„ერთი დანადგარიც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი მცირე ბიზნესისთვის“
ქვემო ქართლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს შეადგენენ. მიუხედავად ასეთი ძლიერი წარმომადგენლობისა, ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის სათანადოდ არ არიან ინტეგრირებული რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მიზეზები განსხვავებულია – დაწყებული ინფორმაციასა და რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით, რაც გამოწვეულია ენობრივი ბარიერებით და დასრულებული ბიზნესის განვითარებისა და მართვისთვის არასაკმარისი შესაძლებლობებით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს HEKS-EPER საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით ცდილობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას და ხელს უწყობს ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეწარმეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.
არმენ ოგანეზიანი ეთნიკურად სომეხია. მისი არტ-კაფე შაუმიანში კარგად ცნობილი ადგილია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე უცხოელებისთვის. თუმცა, არტ-კაფეს ამბები მხოლოდ ჩაისა და ყავის გარშემო არ ტრიალებს – აქ განთავსებულია უნიკალური თოჯინების თეატრი, რომელსაც ერთი ადამიანი აცოცხლებს. „ძველი თბილისის კულტურა ჩემთვის შთაგონების წყაროა, და ვცდილობ, მის გაცოცხლებას თეატრში. სტუმრებს მოსწონთ თოჯინების მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვის წარმოდგენები. თოჯინები შესაძლებლობას გვაძლევენ, სცენაზე გავაცოცხლოთ და უკეთ წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ვიდრე ამას მსახიობები შეძლებდნენ, ამიტომაცაა ეს თეატრი, თავისი არსით, უნიკალური.“
არმენი წლებია საკუთარ სახლში სტუმრებისთვის – ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს მართავს. “თეატრისთვის სპეციალურად მოწყობილი სივრცე არ მქონდა, ამიტომ სპექტაკლებს ჩემს საძინებელში ვმართავდი. თოჯინები ჩემოდნებში ცხოვრობდნენ, რადგან მათ გამოსაფენად საკმარისი სივრცე არ მქონდა. ვცდილობდი, წარმოდგენები დამეგეგმა, მაგრამ ხალხი უწყვეტად მოდიოდა, ეგონათ თეატრი სახელმწიფო მუზეუმი იყო და ყოველთვის ღია უნდა ყოფილიყო,“ – იხსენებს ის. არმენისთვის ეს ბიძგად იქცა, თოჯინების თეატრისადმი თავისი სიყვარული ნამდვილ ბიზნესად ექცია.
არმენმა საკუთარი სახლის ძველი მარანი გაარემონტა, რათა თეატრის საჭიროებებისთვის მოერგო. თუმცა, კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. „გვჭირდებოდა სკამები, ფარდების ქსოვილი, ჭურჭელი და საკერავი მანქანა მარიონეტების კაბების შესაკერად. ამ დროს, ჩემმა მეგობარმა შემატყობინა HEKS-EPER საქართველოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების შესახებ ქვემო ქართლში და დამეხმარა განაცხადის ქართულად თარგმნაში, რადგან საუბარი კარგად ვიცი, თუმცა წერა ცოტა მიჭირს. საბოლოოდ, ჩემი განაცხადი განიხილეს და ყველაფერი წარმატებით დასრულდა!“ – ამბობს არმენი.
ევროკავშირის მხარდაჭერით, არმენმა შეძლო არტ-კაფე ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად ექცია და ახლა ის სტუმრებს თეატრალურ მინი-წარმოდგენებს, მასტერკლასებს და ტრადიციულ ჩაისა თუ ყავის საღამოებს სთავაზობს. კაფე თვეში უცხოელი ტურისტების, ოჯახებისა და სკოლის მოსწავლეების რვამდე ჯგუფს მასპინძლობს, რაც არმენისა და მისი ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
„მარნეულში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისათვის ბიზნესის დაწყება ადვილი არ არის. არსებობს გარკვეული სირთულეები გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, თუმცა უმთავრესი პრობლემა, მხარდაჭერის ნაკლებობაა. ევროკავშირის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის, არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ,“ – ამბობს არმენი.
2023 და 2024 წლებში HEKS-EPER-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაცემული მცირე გრანტები ქვემო ქართლის რეგიონში 33 ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მეწარმეს დაეხმარა ბიზნესის განვითარებაში. ამ მხარდაჭერის შედეგები უკვე ნათლად ჩანს: პროდუქციის ხარისხი და გაყიდვები გაიზარდა, დაინერგა ახალი შეთავაზებები და გაუმჯობესდა ოპერაციული მართვის ხარისხი.
ემილ ახმედოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ის მარნეულში საკონდიტრო საწარმოს ფლობს. ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით, მან შეიძინა ახალი ღუმელი, მიქსერები და ცომის ლამინატორი, რითიც საწარმოო პროცესები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. „ეს აღჭურვილობა დაგვეხმარა, პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და შეთავაზების დივერსიფიკაციასა და გაზრდაში. ამჟამად, მარნეულში სამი საცხობი გვაქვს, მაგრამ გვსურს, რომ უფრო მეტი გავხსნათ,“ – ამბობს ემილი.
ახალი აღჭურვილობის შეძენამ დმანისის „შვანრეს“ ყველის საწარმოსაც შეუწყო ხელი პროდუქციის მრავალფეროვნების და შენახვის ვადის გაზრდაში. საწარმოს მფლობელი, ნონა ანსიანი, 1990 წელს ოჯახთან ერთად დმანისში გადასახლდა, სადაც ფერმის შექმნით დაიწყო რძის პროდუქტებისა და ყველის წარმოება. ფერმა მალე ოჯახურ ბიზნესად იქცა, რომელიც 2023 წელს საწარმოს მასშტაბამდე გაიზარდა. „წარმოების გაფართოებასთან ერთად გვჭირდებოდა ახალი აღჭურვილობა, როგორიცაა მაცივარი, შესაფუთი მანქანა, რძის შემგროვებელი ავზი და ბევრი სხვა დანადგარი,“ – ამბობს ნონა. ევროკავშირის მხარდაჭერამ არა მხოლოდ საწარმოს განვითარებას შეუწყო ხელი, არამედ „შვანრეს“ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებში შესვლის საშუალებაც მისცა. ახალმა შეფუთვამ და ეტიკეტირებამ, მისი პროდუქტები ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. ნონა მომავალზე ოპტიმისტურად საუბრობს: „გვინდა გავხსნათ შოურუმი, სპეციალიზებული ყველის მაღაზია, სადაც ყველის გაყიდვასა და ჯგუფებისთვის მასტერკლასების ჩატარებას შევძლებთ. ამ მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქართველოში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ერთი დანადგარიც კი, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენნაირი მცირე ბიზნესისთვის“.
ადგილობრივი მეწარმეებისათვის მცირე გრანტების შეთავაზება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება HEKS-EPER-ის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა. “პარტნიორმა ორგანიზაციებმა – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობმა ცენტრმა – გადამწყვეტი როლი შეასრულეს საზოგადოების მობილიზაციასა და ადგილობრივ ბიზნესებთან მუშაობაში,“ – აღნიშნავს ბექა ურუშაძე, HEKS-EPER საქართველოს დირექტორი. „მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ინფორმაციის გავრცელებაში და შესაძლებლობების გაძლიერებაში, მაგალითად, ბიზნეს-გეგმების შემუშავების ტრენინგებით, მარკეტინგის, სოციალური მედიის, ოპერაციული მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის პერსონალიზებული მენტორობის პროგრამებით. გარდა ამისა, მონაწილეობდნენ მცირე და საშუალო ბიზნესების შერჩევაში გრანტის პროგრამის ფარგლებში და აწარმოებდნენ მონიტორინგს ფინანსების ათვისების მიმართულებით.“
საქართველოს შორეულ და შედარებით იზოლირებულ რეგიონებში, ეკონომიკური განვითარების და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების გაძლიერებისთვის. ამ მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ. ისინი მუშაობენ, რომ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების აღიარება და მიღება საზოგადოების მიერ, რაც ამცირებს მომავალში შესაძლო კონფლიქტების რისკს. ეს მიდგომა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას.
ავტორი: ვოლჰა პროხარავა