მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს, 2024 წლის გამარჯვებულები დღეს ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. ევროპული მემკვიდრეობის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიას ერთობლივად უძღვებოდნენ ილიანა ივანოვა, ევროკომისარი ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში და პროფესორი დოქტორი ჰერმან პარზინგერი, ევროპა ნოსტრას აღმასრულებელი პრეზიდენტი.
ცერემონიამ თავი მოუყარა 800-მდე პროფესიონალს, მოხალისეს, ენთუზიასტს და მხარდამჭერს მთელი ევროპიდან. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი დოქტორი სერგიუ ნისტორი; რუმინეთის კულტურის მინისტრი რალუკა ტურკანი და ბუქარესტის მერი დოქტორი ნიკუსორ დენი. დაჯილდოების ცერემონია ბუქარესტში 6-დან 8 ოქტომბრამდე ბუქარესტში ევროპა ნოსტრას ორგანიზებით, ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით და რუმინეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, კლაუს იოჰანისის პატრონაჟით მიმდინარე 2024 წლის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.
დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით. გრან-პრის მფლობელები ევროპა ნოსტრას საბჭომ, დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის რეკომენდაციით ევროპის 18 ქვეყნის 26 გამარჯვებულს შორის შეარჩია.
გრან პრი 2024-ის ხუთი გამარჯვებული პროექტი:
მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაცია, ახიელი, საქართველო
გრან პრი კატეგორიაში მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
ცისკარაულის კოშკის აღდგენაზე სამი წლის განმავლობაში 46 ქართველი და საერთაშორისო მოქალაქე ტექნიკურ ექსპერტებთან და ტრადიციულ ხელოსნებთან ერთად მუშაობდა. პროექტმა აამაღლა ცნობიერება ქართული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ ევროპულ მემკვიდრეობაში. პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რაემპარტთან (REMPART) (საფრანგეთი) და ჩუდოვის კოშკის ფონდთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) გრანტით.
დუბროვნიკის სიძველეების მეგობრების საზოგადოება, ხორვატია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები
სამოქალაქო საზოგადოების ასოციაცია 1952 წლიდან აფინანსებს და ახორციელებს დუბროვნიკის ღირსშესანიშნაობებთან, მათ შორის ქალაქის კედლებთან, დაკავშირებულ კვლევის და კონსერვაციის პროექტებს. საზოგადოება ასევე აქტიურად იყო ჩართული 1979 წელს დუბროვნიკის ძველი ქალაქის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის პროცესშიც, ხოლო შემდგომში ამ გამორჩეული ადგილის დაცვასა და გაუმჯობესებაში.
ინგოცის ისტორიული მაღარო, რიბნიკი, პოლონეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში კონსერვაცია და ადაპტაცია
ეს გახლავთ პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვანახშირის ყოფილი მაღაროს რებილიტაციის უნიკალური რეაბილიტაციის პროექტი. მაღარო დაარსდა 1792 წელს და 200-ზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა. ყოფილი მეშახტეების, ქალაქი რიბნიკის, პოლონეთის სახელმწიფოსა და ევროკავშირის ფონდის ძალისხმევით მოხდა მაღაროს კომპლექსის გადარჩენა და მისი კულტურულ-რეკრეაციულ ცენტრად გარდაქმნა.
საქსონური ეკლესია ალმა ვიში, რუმინეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში კონსერვაცია და ადაპტაცია
პროექტმა აღადგინა კულტურული ღირსშესანიშნაობა, რომელიც წარმოადგენდა საუკუნოვანი ისტორიისა და ხელოვნების სიმბოლოს თვალწარმტაც სოფელში, ალმა ვიში, ტრანსილვანიაში. ამ ყოვლისმომცველმა რეაბილიტაციამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ეკლესიის არქიტექტურული და ისტორიული მთლიანობა, არამედ გააძლიერა ადგილობრივი საზოგადოება და ხელი შეუწყო მდგრადი ტურიზმის განვითარებას. პროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ს ელჩების კულტურული დაცვის ფონდი და EEA გრანტები კოორდინაცია უწევდა მიხაი ემინესკუ ტრასტი.
ტრადიციული ფერმის შენობების პროგრამა, ირლანდია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში განათლება, სწავლება და უნარები
ამ ეროვნული პროგრამის მთავარი მიზანია ფერმერების დახმარება, რომ მათ გაითვისონ ფერმის ტრადიცული შენობების კულტურული ღირებულება. პროგრამა მონაწილეებს ეხმარება შეიძინონ ის უნარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სარემონტო სამუშაოები და შენობები კვლავ ფუნქციურ გამოყენებას დაუბრუნონ. 2008 წელს, პროგრამის შექმნიდან დღემდე აღდგენილია 1,000-ზე მეტი შენობა. ეს პროგრამა დაარსდა მემკვიდრეობის საბჭოს მიერ ირლანდიის მთავრობის სოფლის მეურნეობის, საკვებისა და საზღვაო დეპარტამენტებთან პარტნიორობით და ირლანდიის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ ფინანსდება ირლანდიის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ.
საქსონური ეკლესიის ალმა ვიში, რუმინეთში შთამბეჭდავი რეაბილიტაცია 2024 წლის დიდი გამარჯვებულია: მან მიიღო გრან პრი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ჯილდო. ამ შთამბეჭდავმა ინიციატივამ მოიპოვა ყველაზე დიდი რაოდენობის ხმები ონლაინ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 10,000 მოქალაქე ევროპის ყველა კუთხიდან.
ილიანა ივანოვამ, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საკითხებში, განაცხადა: “კულტურული მემკვიდრეობა არის ევროპის იდენტობის და მრავალფეროვნების საფუძველი. გულითადად ვულოცავ 2024 წლის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს გამარჯვებულებს მათი ექსტრაორდინალური მიღწევებს. ისინი წარმოადგენენ ცოცხალ გამოვლინებას მემკვიდრეობის ძალისა, რომელსაც შეუძლია ინოვაციის შთაგონება, საზოგადოების ჩართულობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ჩვენს კონტინენტზე. ამ პროექტებმა ხაზი გაუსვეს ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და ასევე მომავალი თაობების სასარგებლოდ მომავლის გამოწვევებთან მის ადაპტირებას.”
პროფესორმა დოქტორმა ჰერმან პარზინგერმა, ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა, განაცხადა: “მიხარია, რომ ვარ ბუქარესტში მემკვიდრეობის საუკეთესო პროექტებისა და ყველაზე შთამაგონებელი მემკვიდრეობის ჩემპიონების – როგორც ინდივიდების, ისე ორგანიზაციების მთელი ევროპიდან, საზეიმო საღამოზე. 2024 წლის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს გამარჯვებულები ცხადად წარმოგვიდგენენ მემკვიდრეობის მრავალფეროვან ღირებულებას ევროპის საზოგადოების, გარემოს და ეკონომიკისთვის. კულტურული მემკვიდრეობა არის ძვირფასი რესურსი, რომელიც ყურადღებით უნდა ვმართოთ, რათა შეგვეძლოს მისგან მრავალი სარგებლის მიღება, როგორც არსებული, ისე მომავალი თაობებისთვის. ჩემი გულწრფელი მილოცვა ყველას გამარჯვებულს, განსაკუთრებით გრან პრის ლაურეატებს და ხალხის რჩეულის ჯილდოს გამარჯვებულს.”
ევროპის მემკვიდრეობის პრიზების ცერემონიაში მონაწილეობდნენ რუმინული სიმფონიური ანსამბლი ვიოლანჩელისსიმო (Violoncellissimo), პროფესორ მარინ კაზაკუს ხელმძღვანელობით. ცერემონია ყოველწლიურად იმართება ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ფარგლებში. ბუქარესტის სამიტი ორგანიზებულია ევროპა ნოსტრას მიერ ევროკავშირის თანადაფინანსებითა და რუმინეთის კულტურის სამინისტროსთან, ქალაქ ბუქარესტთან, the Romanian Order of Architects-თან, Pro Patrimonio Foundation-თან, Monumentum Association-თან, Association ARA – Architecture-თან, Restoration- თან, Archeology-თან, ARCHÉ Association-თან და სხვა როგორც საჯარო, ისე კერძო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2025 წლის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოების კონკურსზე რეგისტრაციის პროცესი ახლა გახსნილია. განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ონლაინwww.europeanheritageawards.eu -ის საშუალებით 2024 წლის 20 ნოემბრამდე.