცეკვავეებისგან ყოველკვირეულად სწავლობენ თანამედროვე ცეკვის ილეთებს. ყოველი შეხვედრა იწყება კუნთების გამახურებელი ვარჯიშით, რის მერეც ბავშვები ენერგიული მუსიკის ფონზე ცალკე ან წყვილებად ცეკვავენ. რითმული მუსიკა ბავშვებს თავისუფლად მოძრაობისკენ უბიძგებს და სილაღით ავსებს. მშობლებიც დარბაზში არიან და შვილების ხალისიან ცეკვას სიამოვნებით უყურებენ.
ამას გარდა, მაკა და ტიმოთი მოძრაობის თერაპიასა და კონტაქტური და თანამედროვე ცეკვის სესიებს ფსიქოთერაპევტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვისაც ატარებენ. ამ გზით ისინი ქუთაისში ინკლუზიური ცეკვის თერაპიულ პრაქტიკას ამკვიდრებენ, რათა პროექტმა მას მერეც იქონიოს დადებითი გავლენა, რაც 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.
ქუთაისში საჯარო პერფორმანსისთვის მზადება
გაკვეთილები კონკრეტული მიზნით ტარდება: „პროექტის ბოლო ეტაპზე პროფესიონალ მოცეკვავეებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად ინკლუზიური ცეკვის პერფორმანსს ჩავატარებთ“, — ამბობს მაკა, — „ეს იქნება პროექტის კულმინაცია“. 2024 წლის ზაფხულში ცეკვის გაკვეთილების მონაწილეები და ორგანიზატორები ერთად აჩვენებენ ხელოვნებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ძალას და ამ გზით კულტურის სფეროში დამკვიდრებული ცნებებისა და სტანდარტების გამრავალფეროვნებას შეუწყობენ ხელს.
„სცენა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნიჭისა და უნარების გამოსავლენად“, — აღნიშნავს მაკა, — „ბავშვების პერფორმანსის შემყურე აუდიტორია აცნობიერებს, რომ მათ სცენის მიღმა, რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ“. ის ასევე მიიჩნევს, რომ ხალხის წინაშე პერფორმანსის დადგმა თვითგამოხატვის ყველასთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა.
ადგილობრივი შემოქმედებითი თემების გააქტიურება
პროექტის, „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“, გუნდი ცეკვის გარდა სხვა სახელოვნებო მიმართულებებითაც ატარებს გაკვეთილებს. „გვინდა, რომ ქუთაისის ხელოვანთა თემიც გავააქტიუროთ და ადგილობრივ ხელოვანებს ჩავატარებინოთ გაკვეთილები მუსიკის, ფოტოგრაფიისა თუ ხატვის მიმართულებით“, — ამბობს ტიმოთი.
„გვინდოდა, რომ ქუთაისელი ხელოვანებისთვის ინკლუზიურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა მიგვეცა“, — ურთავს მაკა, — „ჩვენი დახმარებით ისინი იგებენ, თუ რას ნიშნავს ინკლუზიურობა და ხედავენ პოტენციალს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში იმალება“.
ამგვარად, პროექტის, „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“, გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, ცეკვის გაკვეთილებზე დამსწრე ბავშვები თვითგამოხატვას ხელოვნების სხვა ფორმებითაც შეისწავლიან. აკრილის საღებავები, ფუნჯები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ფოტოკამერები და სხვა ნივთები ქუთაისელი ხელოვანების დახმარებით ფიქრებისა და იდეების ხორცშესასხმელ ინსტრუმენტებად გარდაიქმნება.
ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიასთან კავშირი
2022 წელს ქუთაისმა ევროკავშირის მხარდაჭერილი EU4Culture პროექტის ფარგლებში კულტურის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. მუნიციპალიტეტი ამ სტრატეგიას, რომელშიც ინკლუზიურობა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტადაა წარმოჩენილი, ადგილობრივი შემოქმედებითი სექტორის განვითარებისთვის იყენებს.
„ქუთაისი გასაოცარი ტრადიციებისა და კულტურული გამოცდილების მქონე ქალაქია“, — აღნიშნავს მაკა და მიიჩნევს, რომ „ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგია არსებულ ტრადიციებს თანამედროვე ტენდენციებს უზავებს და ამ გზით უწყობს ხელს მის განვითარებას“.
„ინკლუზიური ხელოვნება სახელოვნებო სფეროში გლობალურად აქტუალური თემაა. ამ ტენდენციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შემოქმედებით პროცესში ჩართვის შესაძლებლობის მიცემაა,“ — გვიხსნის მაკა, — „ინკლუზიურობა ქუთაისის სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ კუთხით უკავშირდება მას ჩვენი პროექტი“.
ხელოვნება როგორც თვითგამოხატვისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება
„ხელოვნებაში არ არსებობს სწორი და არასწორი“, — ამბობს ტიმოთი, — „ის არის, რაც არის — ის არსებობს“. მას სჯერა, რომ გამოხატვა ხელოვნების ფუნდამენტური ნაწილია და ის ადამიანებს სრულყოფილად ცხოვრებისა და საზოგადოებაში სათანადოდ ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ. ტიმოთი ასევე ხაზს უსვამს ფიქრების გამოთქმის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ „თუ საკუთარ თავს ვერ გამოხატავ, ამით დიდი რაოდენობით სტრესი გიგროვდება“. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ „კეთილდღეობისთვის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა მნიშვნელოვანია“.
პროექტის, „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“, ხელოვნების გაკვეთილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სწორედ ამაში ეხმარება — ისინი საკუთარ თავს ერთმანეთის, მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე გამოხატავენ. ამასთანავე, პროექტის საბოლოო პერფორმანსისას მათი ნიჭი ფართო აუდიტორიის წინაშეც გამოვლინდება.
EU4Culture-ის მიერ მხარდაჭერილი კულტურული და ინოვაციური პროექტები
„იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“ საქართველოში მიმდინარე ოთხი კულტურული და ინოვაციური პროექტიდან ერთ-ერთია. ამ ინიციატივებს არაკომერციული ორგანიზაციები ქუთაისსა და ფოთში ახორციელებენ. საქართველოში მოქმედი ოთხი პროექტის გარდა, EU4Culture-მა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 11 ინიციატივას, რომლებიც სომხეთის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის რეგიონებში ხორციელდება.
პროექტის, „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“, მსგავსად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა კულტურული და ინოვაციური პროექტებიც შესაბამისი ქვეყნების რეგიონული ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიებთანაა თანხვედრაში და მათ რეალიზებას უწყობს ხელს.