fbpx
Skip to main content

შშმ პირები საკუთარი უფლებების დასაცავად – როგორ ცვლის აქტივიზმი საზოგადოების განწყობას

21/03/2022

უკვე 4 წელია, 34 წლის დეა ერემაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იბრძვის. თავის დასამკვიდრებლად, თავადაც შშმ პირს, არაერთი ბარიერის გადალახვა და სტერეოტიპების მსხვრევა მოუხდა. მის მიზნებს სკეპტიკურად უყურებდნენ. რთული გზა გაიარა, თუმცა დაამტკიცა, რომ შეეძლო – ახლა ბათუმში ცხოვრობს, ოჯახიც შექმნა და წარმატებული კარიერაც აქვს. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა, გადაწყვიტა, მოტივაცია სხვა ადამიანებისთვისაც მიეცა, განსაკუთრებით ქალებისთვის და დაერწმუნებინა, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

დეა ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში” განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. სხვებთან ერთად, პროექტში ჩართულია ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი რამინ მაჭარაშვილი, რომელმაც შშმ პირთა უფლებების წინ წამოწევა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. აქტივისტები სიამაყით აღნიშნავენ, რომ თუკი ადრე სახელმწიფოს მუდმივად თავად სთხოვდნენ, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა შშმ პირებსაც მიეღოთ და ფინანსები მათზე მორგებული პროექტებისთვისაც გაეთვალისინებინათ, დიალოგის შედეგად, ახლა პირიქით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უკავშირდებიან და პროცესში ჩართვას სთხოვენ.

„საზოგადოებას ჩვენ მიმართ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ კი აქცენტს სწორედ იმაზე ვაკეთებდით, რომ შშმ პირი არ უნდა იყოს მოწყალების მიმღები სუბიექტი. ეს საკითხი გვაღელვებს და ვცდილობთ, რაღაც შევცვალოთ, ამ მიმართულებით. წლების წინ, შშმ პირები საზოგადოებაშიც კი არ ჩანდნენ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე პროექტი ხორციელდებოდა, მხოლოდ თბილისში. რეგიონებში ინფორმაცია ვერც კი აღწევდა. ამიტომ, ჩვენი მიზანი, აჭარის რეგიონში შშმ პირთა უფლებებისა და საჭიროებების მხრივ, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება იყო“, – იხსენებს რამინი და აღნიშნავს, რომ, ამ მიზნით, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სხვა არაერთ მიმართულებასთან ერთად, დეამ და რამინმა მიზნად ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა დაისახეს – შშმ პირების დასაქმებაში ხელშეწყობა. დეა ამბობს, მხოლოდ დამსაქმებლის კი არა, თავად შშმ პირების დარწმუნებაც რთულია იმაში, რომ სამსახურის პოვნა შეუძლიათო.

„ჩემი ასაკის შშმ პირების 80% მიჩვეულია, რომ მათზე მშობლები ან სხვა ადამიანები ზრუნავენ. ვერც წარმოუდგენიათ, რომ თავად უნდა დასაქმდნენ. ძალიან ბევრი მუშაობა გვიწევს იმისთვის, რომ თუნდაც გადამზადების კურსებზე გავუშვათ. რეალურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მაგრამ დღეს ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. შესაძლოა, უბრალოდ მე-8 სართულზე ცხოვრობენ და სახლიდანაც ვერ გამოდიან. როგორ უნდა დავინახოთ? ამიტომაც ვიბრძვით მათთვის საჭირო სერვისების დამატებისთვის“, – განმარტავს დეა და აღნიშნავს, რომ დამსაქმებელსა და შშმ პირებს შორის არსებული გაუცხოება მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობითაც იყო გამოწვეული.

„დამსაქმებლები შშმ პირებს არ იცნობენ. ეშინიათ. სამწუხარო შედარებაა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დამატებითი ტვირთი იქნება. თუმცა, როდესაც კომპანიებს ერთი ადამიანი დაუსაქმებიათ და დარწმუნებულან, რამდენად მოტივირებული და წარმატებული კადრი შეიძინეს, მოგვიანებით სხვებიც დაუმატებიათ. ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. რეალურად, ძალიან დიდი ხიდი ვართ სახელმწიფოს, კერძო სექტორს და შშმ პირებს შორის. ჯერჯერობით, გამოგვდის“, – განმარტავს დეა და იხსენებს, რომ მხოლოდ გასულ წელს, მათი აქტივიზმის საფუძველზე აჭარის რეგიონში 8 ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, ახლა აქტივისტებს, შშმ პირების დასაქმების წასახალისებლად, კვოტირების სისტემის ამოქმედება სურთ, რაც ამ თემის წარმომადგენლებსაც თვითგანვითარების მეტ მოტივაციას მისცემს.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება დაიწყეს, რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. რამინს მარტივი მაგალითი მოჰყავს – საქართველოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები პირველად სწორედ ბათუმში შემოვიდა. თუმცა მძღოლებისთვის გაუგებარი იყო, რას ემსახურებოდა ეს ავტობუსები – პანდუსებს პრაქტიკაში თითქმის არავინ იყენებდა.

„რამდენჯერმე მძღოლმა შშმ პირი უბრალოდ დააიგნორა და ავტობუსი არ გაუჩერა. ზოგჯერ აჩერებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, მგზავრს ასვლაში როგორ დახმარებოდნენ. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა იცოდნენ, თუმცა მომსახურების გაწევა, უბრალოდ, ეზარებოდათ. ამიტომაც აქცია მოვაწყეთ – ავტობუსებს გაჩერებებზე ვხვდებოდით სლოგანით „გახსენი პანდუსი“. საკმაოდ ბევრი მოხალისე შემოგვიერთდა“, – იხსენებს რამინი და განმარტავს, რომ პროტესტის შემდეგ, მუნიციპალიტეტი მათ ორგანიზაციას თავად დაუკავშირდა და მძღოლებისთვის ტრენინგის ჩატარებაში დახმარება შესთავაზა.

აქტივისტებს არც ის დავიწყებიათ, რომ „ზღვა ყველასია“. 2019 წელს, სწორედ ამ სლოგანით და აქცია-პერფორმანსით აჩვენეს, რომ ეტლით მოსარგებლეთათვის ზღვის სანაპიროზე გასვლა შეუძლებელი იყო. რამდენიმე თვეში, აქციის ორგანიზატორებს ბულვარის ადმინისტრაციიდან მიმართეს და, მათი მხრიდან, ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ჩართვა ითხოვეს. ახლა, ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის, სანაპიროზე საჩასვლელად, ორი ლოკაცია უკვე მოწყობილია.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ, სამართლებრივი დავებიც გააქტიურდა. შედეგად, სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატში, დისკრიმინაციის მიმართულებით, არაერთი სარჩელია განხილვის ეტაპზე. რიგი საქმეები უკვე მოიგეს კიდეც. ეს რამინისა და დეას სამოქალაქო აქტივიზმის მხოლოდ მცირე ნაწილია. მიღწევები ბევრია – ზოგი მცირე, ზოგიც უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა აქტივისტები, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ჯერ ისევ აგრძელებენ და წინ კიდევ მრავალი ინიციატივაც აქვთ. მაგრამ ფაქტია, ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მათი ჩართულობით, აჭარაში მცხოვრები შშმ პირები სახლებიდან გამოდიან, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და თუკი, დიალოგის შედეგად, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისები დაინერგება, სხვების მსგავსად, ისინიც შეძლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, ნოტარიუსთან ვიზიტს, მატარებლის ბილეთების ელექტრონულად შეძენას, სანაპიროზე სეირონობას თუ სხვა, მათთვის სასურველი აქტივობების განხორციელებას.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ