ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „თბილღვინო“ პროდუქციის ხარისხს აუმჯობესებს
402 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახი, წლიურად წარმოებული 6 მილიონი ბოთლი ღვინო და 30 საექსპორტო ქვეყანა – ასე გამოიყურება ციფრებში ღვინის მწარმოებელი „თბილღვინოს პორტფელი.
კომპანია, რომლის ისტორია უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის, მთავარ აქცენტს ხარისხიან პროდუქტსა და მაღალ გემოვნურ თვისებებზე აკეთებს. ამიტომ, გასულ წელს, „თბილღვინომ“ გადაწყვიტა, საკუთარ წარმოებაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დაენერგა და FAO-სა და ევროკავშირის მიერ განხორციელებულ „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამაში“ ჩაერთო. პროგრამა ევროპული ყურძნის ჭიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ყურძნის წარმოებას მნიშვნელოვნად აზარალებს, მოსავალს, დაახლოებით, 40%-ით ამცირებს და, ბუნებრივია, ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.
„ფერომონები, რომლებსაც პროგრამის დანერგვის შემდეგ ვიყენებთ უსაფრთხოა და ბიო მეურნეობაშიც გამოიყენება. ის თითქმის 100 პროცენტიან შედეგს იძლევა, რაც ვენახში ცოცხალი ორგანიზმების საწინააღმდეგო ქიმიკატების გამოყენებას გამორიცხავს“, – განმარტავს „თბილღვინოს“ მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ გურასაშვილი და აღნიშნავს, რომ თუკი აქამდე კომპანია ვენახში 4-5 შეწამვლას ატარებდა, ახლა მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო, ისიც ყვავილობამდე. შედეგად, ქიმიკატები ნაყოფში აღარ გადადის და მიღებული პროდუქტიც ბევრად უფრო უსაფრთხო და ხარისხიანია.
გარდა ამისა, კომპანია FAO-სა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებშიც მონაწილეობს, რომლებიც „თბილღვინოს“ სხვადასხვა ტექნოლოგიური ოპერაციის, მათ შორის, სხვლის, ნიადაგის დამუშავების, ქიმიკატების გამოყენების და სხვა მრავალი მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება.
„შესაძლოა, თეორიულად ეს ყველაფერი ვიცოდეთ და ვხედავდეთ, როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს ევროპელი მწარმოებლები, თუმცა ეს ტრენინგები გვეხმარება, რომ ევროპული სტანდარტები ჩვენც ეფექტურად გამოვიყენოთ, ადგილობრივი წარმოების გასაუმჯობესებლად მეტი მოტივაცია გვქონდეს და ჩვენი მევენახეობა წინ წავწიოთ“, – განმარტავენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს იქნება იმის წინაპირობაც, რომ ქართულმა ღვინომ ევროპულ ბაზრებზე თავი ღირსეულად დაიმკვიდროს და მეტად სტაბილური იყოს.
„თბილღვინოს“ მსგავსად, გასულ წელს, ევროკავშირი და FAO 12 მცირე, საშუალო და დიდ მეღვინეს დაეხმარა და მათ ინოვაციური, ორგანული მეთოდი გააცნო, რომელიც პესტიციდების გამოყენების საჭიროებას მინიმუმამდე ამცირებს. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებით, მწარმოებლები პროდუქციის ხარისხს აუმჯობესებენ და ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობენ ხელს.