fbpx
Skip to main content

BTU ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის – “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”  პირველ ფაზას უპრეცედენტო ჩართულობით ასრულებს

27/02/2025

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) წარმატებით ასრულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ პირველ ეტაპს. ღონისძიება      დაეთმო პროგრამის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნიშვნას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ქალების ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს: პროფესორმა ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა; ლუჩია დი ტროიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ; ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; იოლანტა იურგაიტე, Women Go Tech Lithuania-ის საბჭოს წევრი და თორნიკე თოხაძე, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელი. სპიკერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პროგრამის მნიშვნელოვან როლზე ქალთა გაძლიერებაში, ციფრული უნარების განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებაში.  

ხუთთვიანი პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 101-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა მენტორობის სესია ხუთ ტექნოლოგიურ მიმართულებაში: კიბერუსაფრთხოება, ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პროგრამის სამართლიანმა და ინკლუზიურმა შერჩევის პროცესმა, უზრუნველყო ფართო რეგიონული ჩართულობა – მონაწილეთა მინიმუმ ერთ მესამედს დედაქალაქის გარეთ მცხოვრები პირები წარმოადგენდნენ. მონაწილეების მოთხოვნადი ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვით, ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ძალის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და აძლიერებს ICT სექტორს. პროგრამა ასევე ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, აფართოებს დასაქმების შესაძლებლობებს და აძლიერებს ქალებს, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაში.

“ევროკავშირი მზად არის, ხელი შეუწყოს  საქართველოში გენდერულ ინკლუზიურობას ICT სექტორში და ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში. EU-ს მიერ დაფინანსებული აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, უკვე 101 ნიჭიერმა ქართველმა ქალმა და გოგონამ წარმატებით დაასრულა მენტორობის სესიები 5 ტექნოლოგიურ სფეროში: კიბერუსაფრთხოება, Frontend Development, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. საერთო ჯამში, ჩვენი მიზანია პროექტში 1,100 ბენეფიციარის ჩართვა და მათი ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს არის ინვესტიცია საქართველოს ციფრულ მომავალში,” – განაცხადა ლუჩია დი ტროიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ. 

BTU-ს რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ, აღნიშნა: „ჩვენ უდიდესი სიამაყით აღვნიშნავთ „ქალთა მენტორობა ტექ პროგრამებში“ პროექტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებს. ეს ინიციატივა მხოლოდ ციფრული უნარების სწავლას არ ემსახურება – ის ცვლის ცხოვრებას, ამსხვრევს ბარიერებს და აძლიერებს ქალთა თავდაჯერებულობას საქართველოს მზარდ ტექნოლოგიურ სექტორში. ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო ამ ხედვის რეალიზების პროცესში. გენდერული თანასწორობის მხარდაჭერითა და ქალთა გაძლიერებით, ჩვენ ვუწყობთ ხელს ინოვაციას და ვქმნით უფრო ინკლუზიურ მომავალს ციფრული ეკონომიკისთვის. BTU კვლავ ერთგულია იმ ინიციატივების მხარდაჭერის, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს ხელს უწყობს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ყველასთვის.“

„ევროპული ბიზნეს ასოციაცია სიამაყით უჭერს მხარს ქალთა მენტორობის პროექტს ტექნოლოგიურ პროგრამებში. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ინოვაციური განვითარებისათვის და კვალიფიციური პროფესიონალების მომზადების მეშვეობით საქართველოს ციფრული ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. ვულოცავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ასევე თითოეულ კურსდამთავრებულს პროექტის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებას“ – განაცხადა ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯონ ბრაეკეველდტმა.

ღონისძიებამ პროგრამის პროგრესისა და დასახულ მიზნებზე დისკუსიის მიზნით, ერთ სივრცეში შეკრიბა მენტორები, ლექტორები, ინდუსტრიის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები. ღონისძიების მთავარი თემები მოიცავდა მენტორობის მნიშვნელობას ციფრული უნარების დეფიციტის შემცირებაში, ქალთა ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიებს ტექ ინდუსტრიაში და საჯარო-კერძო პარტნიორობების როლს ინოვაციების ხელშეწყობაში. ექსპერტებმა იმსჯელეს ICT სექტორის მიმდინარე ტენდენციებზე და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში მუდმივი ინვესტირების აუცილებლობაზე.

მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი წარმატების ისტორიები, რითაც წარმოაჩინეს მენტორობის დადებითი გავლენა როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ძირითადი მიგნებები, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის კურსდამთავრებულთა გაზრდილი დასაქმების შესაძლებლობები და კვალიფიციური სპეციალისტების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის განმტკიცება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ დაინტერესებული პირები ტექ და ბიზნეს სექტორებიდან, ურთიერთობების დამყარებისა და მომავალი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით  შეკრების ფარგლებში დამატებით ხაზი გაესვა, პროგრამის შესაბამისობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, განსაკუთრებით ხარისხიან განათლებაში, გენდერულ თანასწორობასა და ღირსეული შრომის უზრუნველყოფაში. სამომავლოდ, პროგრამა გეგმავს მასშტაბის გაფართოებას, ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობის გაძლიერებით და გრძელვადიანი მენტორობის სტრუქტურების განვითარებით, რათა უზრუნველყოს მონაწილეების უწყვეტი პროფესიული ზრდა.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/

პროექტის შესახებ

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი  „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბიზნეს ასოციაციასა და ლიეტუვურ Women Go Tech-თან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს, ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას,  ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას.