IOM აძლიერებს საქართველოს საზღვრის რისკის ანალიზის უნარებს რეგიონულ დონეზე, საერთო სტანდარტების დასანერგად
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) წარმატებით ჩაატარა საზღვრის რისკების ანალიზის სასწავლო კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) რეგიონული დანაყოფებების წარმომადგენლებისთვის. ექვსი ტრენინგ-სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SAFE პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ბათუმში, ახალციხესა და თელავში ჩატარდა, მიზნად ისახავდა შსს-ს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე მომუშავე თანამშრომლების კომპეტენციების ამაღლებას. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზის და შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტების მომზადების საკითხები. განხილული რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ახლახანს დამტკიცდა შსს-ში და ეფუძნება ევროკავშირის საერთო ინტეგრირებული რისკის ანალიზის მოდელს (CIRAM).
აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საზღვრის რისკის ანალიზის საერთო სტანდარტების დანერგვას შსს-ს დანაყოფებში: სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მიგრაციის დეპარტამენტი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი. ტრენინგი ასევე ემსახურებოდა შიდაუწყებრივი კოორდინაციის გაუმჯობესებას და ინფორმაციის გაზიარების ავტომატიზებული მექანიზმების დანერგვას, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების და უკანონო მიგრაციასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
აღნიშნული სასწავლო კურსი ჩატარდა ადგილობრივ ტრენერების მიერ, რომლებმაც წლის დასაწყისში წარმატებით დაასრულეს ტრენერთა ტრენინგის კურსი, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული IOM პროექტის – BMMAG ფარგლებში.
პროექტი „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ხორციელდება „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში. მისი სრული ბიუჯეტი 8.2 მილიონი ევროა. 2019 წლის დეკემბერში დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს სასაზღვრო უწყებების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოში და მთლიანად რეგიონში.