„როგორ გავხდე ფრილანსერი?“ – ია თავდიშვილის წარმატების ისტორია
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფრილანსინგის კურსი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ციფრული პროფესიების ათვისებაში ეხმარება
უკვე 5 წელია, 34 წლის ია თავდიშვილი საბავშვო სამოსს საკუთარი დიზაინით ქმნის. თავდაპირველად, ქალაქ ოზურგეთში პატარა სამკერვალო ატელიესაც ფლობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში მისი დახურვა მოუხდა და საყვარელი საქმიანობა სახლში, სოფელ გურიანთაში განაგრძო.
მოგვიანებით, სამი შვილის დედა მიხვდა, რომ დამატებითი შემოსავლის მისაღებად პროფესიული განვითარება სჭირდებოდა. ინტერესის სფეროც მალევე განსაზღვრა – ციფრული პროფესიების შესწავლა გადაწყვიტა, რაც მომავალში ფრილანსერად მუშაობის და შვილებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობას მისცემდა. ასეც მოიქცა – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსი „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“ გაიარა და შედეგმაც არ დააყოვნა – ციფრული პროფესიების უფრო ახლოს გაცნობამ იას არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა.
„ციფრულ მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით შეძენილი ახალი უნარების გამოყენებით, კურსის დასრულების შემდეგ, ოზურგეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საცხობში სწორედ ამ მიმართულებით დავსაქმდი. მივხვდი, რომ ეს საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებდა, თანაც ფრილანსერად მუშაობა ძალიან კომფორტულია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, მუშაობის პარალელურად, ჩემს შვილებს დავუთმო დრო. ახლა, როცა ჩემი ნამუშევრები პრაქტიკაში უფრო დაიხვეწა, კიდევ რამდენიმე კომპანიასთან დავიწყე თანამშრომლობა. ვიღებ კერძო შეკვეთებსაც, მათ შორის უცხოელი დამსაქმებლებისგანაც, არა მარტო გრაფიკული დიზაინის, არამედ სოციალური გვერდების მართვის მიმართულებითაც“, – ამბობს ია.
პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, ქოფირაითინგი, ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი – ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ია კურსის ფარგლებში გაეცნო. სწავლება ონლაინ ტრენინგებს მოიცავდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“ ახორციელებდა. შედეგად, საქართველოს 3 რეგიონში სწავლებისა და დასაქმების 6 ცენტრი გაიხსნა.
„ცენტრების მიზანია, რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას და შენარჩუნებას შევუწყოთ ხელი, ინოვაციური სწავლების მეთოდებით და დასაქმების ხელშეწყობით“, – აღნიშნავს „სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ კოორდინატორი სოფო ვასაძე და განმარტავს, რომ პროექტი ფრილანსინგის კურსის გარდა სხვა არაერთ მიმართულებასაც მოიცავდა. შედეგად, ჯამში 250-მდე ადამიანი დასაქმდა.
სწორედ მათ შორის არის ია თავდიშვილიც, რომელიც წარმატებით უძღვება საკუთარ ატელიეს, რამდენიმე კომპანიაში ფრილანსერად მუშაობს და, დისტანციური რეჟიმის დახმარებით, შვილებთან ურთიერთობისთვისაც მეტი დრო რჩება.
„კურსის გავლის შემდეგ, ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაიზარდა ჩემი შემოსავალი, რეპუტაცია, თავდაჯერებულობა“, – აღნიშნავს ია და, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ახლა სხვა ქალებსაც ურჩევს, გაბედონ, ისწავლონ ახალი პროფესიები და თავადაც შეძლონ ფრილანსერად მუშაობა. „ეს არ არის შეუძლებელი, თუ ისინი ამაში შრომას ჩადებენ, გულით მოინდომებენ და ეყვარებათ საქმე, რომელსაც აკეთებენ“, – მიიჩნევს ია და ახლა სამუშაოს მაძიებლებს პროფესიულ გადამზადებასა და კარიერულ წინსვლაში თავადაც ეხმარება.