fbpx

ევროკავშირი სოფლად მცხოვრებ ქალებს აძლიერებს

14/03/2021

წალკის LAG-ის მიერ მხარდაჭერილი ელენა ჩამურლიდის ისტორია

ელენა ჩამურლიდი, ქვემო ქართლში, წალკაში მდებარე რესტორან „პონტია“-ს მფლობელი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. რესტორანი წლების წინ ელენას მამამ გახსნა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც საოჯახო ბიზნესში ყოველთვის ჩართული იყო, ბიზნესის მართვა საკუთარ თავზე აიღო. ელენას რესტორანთან დაკავშირებით ყოველთვის მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა და უკვე რამდენიმე წელია მას ბიზნესის გაფართოება და განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანა სურს. გასულ წელს, ელენამ საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსში წარადგინა და დაფინანსებაც მიიღო.

ევროკავშირის მხარდაჭერით ელენამ რესტორნის კეთილმოწყობა და მოდერნიზება შეძლო, რამაც წლების წინ შექმნილი გარემო ბევრად კომფორტული და წარმოუდგენლად მყუდრო გახადა. რესტორნის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და ის ყველა საჭ თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი.

„წალკაში ჩამოსულ სტუმრებს, მინდა ჩემი რესტორნით მუნიციპალიტეტზე კარგი შთაბეჭდილებები შევუქმნა. ამ ეტაპზე ვმუშაობ, რომ ეს ადგილი უფრო კომფორტული და თანამედროვე გავხადო. ასევე, მინდა, რომ დავხვეწო რესტორნის მენიუ. ჩემი სურვილია, მომხმარებლებს უფრო მეტი და მრავალფეროვანი მცენარეული კერძები შევთავაზო. დღეს, ეთიკური და გარემოსდაცვითი მოსაზრების გამო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვეგეტარიანელობას და ჩემი მიზანიც ეს არის, რომ მათ უფრო ფართო და საინტერესო არჩევანი შევთავაზო,“ – გვიყვება ელენა.

რესტორანი სტუმრებს მრავალფეროვან კერძებს, მათ შორის ბერძნულ ტრადიციულ კერძებსა და თევზის ასორტიმენტს სთავაზობს. ელენას სჯერა, რომ მგსავსი ადგილობრივი ბიზნესის განვითარება ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი თემისთვის და ამასთან რეგიონის წარმოჩენისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

ელენა წარმოშობით ბერძენია. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ბერძნულ, თურქულ, რუსულ ენებს და საუბრობს ქართულადაც. ევროპაში მიღებული ეკონომიკური განათლება მას საშუალებას აძლევს პროფესიონალურ დონეზე მართოს საკუთარი ბიზნესი, მათ შორის უხელმძღვანელოს მარკეტინგულ და საორგანიზაციო მიმართულებას.

„რომ არა ეს გრანტი, ჩემს გეგმებსა და ხედვას ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით ვერ განვახორციელებდი. ამ გეგმებზე დიდი ხანია ვფიქრობ და ახლა უკვე ფინანსურმა მხარდაჭერამ მათი რეალიზების საშუალება მომცა,“  ამბობს ელენა.

რესტორნის მართვაში ელენასთან ერთად ჩართულია მისი ოჯახის ყველა წევრი. ამასთან, ელენა ექვს ადგილობრივსაც ასაქმებს, მათი უმეტესობა ქალია. თავად ელენა აქტიური მოქალაქეა და, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის მიღმა, ცდილობს წვლილი შეიტანოს ადგილობრივად ქალთა უფლებების დაცვაში, ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაში და გენდერეული უთანასწორობის დაძლევაში, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში ძალზე მწვავედ დგას. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, ელენას მიაჩნია, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს ბიზნეს თუ საზოგადოებრივი საქმიანობის წარმართვის შესანიშნავი უნარი გააჩნიათ. იმისთვის, რომ მათი საზოგადოებრივი ჩართულობა და დამოუკიდებლობა გაიზარდოს სოფლად მეტი შესაძლებლობების შექმნაა საჭირო.

„სოფლად მცხოვრები ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში. თუმცა, განათლებაზე, სოციალურ სერვისებსა და დასაქმებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა მათ მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებთ. სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების, ოჯახებისა და სოფლის თემების კეთილდღეობისთვის, არამედ ზოგადად ეკონომიკური ზრდისთვისაც მნიშვნელოვანია,“ ამბობს ელენა. 

ელენეს ბიზნეს იდეა ერთ-ერთია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით დღემდე დაფინანსებული 13 ადგილობრივი პროექტიდან. ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის LAG-ი, ორგანიზაცია CENN-თან ერთად, უკვე მეორე წელია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე, ქალების, გოგონების და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე მუშაობს. მხარდაჭერილი პროექტების საქმიანობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, არასასაოფლო-სამეურნეო, კომერციულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს ფარავს. პროექტები მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას.  

წალკის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსების გარდა, მოწყვლადი ჯგუფებითა და ეთნიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. წლების მანძილზე ტრადიციებში გამჯდარი შეზღუდვები და ქალთა ინტეგრაციის პრობლემა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და ბევრ ქალსა თუ გოგონას მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. პროექტის ‘ეს წალკაა’ დაწყებისას, როცა აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიზანი, ქალების, გოგონებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებაა, პროექტის გუნდისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წალკაში ქალთა ინტეგრაციის არსებული მდგომარეობა წარმოადგენდა:

„პროექტის პირველ ეტაპზე, როცა თემთა მობილიზაციის შეხვედრებს უკლებლივ, წალკის ყველა სოფლებში ვატარებდით, რიგი კულტურული თუ ტრადიციული მიზეზების გამო, შეხვედრებზე ქალები თითქმის არ გამოდიოდნენ,  მაშინ ვფიქრობდით, როგორ უნდა შეგვესრულებინა პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როცა ქალებთან შეხვედრა და გასაუბრებაც კი დიდი გამოწვევა იყო. თუმცა პროექტმა თავისი მიზნებითა და აქტივობებით ეს დამოკიდებულება ნამდვილად შეცვალა, დღეს წალკის LAG-ის საბჭოს 11 წევრიდან 6 არის ქალი და ამასთანავე, LAG-ის არჩეული თავმჯდომარეც ქალია,“  მელანო ტყაბლაძე, პროექტის ‘ეს წალკაა’ მენეჯერი

პროექტის მიმდინარეობიდან 2 წლის თავზე, წალკის LAG-ის აქტიურმა საქმიანობამ და პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა უამრავმა საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობამ, ქალთა ინტეგრაციის საკითხი და მანამდე არსებული რეალობა, შეიძლება ითქვას, რომ წალკის რეალობის გათვალისწინებთ რადიკალურად შეცვალა.  წალკის LAG-ის ოფისში, ადგილობრივი ქალების გაძლიერებისა და ინტეგრაციის მიზნით ყოველ პარასკევს ‘ღია სოციალური საღამოები’ ეწყობა, სადაც ადგილობრივ ქალებს ინტეგრაციისა, სოციალიზაციის და საინტერესო სპიკერებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. 2020 წელს, ჰიბრიდულ ფორმატში 40 სოციალური საღამო ჩატარდა სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: მეწარმეობა, გენდერული თანასწორობა, კარიერული განვითარება, საგანმანათლებლო შესაძლებლობები საზღვარგარეთ და სხვა. სოციალური საღამოების წარმატება შეიძლება იმითაც გაიზომოს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საღამოებში მონაწილეობდა დასაქმების შესაძლებლობა მიეცა, სამმა გოგონამ საერთაშორისო ფორუმებსა და პროექტებში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. მაშინ, როცა პროექტის დაწყების პირველ ეტაპზე ადგილობრივ ქალებთან შეხვედრა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა,  2020 წელს სოციალურ საღამოებში სულ, 782 ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 608 მონაწილე ქალი იყო. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის 13 გამარჯვებულს შორის 5 ბენეფიციარი ქალია, რომელთა პროექტები ეკონომიკური დოვლათის შექმნასთან ერთად, ადგილობრივი ქალების გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021