როგორ იცვლება გენდერული სტერეოტიპები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში – აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში – გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მავნე სტერეოტიპები კვლავ განსაზღვრავს ადამიანთა ყოველდღიურობას. პროგრამის, “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის” (EU 4 Gender Equality), მიერ გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე 2022 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონში ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპები, კვლავ აფერხებს თანასწორი უფლებების ქონას საზოგადოებაში. ჩვენ აზერბაიჯანელ, სომეხ, უკრაინელ და ქართველ ექსპერტებს ვთხოვეთ, განეხილათ რამდენიმე სტერეოტიპი, რომელიც რეგიონში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, რათა უკეთ გავიაზროთ, როგორ შეიძლება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
სტერეოტიპი #1. „ქალები კარიერაზე მეტად ოჯახზე უნდა კონცენტრირდნენ“
საბაზისო კვლევა აჩვენებს, რომ „კარგი დედის“ სტერეოტიპი დღემდე ახდენს ზეწოლას ქალებზე, რომ კარიერულ წინსვლაზე მეტად, საოჯახო საქმეებზე იზრუნონ – განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათი შვილები პატარები არიან.
„საზოგადოებიდან წამოსული ეს მოლოდინი ზღუდავს ქალების მონაწილეობას პროფესიულ სფეროში და მათ აუნაზღაურებელი ზრუნვისა თუ საშინაო შრომის უდიდეს წილს აკისრებს“, – ამბობს გილემ ფორტუნი, რომელსაც ეკუთვნის ასევე პროგრამის ‘EU 4 Gender Equality’ ფარგლებში შესრულებული 2024 წლის „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე შემდგომი შეფასება“, – „სამუშაო სივრცეში დისკრიმინაციული პრაქტიკები მყარდება ტრადიციული კორპორაციული კულტურითა თუ მმართველობის ფორმებით და მმართველ პოზიციებზე ქალების დანიშვნის იდეის მიუღებლობით“.
მდგომარეობას ამძიმებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მამების დეკრეტული შვებულების, მოქნილი დეკრეტული შვებულებისა თუ თანამშრომელთა შორის შვებულებების გაზიარების შესაძლებლობის არარსებობა. ამასთან, კაცის, როგორც ოჯახის მთავარი მარჩენლის, სტერეოტიპიც განამტკიცებს მოსაზრებას, თითქოს ქალების ადგილი სახლშია.
კაცებსა და ქალებს შორის აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვითი შრომის მეტად თანაბარი გადანაწილება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. აზერბაიჯანში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლის, საბინა მანაფოვას თანახმად, ამ საკითხის გარშემო მონაცემთა შეგროვება არსებითი მნიშვნელობისაა. ამგვარი მონაცემები აუნაზღაურებელი შრომის შესრულებაში ქალების უდიდეს წვლილს გამოკვეთდა, გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს საკითხის მასშტაბის გააზრებაში დაეხმარებოდა და საზოგადოებას აჩვენებდა, რამხელა ზეგავლენა აქვს ამ ფაქტორს ქალების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე.
„ეს მონაცემები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც კაცებს უბიძგებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ შვილების აღზრდასა და საშინაო საქმეების შესრულებაში და ხელს შეუწყობს ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც სხვებზე ზრუნვა აღიქმება საზიარო მოვალეობად და არა – მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად. ამასთან, სამუშაო სივრცეშიც აუცილებელია ოჯახის საჭიროებების გათვალისწინება და ისეთი ზომების მიღება, როგორიც მოქნილი სამუშაო გრაფიკია. ამგვარი მიდგომა კაცებსაც და ქალებსაც დაეხმარება, უკეთ შეუთავსონ პროფესიული მოვალეობები ოჯახურ ვალდებულებებს. ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობა, კულტურული ცვლილების წინაპირობაა. ამგვარი ძალისხმევის პარალელურად, მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, რომელთა სამიზნეც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი იქნება“, – აღნიშნავს მანაფოვა.
„შემდგომი შეფასების“ მიგნებები ასევე ცხადყოფს იმ პროგრესს, რომელსაც „ევროკავშირის გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამაში ჩართულმა ჯგუფებმა მავნე გენდერული ნორმების აღმოფხვრის მიმართულებით მიაღწიეს. ეს კი, იმის დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, რომ კონკრეტულ ჯგუფებზე მიმართულ აქტივობებს, ცვლილების მოტანა შეუძლია. კერძოდ, პროგრამის ძალისხმევაში ჩართული კაცები, მეტად უჭერენ მხარს ოჯახში ვალდებულებათა თანაბრად გადანაწილებას (57%), ვიდრე კაცები (39%), რომლებიც პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. ასევე, პროგრამის აქტივობების სამიზნე ახალგაზრდები მეტად ემხრობიან ყოველდღიურ ხარჯებზე ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების იდეას (84%), ვიდრე ისინი, ვისაც პროგრამის ინიციატივებში მონაწილეობა არ მიუღიათ (64%).
სტერეოტიპი #2. „STEM-ში ქალებისა და გოგოების ადგილი არაა“
საოჯახო საქმეებისა და ზრუნვითი შრომისადმი არსებული საზოგადოებრივი მოლოდინების მიღმა, გენდერული სტერეოტიპები საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებშიცაა გავრცელებული. უკრაინაში ქალები აღნიშნავენ, რომ პროფესიულ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა (STEM), სადაც დასაქმებულების უმეტესობას კაცები წარმოადგენენ, სტერეოტიპები და საზოგადოების მოლოდინები ხშირად კარიერის განვითარების შესაძლებლობებს უზღუდავთ. „შემდგომი შეფასების“ მიგნებების თანახმად, ქალი მისაბაძი მაგალითების სიმწირე და გაბატონებული სოციალური ნორმები, გოგოებს STEM სფეროებში კარიერის ქონის სურვილს უხშობს.
„უკრაინაში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ბევრი ახალგაზრდა ქალი STEM სფეროებს უბრალოდ იმიტომ არ ირჩევს, რომ საზოგადოება მათ ამგვარ როლებში ვერ ხედავს“, – ამბობს ანა ორეხოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია InScience-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი. მისივე თქმით, ამგვარი ზეწოლა, იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს კარიერის დასაწყისშივე ათქმევინოს ამ სფეროებზე უარი.
STEM სფეროებში ქალების მხარდამჭერი გარემოს შექმნა სტრუქტურულ ცვლილებებს მოითხოვს. ანა ორეხოვას სჯერა, რომ პრობლემის გადასაჭრელად უნდა მომზადდეს ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რის შედეგადაც, STEM სფეროებში გენდერული თანასწორობა ყველა სექტორში დამკვიდრდება.
„ასევე საჭიროა საკომუნიკაციო კამპანიები, რომლებიც წარმატებულ ქალ მეცნიერებს წარმოაჩენს, რათა მოიშალოს ის საზოგადოებრივი ნორმები, რომლებიც კაცებს მთავარ მოვალეობად კარიერაზე კონცენტრირებას განუსაზღვრავს, სანამ ქალები საოჯახო საქმეებს უძღვებიან და შვილებს უვლიან“, – აღნიშნავს ანა.
სტერეოტიპი #3. „ძალადობას გამართლება შეიძლება ჰქონდეს“
გენდერული ნიშნით ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმად რჩება. მას საფუძვლად უდევს გენდერული უთანასწორობა, დისკრიმინაცია და კულტურული და საზოგადოებრივი მავნე ნორმების არსებობა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლის, ირინა ჯაფარიძის თანახმად, ზოგიერთ საზოგადოებაში ძალადობას იმაზე ხაზგასმით ამართლებენ, რომ ქალმა სოციალური ნორმები დაარღვია.
გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე გაკეთებულ „შემდგომ შეფასებაში“ მონაწილე ადგილობრივი ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საზოგადოებაში ძალადობისადმი მიმტევებლობის დონე კვლავ მაღალია. ისინი ხაზს უსვამენ ცნობიერების ამაღლების და საინფორმაციო კამპანიების, უფრო ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერისა და ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების საჭიროებას, რომლებშიც მოსწავლეები, მშობლები და სკოლები ჩაერთვებიან.
„საქართველოში 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს ჯერ კიდევ სჯერა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქმრის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია“, – აღნიშნავს ირინა ჯაფარიძე.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ ძალადობას გადარჩენილ ქალებს, ხშირად უჭირთ თავიანთ გამოცდილებაზე საუბარი.
„საქართველოში მცხოვრები იმ ქალების 40%-ს, რომლებსაც ძალადობა განუცდიათ, არასდროს განუცხადებიათ მომხდარზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ამის შესახებ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც კი არ უთქვამთ. მათ ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ ან, უარეს შემთხვევაში, საზოგადოების განსჯის საგნად იქცევიან“, – გვიხსნის ირინა. ეს სტიგმა, რომელსაც თან ერთვის საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლა, ხშირად იმ ქალებსაც კი აიძულებს, უკან გამოიხმონ საჩივარი, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, მომხდარზე განეცხადებინათ.
ამ ღრმად ფესვგამდგარ რწმენებთან დასაპირისპირებლად, ირინა ჯაფარიძე „ჰოლისტური მიდგომის“ აუცილებლობას უსვამს ხაზს, რაც საკითხის სხვადასხვა რაკურსიდან შეფასების და მისი გადაჭრის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარე უნდა იყოს, ხოლო ამ კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა მართლმსაჯულების სისტემა, ჯანდაცვის პროვაიდერები და სოციალური მომსახურების სააგენტოები, უნდა ჰქონდეთ უკეთესი მზაობა, რათა ძალადობას გადარჩენილების სათანადო მხარდაჭერა შეძლონ.
„შემდგომი შეფასების“ თანახმად, კონკრეტულ ჯგუფებზე მიმართული აქტივობები წარმატებული აღმოჩნდა ჯანდაცვის პროფესიონალთა შორის გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების გადაფასების მხრივ.
სტერეოტიპი #4. „სქესობრივი განათლება საჭირო არაა“
სქესობრივი განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს გენდერის, სექსუალური ურთიერთობებისა თუ მასზე თანხმობის მნიშვნელობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებების და აღქმის ჩამოყალიბებაში. ამის მიუხედავად, ბევრ საზოგადოებაში მას სათანადოდ არ აფასებენ. უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაცია Pislyazavtra-ს უფროსის, ირინა რუბისის თანახმად, გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე განათლების სიმწირე მნიშვნელოვნად ახალისებს სტერეოტიპებს.
„როცა მოზარდებსა და ზრდასრულებს ვეკითხებით, რა არის ცრურწმენების წყარო, ისინი ერთ-ერთ მიზეზად ყოველთვის ამ თემებზე განათლების დაბალ დონეს ასახელებენ. თანმიმდევრული სქესობრივი განათლება სექსუალობასთან, სხეულთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებულ მავნე მითებსა და სტერეოტიპებს ამსხვრევს. მსგავსი ფორმატით მიწოდებული სწორი ინფორმაცია და ღია დიალოგის წახალისება არა მხოლოდ გენდერულ თანასწორობას გააძლიერებს და გენდერული ნიშნით ძალადობასა თუ დისკრიმინაციას შეამცირებს, არამედ, ზოგადად, ტოლერანტობასა და მეტად სამართლიანი საზოგადოების შექმნას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს რუბისი.
სხვადასხვა კვლევა, მათ შორის ევროპარლამენტის კვლევა თანმიმდევრული სქესობრივი განათლების მნიშვნელოვნებაზე, ადასტურებს, რომ თანმიმდევრული სქესობრივი განათლება გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად არსებითი მნიშვნელობისაა.
„ის ადამიანებს აძლევს ძალას, არა მხოლოდ დაუპირისპირდნენ ტრადიციულ სტერეოტიპებს, არამედ, ასევე, გვერდში დაუდგნენ უმცირესობათა წარმომადგენლებს და მათი სათქმელი მეტ ადამიანს გააგონონ“, – აღნიშნავს რუბისი.
სტერეოტიპი #5. „სამუშაო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ადგილი არაა“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები პროფესიული განვითარების მხრივ დღემდე მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან. გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე ჩატარებული „შემდგომი შეფასება“ ააშკარავებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უმრავლესობა პროფესიულ სფეროებში მონაწილეობას ძალიან ღირებულად მიიჩნევს. თუმცა, ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა განხილვებმა დაადასტურა, რომ ისინი დამსაქმებლებისგან დისკრიმინაციას აწყდებიან, რაც მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნას ურთულებთ. ამასთან, მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლების სიმწირე და სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში არსებული ფიზიკური, ინფორმაციული და კომუნიკაციური ბარიერები კიდევ მეტად უზღუდავთ შესაძლებლობებს, რის შედეგადაც მრავალი ქალი დასაქმებისთვის საჭირო კვალიფიკაციას ვერ იღებს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ერთდროულად აწყდებიან სტერეოტიპებს ქალებზეც და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც. საზოგადოება მათ ერთდროულად სხვებზე მზრუნველის როლშიც ხედავს და სხვების ზრუნვაზე დამოკიდებულადაც, რაც ლამის გადაულახავ ბარიერს ქმნის“, – ამბობს გაიანე გრიგორიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებათა დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, Agate-ს პროექტების ოფიცერია.
გრიგორიანი გვიხსნის, რომ სომხეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ხშირად არ მოიპოვება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული რესურსები, რასაც ემატება საზოგადოებრივი მოლოდინები, რაც მათ უმაღლესი განათლების მიღებაში უშლის ხელს. „ნამდვილი ცვლილება მაშინ ხდება, როცა სტერეოტიპებს ვუპირისპირდებით და თითოეული ადამიანის პოტენციალის მხარდამჭერ გარემოს ვქმნით“, – ურთავს ის.
ცვლილების გამომწვევ ქმედებათა ხელშეწყობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული თანასწორობისკენ მიმავალი გზა მრავალი წინაღობითაა სავსე, თუმცა პროგრესი საგანმანათლებლო ინიციატივებით, ადვოკატირებითა და ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების მსხვრევით მაინც შესაძლებელია. როცა ცალკეულ პირს მივცემთ უნარს, გადაიაზროს მოძველებული ნორმები და შევქმნით ყველასთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს – იქნება ეს სამუშაო და საგანმანათლებლო სივრცეებში თუ სახლში – ისეთ საზოგადოებას მივიღებთ, რომელშიც ყველას პოტენციალი სრულად გამოვლინდება.
ავტორი: ოლგა კონსევიჩი