fbpx
Skip to main content

27 თებერვალს მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ მოხდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ძალისხმევისა და მიღწევების ხაზგასმა.

საქართველოში დაახლოებით 10000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში. არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით.

სტრუქტურისა და მიზნების შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა არაერთი მიმართულებით წარმართონ, კერძოდ შესაძლოა ეს იყოს კვლევითი საქმიანობა, ადვოკატირება, ინფორმაციისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, კანონის აღსრულების მონიტორინგი და ზედამხედველობა, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა, სერვისის მიწოდება და სხვა.
საქმოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ შემდეგ აქტივობებში:

• ჰუმანიტარული საქმიანობა;
• ეკონომიკური განვითარება;
• განათლება;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
• გარემოს დაცვა;
• სოციალური უზრუნველყოფა;
• სოფლის მეურნეობა;
• ანტიკორუფციული საქმიანობა;
• რეაბილიტაცია;
• ადამიანის უფლებების დაცვა;
• საზოგადოების/თემის გაძლიერება;
• ინფორმაციის თავისუფლება;
• სხვადასხვა ჯგუფების კონსულტირება;
• სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მხარდაჭერა და სხვა.

გახდი აქტიური მოქალაქე, ჩაერთე სამოქალაქო აქტივიზმში და შეიტანე პოზიტიური ცვლილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმული: сsogeorgia.org

ევროკავშირის მიერ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო ბოლო წლების განმავლობაში.

2017-2020 წლებში პროექტის ფარგლებში დაიხარჯა 5 მილიონ ევროზე მეტი, რის შედეგადაც:
– განხორციელდა 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება
– გაიცა 715 ათასი ევროს მოცულობის 80-ზე მეტი ქვეგრანტი
– პროექტით ისარგებლა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდების, მასწავლებლების, უნივერსიტეტების, ცენტრალური და რეგიონული მედიის, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩართული ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის 10 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა
– პროექტის საზოგადოებრივმა კამპანიამ მილიონზე მეტ მოქალაქეს მიაწვდინა ხმა.

ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების განგრძობადი მხარდაჭერის ფარგლებში, 2021 წლიდან დაიწყო ახალი ოთხწლიანი პროექტი, რომელიც დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების მრავალმხრივ მხარდაჭერას. ამჯერად პროექტის საერთო ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა და საგრძნობლად გაზრდილია ქვეგრანტების მოცულობა – 1.8 მილიონი ევრო.