ისტორიები გამბედაობის შესახებ: ცხრა ქალი, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დგას
მე ლილიანა ვარ. რაჭაზე ზრუნვა და მის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა ყოველთვის მინდოდა. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება გამოვძებნე. სტუდენტობის შემდეგ დავბრუნდი ონში და ჩემი ოცნების ახდენის პირველი შესაძლებლობაც გამოჩნდა, მცირე საგრანტო კონკურსის და ჩემი მასწავლებლის დახმარებით დავაარსე სოციალური საწარმო „ედენა“ – ტრადიციული რეწვის სახელოსნო ონში.
თავიდან ჩვენთან მოსული ქალები შეშინებული და ნაკლებად თავდაჯერებული იწყებენ სწავლას, თუმცა, დაარსებიდან დღემდე 70 – მდე ქალმა საკუთარ თავში აღმოაჩინა ის ნიჭი და უნარი, რაც იქამდე ვერც წარმოედგინა. დღეს 15 ქალი უკვე დასაქმებულია ჩვენთან და 14 კიდევ გადამზადების ეტაპზეა.
ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ როგორ იცვლებიან ისინი. ბედნიერიც ვარ და ამაყიც, რადგან ვეხმარებით სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, დევნილებს, ძალადობის მსხვერპლებს, უმუშევრებს, შშმ-ს სტატუსის მატარებლებს და მარჩენალ დაკარგულებს. მათი გაერთიანებით შემოქმედებაში სოციალური მეწარმეობის პირველი პრეცედენტი შევქმენით რაიონში.
ასეა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული რაჭველი ქალები ვქმნით ერთმანეთის და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების საინტერესო მაგალითს. ეს ყველაფერი ძალიან ჰარმონიული, ფერადი და შემოქმედებითია, ისე როგორც ჩვენი ქალები.
იორმუღანლოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩატარებული ფსიქოლოგიური სეანსები ჯგუფური თერაპიის ფორმატით წარიმართა.
ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის რთულია საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბის გაზიარება სხვების თანდასწრებით ხდება. ხვდები რომ არავის ენდობიან. ნდობის მოპოვება კი ყველაზე რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არსებობს ბევრი გამოწვევა, სირთულე, მათ შორის აღმოჩნდა რამდენიმე ქალი, რომლებმაც შეძლეს დაეძლიათ შიში და უხერხულობა და სხვებსაც გაუმარტივეს თერაპიის პროცესი.
მინდა ერთ, ასეთ გამორჩეულ ქალზე მოგიყვეთ, პირობითი სახელით – ესმა. როგორც ვთქვი, ყველას უჭირდა ლაპარაკის დაწყება, ზოგს სირცხვილის , ზოგს კრიტიკის შიშის, ზოგსაც კი უნდობლობის გამო. სიჩუმე ესმამ დაარღვია: ,,ოჯახიდან წამოვედი ძალადობის გამო, დიდი ხანი გრძელდებოდა… რთული იყო წამოსვლა. ორი გოგო მყავს. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ რჩებოდა. ნაბიჯი უნდა გადამედგა. წამოვედი და ჩემი შვილებიც წამოვიყვანე.
ახლა ერთად, ერთ პატარა სახლში ვცხოვრობთ, რთული გზა გავიარე. ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ დამეწყო დეპრესია. მრცხვენოდა ჩემი წარსულის. მრცხვენოდა იმის, რომ ოჯახი დავანგრიე. აქ, ჩვენთან ოჯახის დანგრევა სირცხვილია. ბევრიც ჩუმად ლაპარაკობს და ფიქრობს, რომ ამის გამო სუსტი ყოფაქცევის ვარ. მეშინოდა ამის მოსმენა. ამის გამო სახლიდან 2 წელზე მეტი არ გავდიოდი. მეშინოდა სხვა რას იტყოდა. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ
მივმხვდარიყავი – მთავარი ჩემი შვილების და ჩემი ბედნიერება იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა სხვების აზრს. მე ხომ ვიცი, რომ მათი უმრავლესობა ძალადობის ქვეშ ცხოვრობს. მაგრამ მათიც მესმის, მათაც ისე ეშინიათ, როგორც მე მეშინოდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ჩემთვის მთავარი მიზანი ის არის, რომ ჩემ შვილებს მივცე თავისუფლება. ვცდილობ კიდეც. ხალხს ამის ხშირად არ ესმის. მომისმენია ჩემ მიმართ კრიტიკაც, ამის გამო. მაგრამ მე სხვების აზრებით ცხოვრებას აღარ ვაპირებ. მინდა შვილებს განათლება მივცე. თვითონ შეძლონ გადაწყვეტილების მიღება.”
დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ ართმევს თავს მატერიალურ პრობლემებს თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, პასუხობს: ,,გაზაფხულიდან შემოდგომამდე მიწის სამუშაოებში ვარ ჩართული, ფულს ვაგროვებ ხოლმე ზამთრისთვისაც. ზამთარში ჩვენთან არაფერი ხდება. ვერ ვმუშაობ, მაგრამ დაზოგილი ფულით ვახერხებ ჩემი თავის და გოგოების რჩენას. მთავარი ის არის, რომ მშვიდად ვართ. ჩვენ სახლში არასდროს არ არის ჩხუბი. მუსიკას ჩავრთავთ ხოლმე და ვმღერით, ვცეკვავთ. მიწაც ძალიან მიყვარს, რომ ვმუშაობ ყველა პრობლემა მავიწყდება.”
ესმას მოყოლილმა ამბავმა, მისმა გულწრფელობამ სხვა ქალებიც აალაპარაკა, ნდობით განაწყო.
ქალები ერთმანეთს ამხნევებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, გახსნილად ჰყვებოდნენ პრობლემების დიდ ჯაჭვზე, რომელიც მათ პატარა სოფელში არსებობს. ფსიქოლოგებთან ერთად გამოსავალზეც ლაპარაკობდნენ .
არასრულწლოვანების ჯგუფში ესმას ორივე გოგონაა ჩართული, რომლებსაც დედის მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვთ. დედა არის მათთვის ის ადამიანი, რომელმაც მოახერხა როგორც საკუთარი, ასევე მათი უფლებების დაცვა და ამას დღემდე აკეთებს მათთვის თავისუფლების მიცემით. თავისუფლება, რომელიც გამოიხატება არჩევანში. ისინი ლაღად საუბრობენ მომავალ პროფესიაზე, ინტერესებზე. დედის ძლიერმა ხატმა მოახერხა, რომ გოგოებს არ აქვთ შიში გადაწყვეტილების მიღებისას. ფიქრობენ, რომ მათი
აზრი მნიშვნელოვანია. ფიქრობენ, რომ მიზანს ყველაფრის მიუხედავად მიაღწევენ.
ქმართან გაყრილი ვარ. ორი შვილი მყავს. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, დედოფლისწყაროში.
ძალიან კარგი სამსახური მქონდა. სასამართლოში ვმუშაობდი სხდომის მდივნად. პროფესიით იურისტი ვარ. სამსახურში შემცირებების გამო უმუშევარი დავრჩი. არ ვიცოდი, რა მექნა. მოხუცსაც ვუვლიდი და პარალელურად სულ ვეძებდი სხვა საქმეს.
რადგან პროექტის წარმომადგენლებმა მითხრეს, საქმეც და მასწავლებელიც მე უნდა შემერჩია, საოჯახო საწარმოს მივმართე და ვთხოვე, დამხმარებოდნენ მათი საქმე შემესწავლა. სიამოვნებით დამთანხმდნენ.
უკვე ვისწავლე რძის სწორად შენახვა, ცხიმიანობის გაზომვა. ახლა ველოდები გაზაფხულს, ბალახთან ერთად წველადობაც გაიზრდება და საწარმო ამუშავდება. სულ მეხმიანებიან, მეუბნებიან, როგორც კი მუშაობას დავიწყებთ, მოდი საწარმოშიო. მიხარია, რომ მელოდებიან და იმედი მაქვს ყველის გაკეთებასაც ვისწავლი.
მართალი გითხრათ კულინარიის სწავლაც მინდა. ცხობით ვერა, მაგრამ საჭმელი კარგი გამომდის. თუ საშუალება იქნა და ამ პროექტმა ეს სწავლაც დამიფინანსა, სასადილოში ან რესტორანშიც სიამოვნებით ვუმუშავებდი. ყველის გაკეთებაც მეცოდინება და იქნებ ოდესმე, ჩემი პატარა სასადილოც გავხსნა.
ადრე არასდროს მიმუშავია. მხოლოდ სახლის საქმით ვიყავი დაკავებული. სამი შვილით, ქმრის ოჯახში ვცხოვრობ. თვითონ საზღვარგარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა. ჩვენი სოფელი, ახალსოფელი, ყვარლის რაიონშია. დედამთილს და მამამთილს მეურნეობაში ვეხმარები. ფუტკარი გვყავს, თაფლს ვყიდით. ვენახს ვუვლით და ღვინოს ვაყენებთ, გასაყიდად.
არა, ოჯახისთვის. ბევრს ვშრომობ, მაგრამ, მართალი გითხრათ, მთელი ცხოვრება სხვა რამის კეთებაზე ვოცნებობდი. თაიგულების აწყობა მიყვარს, ყვავილებით ყველაფრის მორთვა.
მეზობლისგან გავიგე, რომ შემეძლო ნებისმიერი საქმე შემესწავლა პროექტში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა. მივედი, მოვუყევი ჩემზე, ჩემს მიზნებზე. გამაცნეს ძალიან კარგი ადამიანი, მარიამი რომელსაც ფლორისტობა ამ პროექტით ჰქონდა შესწავლილი და ახლა სხვებს ეხმარებოდა.
მარიამი ჩვენს სოფელთან ახლოს ცხოვრობს. ის თვითონ დადიოდა ჩემთან და მასწავლიდა ყველაფერს, რაც იცოდა, ლამაზი თაიგულების შექმნას, ხელოვნური ყვავილებით თაღების მორთვას. ერთხელ, თვითონ ჰყავდათ საქორწილო დარბაზის გასაფორმებლად მიწვეული. მეც წამიყვანა და მაგიდები გამაფორმებინა. ეს არის ის საქმე, რასაც ჩემთვის ბედნიერება მოაქვს.
ველოდები ხელსაყრელ დროს, რომ შევძლო ჩემი მაღაზიის გახსნას. ვარკვევ თბილისიდან სჯობს ყვავილის ჩამოტანა თუ აქ შეძენა. მე თვითონ რომ გავაშენო, ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. გვერდით სოფელში აქვთ სათბური და მათთან გავარკვიე რა ჯდება სათბურში ყვავილების მოვლა – პატრონობა. თუ გავხსენი მაღაზია, რაც ოცნებასაც ამიხდენს და ჩემს ოჯახს შემოსავალსაც მოუტანს, ამ პროექტის დამსახურება იქნება.
ქმართან და ექვს შვილთან ერთად ვცხოვრობ. უფროსი თხუთმეტისაა, უმცროსი – ჯერ ორის. დიდი ოჯახი თან ძალიან კარგია, თან ძალიან რთული.
ჩვენი სახლი სოფელ ანაგაშია. ბოსტნეულიც მომყავს, ქათმებსაც ვზრდი და თუ მსურველი იქნა, ვყიდი კიდეც.
ერთხელ სიღნაღის ქალთა ოთახში, იქ ყველა მიცნობს, მითხრეს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით რაღაც პროექტი იწყება, ქალებს სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში ეხმარებიანო. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა მესწავლა, რომ შემოსავალი მქონოდა. სახლში ადრეც ვაცხობდი ნამცხვრებს, პასკებს, ღვეზელებს. მივხვდი, თუ უკეთ შევძლებდი ამ საქმის კეთებას, კარგი იქნებოდა . შემოდგომაზე პროექტში ჩავერთე და სწავლა დავიწყე. არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ ჩემი ნამცხვრები მარტო სოფელში კი არა, სიღნაღშიც ძალიან მოსწონთ. ჯერ მაღაზიებში ვერ ვაბარებ, მაგრამ სახლში ბევრი მიკვეთავს.
მინდა ბევრი ვისწავლო და ჩემი შვილებისთვის მეტი შევძლო. კარგია როცა გეხმარებიან და უკეთესობისკენ ცვლიან შენს ცხოვრებას. მე 32 წლის ვარ და კიდევ ბევრს მოვასწრებ.
ძალიან ცნობისმოყვარე და ინტერესიანი ვარ. გათხოვებამდე, ხშირად ვიცვლიდი სამსახურს. სხვადასხვა სფეროში მინდოდა მომესინჯა ჩემი თავი. 18 წლიდან ხან ბანკში ოპერატორად ვმუშაობდი, ხან აფთიაქების ქსელში – მოლარედ. სკოლაშიც მიმუშავია მასწავლებლის დამხმარედ . სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელი, თავის მეექვსე მაღაზიას რომ ხსნიდა, მენეჯერი მე ვიყავი. მერე გავთხოვდი, შვილი შემეძინა და მივხვდი, ჩემი დრო მე უნდა განმეკარგა და საკუთარი თავის პატრონიც მინდოდა გავმხდარიყავი. სამუშაოდ თბილისში ვეღარ ვივლიდი. ბავშვს ბევრი დრო სჭირდება. მით უმეტეს, რომ ქმარსაც გავშორდი და მინდოდა პატარასთან ხშირად ვყოფილიყავი.
შემთხვევით მეგობრისგან გავიგე, რომ არსებობდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც როგორც მარტოხელა დედას შემეძლო, ამერჩია პროფესია, რომელსაც შემასწავლიდნენ. რადგან სამუშაო დრო ჩემით მინდოდა განმესაზღვრა, თავისუფალ პროფესიებზე ვფიქრობდი. მივხვდი ქალებზე, მათ სილამაზეზე ზრუნვა მომწონდა და პედიკიურისა და მანიკიურის კეთება გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ შემოსავლიანი საქმე იყო.
პროექტს თავისი მენტორებიც ჰყავდა, მაგრამ მითხრეს, თუ გინდა მენტორი შენ თვითონ იპოვე და ჩვენ გადავიხდით სწავლის ფულსო. ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანი ვიპოვე. მეგიმ ყველაფერი მასწავლა, რაც იცოდა და ახლა თავის კლიენტებსაც მიგზავნის. თელავის ერთ სალონში პატარა ფართი ვიქირავე და ვმუშაობ. ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ ბავშვთან დარჩენა მჭირდება, კლიენტს მაშინ ვიბარებ, როცა მისი დატოვება შემიძლია. შემოსავალიც მაქვს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ბევრი ქალი ვიცი, ვისაც პროექტი ძალიან დაეხმარა. ახლა ვფიქრობ, იქნებ კიდე მეტად ავიმაღლო ამ სფეროში ცოდნა. ამ საქმეს სულ სწავლა სჭირდება.
ახლა მშობლებთან ერთად ვცხოვრობ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში.
ჩემი პატარა სამი წლის არის. მას ბევრი რამ სჭირდება. იმედი მაქვს, შევძლებ ჩემთვის და მისთვის კარგი მომავლის შექმნას.
ყველაფერი ჩემით ვისწავლე, დეკორაციების შექმნა, ტყავზე მუშაობა, მებაღეობა. დღე ბაღში ვმუშაობდი და მერე შეკვეთებზე ვშრომობდი. მიყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მაგრამ რაც არ უნდა გამეკეთებინა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად მიჯდებოდა. დამცინოდა, მიყვიროდა,მცემდა.
ორი წლის გათხოვილი ვიყავი, ისე წავიდა ქვეყნიდან, არც მითხრა. მაშინ უკვე ორი შვილი მყავდა. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა. ბოლოს რამდენიმე წელი არ მენახა. ამ წლების განმავლობაში, კიდევ სამი შემეძინა. პატარა ახლა ექვსის არის.
ბოლომდე ვითმენდი. გიჟდებოდა, რომ წყობიდან ვერ გამოვყავდი. ერთხელ სამსახურიდან მოვედი. წვეულებისთვის დარბაზის გასაფორმებლად მთელი ღამე გავათენე. დეკორაციები, ყვავილები, ყველაფერი მზად მქონდა. საღამოს უნდა მომერთო. დამიწყო ჩხუბი, დამიგლიჯა ყველაფერი, რაც გავაკეთე. იცინოდა, ახლაც მესმის მისი სიცილის ხმა.
პირველად ვერ შევიკავე თავი და ავტირდი.დავინახე როგორ გაბედნიერდა. არ ყოფილხარ მაგარი, ნახე როგორ ტირიო და ცემა დამიწყო. ამდენი წლის მორჩილების მერე, მივხვდი აღარ გავჩერდებოდი. ადრეც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვბედავდი 5 შვილთან ერთად მარტო დარჩენას. ჩემი ნაშრომი კარ-მიდამოს დატოვებაც მენანებოდა. ვერ წარმოიდგენთ როგორი ბაღი მქონდა გაშენებული. მაგრამ იმ დღეს გადაწყვეტილება მივიღე.
პოლიციაში დარეკვა მეშინოდა. ვფიქრობდი, თუ მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ, აუცილებლად მომკლავს მეთქი. მერე გამბედაობა მოვიკრიფე და დავრეკე. მათ მოსვლამდე თავი ახლობელთან შევაფარე. დაიჭირეს და , ალბათ გაგიკვირდებათ, შემეცოდა. ცოტა ხანში გამოვაშვებინე, მაგრამ მე უკვე სახლში აღარ დავხვდი. ჯერ პატარები წავიყვანე. ვიფიქრე,სულ ცარიელს სახლს არ დავახვედრებ მეთქი და უფროსი ბავშვები დავტოვე. ბავშვებთან მასზე ცუდად არასდროს ვლაპარაკობდი. მერე ისინიც წამოვიყვანე და ნაქირავებ ბინაში მარტო დავიწყე ცხოვრება.
იმდენად მინდა სიმშვიდე და ჩემი საქმის წყნარად კეთება, ფინანსური დავაც შევწყვიტე. ძალიან შეურაცხმყოფელია, სასამართლოს გზით რომ აიძულებ მამას, შვილებს მიხედოს. ისეთი დაღლილი ვარ, აღარ მინდა სასამართლოში სიარული.
ერთი წლის წინ ამ პროექტის შესახებ გავიგე. მათ დამიფინანსეს მასალები და ჩემი საქმისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი. ფსიქოლოგის დახმარებაც შემომთავაზეს, მაგრამ ჩემი თავი წასვლის გადაწყვეტილებით, უკვე განკურნებული მყავდა. მომავალშიც დამპირდნენ დახმარებას. ახლა წყნარად შემიძლია ჩემი შრომით გავზარდო შვილები და რაც მთავარია, შემიძლია ავარიდო ძალადობას.
მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ლამაზი და-ძმა მყავდა. მათზე ახლობლები აღფრთოვანებულები ლაპარაკობდნენ, ჩემზე – არა. იქნებ ბავშვობიდან დაიწყო ჩემი დაბალი თვითშეფასების ამბავი. ამას ახლა ვხვდები, ჩემი ერთი შვილიშვილის სახეს რომ ვუყურებ, როცა სხვებს განსაკუთრებით აქებენ. ახლა ბევრ რამეს მივხვდი, მაგრამ ჩემით ვერ.
ჩვენს რაიონში ბევრი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა და რადგან, სულ მქონდა სწავლის და განვითარების სურვილი, ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველგან მივედი. ჰოდა, იქ, სხვადასხვა ცოდნის მიღებასთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მორჩილი ცოლი ვარ. რომ ამ თემებზე ლაპარაკი თურმე შესაძლებელია, თუ რამე ძალიან გინდა, იმის მისაღწევად უნდა იბრძოლო.
პატარა პიროვნული წარმატებები ადრეც მქონდა. აკრძალვის მიუხედავად, ხან ვეტერინარიის კურსებზე ვიარე, თუმცა, სწავლა ვერ გავაგრძელე; ხან მებაღეობა ვისწავლე. ვერც გადმოგცემთ, როგორ მინდოდა მესწავლა, როგორ მინდოდა დამოუკიდებლად ჩემი საქმე მქონოდა.
ქმარს არასდროს სჯეროდა ჩემი. რაც არუნდა დამეწყო, მეუბნებოდა არც ცოდნა გაქვს, არც განათლება, არაფერი გამოგივა და ოჯახს მიხედეო. ოჯახზე ზრუნვა ისედაც არასდროს დამიკლია, მაგრამ ბედნიერებისთვის კიდევ სხვა
რამ მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ფიზიკურად ეძალადა ჩემზე. არა, მაგრამ ემოციურად,ფსიქოლოგიურად – კი. უსახსროდ დატოვების მუქარაც ხშირად ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მომიტაცა, დღემდე არ გავშორებულვართ. დღეს უკვე 5 შვილის და ექვსი შვილიშვილის ბებია ვარ. და მიუხედავად იმისა რომ ოჯახს ვინარჩუნებ, ჩემი ცხოვრება შევცვალე.
პროექტები ვახსენე და ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ფსიქოლოგიური დახმარება, რამაც თვალებიც ამიხილა და ცხოვრებაც გამიუმჯობესა. მარტო ვერაფერს შევძლებდი. ბოლო პროექტმა, შემაძლებინა დამეწყო საქმე, რომელზეც ვოცნებობდი. აქსესუარებს და სათამაშოებს ვაკეთებ. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარდა, შემიძინეს ყველა საჭირო მასალა და ინვენტარი. ჩვენს პატარა ქალაქს ბევრი სტუმარი ჰყავს. ჩემი ნახელავი კარგად იყიდება და შემოსავალიც გამიჩნდა.
გაგიკვირდებათ და ახლა, ქმარიც აღარ მსაყვედურობს. დაინახა რომ შემძლებია. და რადგან ასეთი გამოცდილება მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ბავშვებმა ისწავლონ, განვითარდნენ. არაფრის შეეშინდეთ და დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი ოცნებების ასრულება. გოგოების აღზრდაზე განსაკუთრებით ვზრუნავ. მინდა სხვებმაც გაიგონ, რომ შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. მადლობა ამ პროექტს, რომელიც მეც და კიდევ ბევრ ქალს დაგვეხმარა გვეპოვა საკუთარი თავი.
თორმეტი წელია ჩემი ქმარია. სამი შვილი მყავს. უფროსი თერთმეტი წლისაა, პატარა – ხუთის. ამ ხნის განმავლობაში დამცირება და შეურაცხყოფა გახდა ჩემი ყოველდღიურობა. ხან სახლიდან მაგდებს ბავშვებთან ერთად, მერე მაიძულებს, რომ დავბრუნდე; ხან თვეები იკარგება და ულუკმაპუროდ გვტოვებს.
როცა წასულია, მხოლოდ ბავშვებს ურეკავს და ჩემზე საშინელებებს ეუბნება. ამხედრებს ჩემს წინააღმდეგ. მერე ბრუნდება და იწყებს დაცინვას, ლანძღვას, ცემას. ხანდახან ისეთი სილურჯეები მაქვს სახლიდან ვერ გავდივარ.
გაცილება გადავწყვიტე, მაგრამ აქ მამაჩემისგან გავხდი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი. მისთვის ეს ოჯახის შერცხვენაა. აქამდე ვერ ვბედავდი ვინმესთვის მიმემართა.
დამეწყო შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილები.
მითხრეს შემეძლო ,, კარპე-დიემში“ მისვლა და დახმარების მიღება. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი. მიჭირს გახსნა, მიჭირს ლაპარაკი, თავს უმწეოს ვგრძნობ, მაგრამ ვხედავ, რომ სხვა ქალები ღიად ლაპარაკობენ თავის პრობლემებზე. ვხვდები, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში. იმასაც ვხვდები, რომ ასე ვეღარ ვიცხოვრებ და ეს ნელ-ნელა ძალას მმატებს.
უკვე მეც ვახერხებ დავძლიო სირცხვილის გრძნობა, ხმამაღლა ვთქვა რომ მსხვერპლი ვარ. იქ ქალები ერთმანეთს ძალიან ვამხნევებთ. ფსიქოლოგები გვეხმარებიან. მჯერა რომ შევძლებ. ფეხზე დავდგები და შვილებს მივხედავ. მთავარია, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი.