საქართველოს პრეზიდენტის, ევროკავშირისადა CSRDG-ს მხარდაჭერით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დაჯილდოვდნენ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 22 თებერვალს ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა.
CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 6 რეგიონში – ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში გამოავლინა. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.
ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ფინალური ეტაპი და საუკეთესო ელჩის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
საქართველოს რეგიონებში, თემთან პირდაპირი მუშაობით, ახალგაზრდა ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარებასა და მდგრადობის გაძლიერებაში. ისინი ხელს უწყობენ თემის გაერთიანებას, თვითკმარობას და წარმოადგენენ სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული მონაწილეობის ბრწყინვალე მაგალითებს,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
„ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა – ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში
სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, 6 თვის მანძილზე ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა თემსა და მუნიციპალიტეტში, ხვდებოდნენ სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად სტუმრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ საზოგადოებრივ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი. წელს, 6 რეგიონის ახალგაზრდა ელჩებმა 70-ზე მეტი შეხვედრა გამართეს 1200-ზე მეტი ახალგაზრდასთან.
2024 წლის სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გახდა ირაკლი თევზაძე იმერეთის რეგიონიდან, რომელიც მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში. ღონისძიების მხარდამჭერებისგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა ელჩები.
წელს, დაჯილდოების ღონისძიებას ათზე მეტი ბიზნესორგანიზაცია და სოციალური საწარმო უჭერდა მხარს, მათ შორის: სოკარი, ბაზისბანკი, ICPI, ახალციხე ინნ, ჯიპისი, სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“, GO Tour, პალიტრა L-ის პროექტი „ლურჯი ოკეანე“, ალტე უნივერსიტეტი, ბაბალე, მშვიდი ღვინო, ტენე.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნინი ხუგაშვილი, CSRDG; nini.khugashvili@csrdg.ge; +995 599 872 777