fbpx
Skip to main content

უკრაინიდან საქართველომდე: ისტორიები იმედისა და გამძლეობის შესახებ

24/02/2024

მე, ოლგა ივაშჩენკო, საქართველოში 22 მარტს, ომის დაწყების შემდეგ, ორ შვილთან ერთად მარტო ჩამოვედი. მე ჩემს ორ შვილთან ერთად მარტო ვიყავი. იმ დროს ჩემი უფროსი შვილი 6 წლის იყო, უმცროსი – თითქმის 4 წლის.

სკოლის საკითხი საკმაოდ სწრაფად მოვაგვარე, თუმცა ქართულ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. უმცროსი ვაჟი ქართულ საბავშვო ბაღს ვერ შეეგუა და მუდმივად დეპრესიაში იყო. ამის გამო ალტერნატიული ვარიანტების განხილვა დავიწყე. კერძო საბავშვო ბაღები ძალიან ძვირი და ჩემთვის მიუწვდომელი იყო.

ჩემი ქმარი უკრაინაში დარჩა, ჩვენი მცირე ოჯახური ბიზნესი დაიხურა. იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ბომბები ცვიოდა, საბავშვო ბაღებს აღარ აშენებდნენ. ჩემი ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო.

2022 წლის ოქტომბერში ჩემი შვილი საბავშვო კლუბში მივიყვანე და ჩემდა გასაკვირად, ის კლუბში მალევე ადაპტირდა.

ამის შემდეგ ჩვენი ქართული ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ჩვენ საქართველოში ჩამოსულ მრავალრიცხოვან უკრაინულ ოჯახებთან ერთად გავდივართ.

ჩემი შვილი კლუბში დადის და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა. ურთიერთობები, მწვავე პრობლემების განხილვა და ახალი მეგობრები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩემთვის, ნამდვილ ხსნად იქცა.

როდესაც სამედიცინო მომსახურება ამოქმედდა, ძალიან გამიხარდა. ზოგადად,  სამედიცინო მომსახურების ფასები მაღალია და საბედნიეროდ, პროგრამის წყალობით, შევძელი ჩემი უმცროსი შვილის თავის რენტგენოგრაფიის ჩატარება და ნევროლოგთან კონსულტაციის გავლა მას შემდეგ, რაც ის სათამაშო მოედანზე დაეცა.

საბავშვო კლუბში დიდი დრო გავატარე, მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობდი ფსიქოლოგთან,  შემოქმედებით ატმოსფეროში ვხვდებოდი ადამიანებს – ამ ყველაფერმა, სულ მცირე, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

მას შემდეგ, რაც ჩემი უფროსი შვილის ნევროლოგიური მდგომარეობის შესახებ გავიგე, ფსიქიატრის კონსულტაცია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.

სწორედ ფსიქიატრთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ დავიწყე საზღვარგარეთ სამსახურის ძებნა, უფრო მკაფიოდ გადავხედე საკუთარ გეგმებს და ჩემი და ჩემი შვილების საჭიროებები უკეთ გავიაზრე.

ახლა ამ სიტყვებს დუბაიდან ვწერ. და დარწმუნებული ვარ, რომ მონიკასა და საბავშვო კლუბის მხარდაჭერის და ამ პროექტის გარეშე, საზღვარგარეთ სამსახურის პოვნის ამ რთულ გზას ვერასდროს გავივლიდი. ასეთი პროექტები ადამიანების ცხოვრებას ცვლიან. საბავშვო კლუბის წყალობით, სულ მცირე, სამი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ: ჩემი – უკრაინიდან ლტოლვილის და ორი ბიჭის.
***

მე ვარ იულია, კიევის რეგიონის ქალაქ ირპენიდან.

მე ვარ იასმინას დედა, რომელიც ახლა 6 წლისაა. ჩვენ უკვე თითქმის ორი წელია საბავშვო კლუბში “Happy Me” დავდივართ.

საბავშვო კლუბი “Happy Me” ჩემს ქალიშვილს სხვა ქვეყანაში უცხო ადამიანებთან სოციალიზაციაში ეხმარება; სძენს ახალ მეგობრებს; ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებით შემოქმედებით უნარებს უვითარებს, ხოლო  მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილებით – სკოლისთვის ამზადებს.

განსაკუთრებით მადლობელი ვარ სამედიცინო მომსახურებისათვის. პროგრამის დახმარებით კვალიფიციური ექიმებისგან საჭირო რეკომენდაციები მივიღე.

ფსიქოლოგთან და შესანიშნავ სპეციალისტთან, ანტონინასთან, ჩატარებული ინდივიდუალური და ჯგუფური სეანსები ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ძალიან დამეხმარა. ხელოვნების მასტერკლასებმა შეგვიქმნეს თბილი და უშუალო ატმოსფერო და დაგვანახეს, რომ თითოეულ ჩვენგანს ფარული ნიჭი აქვს.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ იასმინა დიდი სიამოვნებით დადის საბავშვო კლუბში და უფრო კომუნიკაბელური, გახსნილი და მოღიმარი გახდა. ხშირად, საღამოობით, როდესაც მის წამოსაყვანად მივდივარ, მას წამოსვლა არ უნდა, იმდენად კომფორტული და საინტერესოა მისთვის იქაური გარემო. დიდი მადლობა კლუბის პერსონალს იმისათვის, რომ ქმნის ასეთ ატმოსფეროს და ბავშვებს მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს. დიდი მადლობა პროექტს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მოგვცა.

„Happy Me“ ბავშვებს მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება, გვაძლევს დროსა და შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ, რაც ასეთი არაჩვეულებრივი სივრცის არარსებობის შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნებოდა.

***

მე ვან ანა, იაროსლავას დედა, რომელიც ახლახან 6 წლის გახდა. თბილისში 2022 წლის გაზაფხულზე კიევიდან ჩამოვედით. ვფიქრობდით, აქ რამდენიმე თვე დავრჩებოდით და მერე სახლში დავბრუნდებოდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ომი დიდხანს გაგრძელდა და ამიტომ დასაქმებასთან, ბავშვების სკოლასა და საბავშვო ბაღში რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემებიც გაჩნდა. ჩემი უფროსი შვილი უკრაინულ სკოლაში შევიდა (რისთვისაც დიდი მადლობა საქართველოს), მაგრამ უკრაინული საბავშვო ბაღი ვერ ვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ქართულ საბავშვო ბაღში ჩარიცხვა შესაძლებელი იყო, თუმცა, ვიფიქრეთ, რომ პატარა ბავშვისთვის, რომელმაც ჩვეული გარემოდან მოწყვეტის შედეგად სიმშვიდე დაკარგა და რომელსაც სახლთან განშორება უჭირდა, მისთვის უცნობ ენობრივ გარემოში მოხვედრა დამატებითი ტრავმა იქნებოდა. ამიტომ, ძალიან გეგვიხარდა, როდესაც გავიგეთ საბავშვო კლუბის არსებობის შესახებ და იქ სიარულის შესაძლებლობა თითქმის მისი გახსნისთანავე მოგვეცა. დიდი სივრცე ბავშვებისთვის, აღმზრდელების შესანიშნავი გუნდი, კლუბის ხელმძღვანელის ენერგიულობა და შემოქმედებითი მიდგომა და, რა თქმა უნდა, მსგავსი მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. ბავშვებმა მალევე გამონახეს საერთო ენა, სიამოვნებით დაიწყეს საბავშვო ბაღში სიარული, თავს დაცულად გრძნობდნენ, ბევრი რამ ისწავლეს, გახდნენ უფრო გახსნილები, მხიარულები და ადამიანების ნდობა თავიდან ისწავლეს. ეს ხდება არა მხოლოდ სწავლებისა და განვითარების ზოგადი მეთოდების გამოყენების წყალობით, არამედ არტთერაპიის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარების, ექსკურსიებისა და ფერადი დღესასწაულების მოწყობის, აგრეთვე ქალაქში გამართულ ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის შედეგად. ძალიან მალე საბავშვო კლუბი ყველა ჩვენგანისთვის გახდა არა მხოლოდ ადგილი, სადაც შეგვიძლია საკუთარი შვილი მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოდ დავტოვოთ და სამსახურში წავიდეთ, არამედ მეორე სახლი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ თანამემამულეებს, მივიღოთ დახმარება და ინფორმაცია და განვვითარდეთ. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებსაც. არტთერაპიის სეანსებმა თავდაჯერება შემმატა, აგრეთვე დამეხმარა სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის პოვნაში. ფსიქოლოგებთან შეხვედრებზე ჩვენი შვილებისა და მათთან კომუნიკაციის ასპექტების შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგეთ, ვისწავლეთ, როგორ გავუმკლავდეთ ერთად მიღებულ ტრავმებს. ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დახმარებაც მივიღეთ. ზუმბას, სალსას და იოგას გაკვეთილები საკუთარი სხეულის ტონუსში მოყვანასა და მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ მოდუნებაში მეხმარებოდა. ვხედავთ, რომ ჩვენი ქალიშვილისთვის საბავშვო ბაღში ყოფნა საინტერესოა, ის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს (მადლობა ჩვენი შვილების კვებისთვის). ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი რამ ისწავლა. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ოჯახისთვის ასეთ რთულ დროს გაწეული ძალიან დიდი დახმარებისთვის!

***

მე ვარ ანნა. საქართველოში ჩემს შვილთან (2 წლის) ერთად მარიუპოლიდან ჩამოვედი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებიდა, სად წავსულიყავი. ამასთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც განადგურებული ვიყავი.

საბავშვო კლუბი “Happy Me” ტელეგრამ არხზე აღმოვაჩინე. როდესაც მივედი, გავიგე, რომ კლუბი საკუთარ ღონისძიებებს შვეიცარიული პროექტის ფარგლებში ატარებდა, მათ შორის იყო ინდივიდუალური შეხვედრები ფსიქიატრთან და ჯგუფური სეანსები ფსიქოლოგთან, არტთერაპია, იოგა და ზუმბა. ფსიქიატრთან ინდივიდუალური შეხვედრების შედეგად ძლიერი ხმაურის შიში დავძლიე. ეს შიში დაბომბვის ეპიცენტრში ყოფნისას გამიჩნდა. ფსიქოლოგის დახმარებით საკუთარ შვილთან კონტაქტი დავამყარე და მასთან ურთიერთობის გამოცდილება შევიძინე. ხატვის გაკვეთილებზე დედები და ბავშვები ნახატების საშუალებით საკუთარ ემოციებს ხალისით გადმოსცემდნენ.

ზუმბა და იოგა ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მეც კლუბში დავსაქმდი. ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით დადის კლუბში და ყველა გაკვეთილს ესწრება. ჩემთვის, როგორც დედისთვის, ბავშვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბმა „Happy Me“ და შვეიცარიულმა პროექტმა გაგვაერთიანა და მომავლის იმედი მოგვცა. ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისათვის.

***

მე, ეკატერინა კრემსკაია, თბილისში 2022 წლის 21 აგვისტოს ჩამოვედი. ოკუპირებული ხერსონიდან მხოლოდ იმედი და საკუთარი უნარები წამოვიღე. საქართველოში მიღებული დახმარებისა და  პროფესიონალების წყალობით საბავშვო კლუბის პროექტში არტთერაპევტად დავსაქმდი. ამ პროექტის დახმარებით ფინანსურ სტაბილურობას მივაღწიე და მომეცა შესაძლებლობა, ვაკეთო ის, რაც მიყვარს – საბავშვო კლუბში ბავშვებსა და უფროსებს ხატვა ვასწავლო. პროექტი მხოლოდ სამსახური არ არის, ეს არის დახმარება, რომელიც სჭირდება ყველა ლტოლვილს უკრაინიდან,  მათ შორის, მეც, რომლებსაც უსაფრთხო ადგილის პოვნა და ნებისმიერს სახის დახმარების მიღება სურთ. პროექტმა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მომცა. აგრეთვე მომცა საშუალება, ისევ მემუშავა ბავშვებთან და თავი საჭიროდ და სასარგებლოდ მეგრძნო. გარდა ამისა, ყველა მიმართულების პროფესიონალების წყალობით ჩვენ საკუთარ ფსიქოლოგიური ტრავმებს შევებრძოლეთ და გავუმკლავდით.  ეს იყო არაჩვეულებრივი დრო, რომელიც ჩვენ მეგობრულ ატმოსფეროში პროფესიონალებისა და ბევრი ბედნიერი ბავშვის გარემოცვაში გავატარეთ.

საბავშვო კლუბი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მხარდაჭერა“, რომელიც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდთან (GEFF) თანამშრომლობით.