ევროკავშირის ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის – “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” განხორციელება დაიწყო, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრულ სფეროში ადამიანური რესურსებისა და ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად საქართველოში.
გახსნით ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ: პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში; გიორგი ამილახვარი – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი; ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე; ჟიდრუნე ვიტაიტე, ლიეტუვის Women Go Tech ინიციატივის თანადამფუძნებელი.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’- მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას, რეგიონული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის გარეთ რეგიონებიდან მონაწილეთა მინიმუმ ერთი მესამედის შერჩევით.
ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.
გახსნის ღონისძიება მოიცავდა პროექტის მიზნებთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემებს: ICT დარგში ცოდნის გაუმჯობესება, სამეწარმეო უნარების განვითარება და კარიერული პერსპექტივების გაზრდა ქალებისთვის საქართველოში.
პროექტი ხაზს უსვამს ქალებისთვის სხვადასხვა უნარების განვითარების მნიშვნელობას, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ კონკურენტუნარიანები ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე. ინიციატივა ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაახლოებას, განსაკუთრებით ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო პირობებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში, პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სპეციფიკური კურსების მეშვეობით.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი, გეგმავს განაგრძოს ძალისხმევა ქალთა განათლების, გაძლიერების და ტექნოლოგიურ სექტორში მათი ჩართულობის კუთხით. პროექტი მოიცავს მენტორობის პროგრამების გაფართოებას, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობას, რათა ქალებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობები გახდეს ხელმისაწვდომი.
,,ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ქალების მენტორობის ფართომასშტაბიან პროგრამას, გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის წინსვლისთვის. მსგავს ინიციატივებში ინვესტირებით, მიზნად ვისახავთ აღმოვფხვრათ უნარ-ჩვევების დანაკლისი ICT სექტორში და მივცეთ ქალებს ციფრულ ეპოქაში განვითარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„BTU აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და რესურსებს. მენტორობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების გზით, ქალებს ვაძლევთ იმ საჭირო ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ციფრულ ეპოქაში განვითარებისთვის სჭირდებათ” – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები, პოტენციური ბენეფიციარები, ექსპერტები და პარტნიორები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ახორციელებს, მიზნად ისახავს, ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას, ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას.