სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილებისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემების 2022-2023 წლების შეფასების ანგარიშები წარადგინა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონულად განაწილებისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემების რიგით მეოთხე შეფასების ანგარიშები წარადგინა და ამ საკითხებზე დისკუსიას უმასპინძლა. ანგარიშებში შესწავლილია 2022 და 2023 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რელევანტური გადაწყვეტილებები, ასევე არსებული პრაქტიკა და სტატისტიკური ინფორმაცია.
საქმეთა განაწილების და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით არსებული სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის ნაწილიც არის. შესაბამისად, ამ საკითხებზე განგრძობადი მონიტორინგი და საზოგადოების, სასამართლოს და პროფესიული წრეების მუდმივი ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლას სენდროვიჩმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, „გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. სასამართლო სისტემის ჰოლისტური და ეფექტიანი რეფორმა არამხოლოდ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის ნაწილია, არამედ ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, დღეს წარმოდგენილი ანგარიშების მიგნებები გააგრძელებს წვლილის შეტანას ამ უკიდურესად საჭირო პროცესში. ისინი ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის საკვანძო როლს იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.“
პანელურ დისკუსიაში, რომელიც შემდგომ გაიმართა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, ანა პაპუაშვილმა შეფასების ანგარიშების ძირითადი მიგნებები წარადგინა:
- საერთო სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები არსებითად გაუარესდა; იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს და მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვან ნაწილს 2023 წლის ივნისიდან აღარ აქვეყნებს;
- საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დახვეწა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის პრიორიტეტი აღარ არის; სისტემის არასრულყოფილი მოწესრიგება, სასამართლოს თავმჯდომარეების ჭარბი გავლენა საქმეთა განაწილების პროცესზე და შემთხვევითად განაწილების პრინციპიდან უამრავი გამონაკლისი საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას;
- ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეები დატვირთულობის მხრივ კვლავ მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობენ, სხვა მოსამართლეების დატვირთულობა კი, რიგ შემთხვევებში, 300% მდე გაიზარდა;
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა 2022-2023 წლებში მხოლოდ მცირედით, არაარსებითად გაუმჯობესდა; თუმცა გრძელდება სისტემაში არსებული პერსონალის დაუსაბუთებლად და ვადამდე ცვლილების მანკიერი პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს სასამართლოს ანგარიშვალდებულების პრინციპს;
- 2018 წლის შემდეგ 2024 წელს პირველად ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა საქმეთა ელექტრონულად განაწილებისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემების ფუნქციონირებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ამ სისტემების პრობლემურ ასპექტებს, რაც მათი პრაქტიკაში ფუნქციონირებისას იკვეთება. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელმა, მაია ბაქრაძემ საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა გადატვირთულობის გამომწვევი ორგანიზაციული და პრაქტიკული მიზეზები მიმოიხილა და წარმოადგინა მათი გადაჭრის გზები, მათ შორის, არსებული კანონმდებლობის რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებთა შესაბამისობაში მოყვანის, საპროცესო ვადების გადასინჯვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სისტემური პოლიტიკის შემუშავების საჭიროება. ეს მიგნებები დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ გასულ წელს ამ საკითხზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
ანგარიშების პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სტუდია მონიტორი ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, მათ შორის, სასამართლო რეფორმების გზით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ანასტასია რაიკი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის კომუნიკაციების მენეჯერი
ელ. ფოსტა: anastasia.raiki@socialjustice.org.ge
ტელ.: +995 597 11 44 72