
ევროკავშირის დახმარება საქართველოში ტყის რესურსების შენარჩუნებისთვის
საქართველო მდიდარია ტყის რესურსებით. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44.5% (3,100,500 ჰა) ტყით არის დაფარული. საქართველოში 400-მდე სახეობის ხემცენარე და ბუჩქი გვხვდება. ტყის 98.5% ბუნებრივი წარმომავლობისაა და მხოლოდ 1.5% არის მეტწილად წიწვოვანი სახეობებით გაშენებული ხელოვნური ნარგავობა. მიუხედავად ამისა, 2000-2022 წლებში ტყის კარგვის წლიური მაჩვენებელი 500 ჰა იყო, 2023-ში კი, სავარაუდოდ, 785 ჰა. ამის ძირითად მიზეზებად უკონტროლო ჭრა, ტყეში საქონლის ძოვება, ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება სახელდება.
ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია გარემოს დაცვის სფეროში. ბიომრავალეროვნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობა 2014 წლის 30 აგვისტოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია.
საქართველოში ბიომრავალფეროვნების გასაფრთხილებლად და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ევროკავშირმა, როგორც EU4Environment Programme-ის დამაფინანსებელმა და მსოფლიო ბანკმა, როგორც ამ პროგრამის განმახორციელებელმა, რამდენიმე წამოწყებას შეუწყვეს ხელი.
EU4Environment Programme-ის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი საქმიანობა მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სერტიფიცირების სისტემის ამოქმედებას და დროში გაწერილი იმგვარი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ტყის რესურსებით ყაირათიან სარგებლობასა და მათ შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში. სადღეისოდ დადგენილია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმით მოხერხდება მარეგულირებელი სისტემის მორგება დასახულ მიზანზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა და სისტემის დასანერგად საჭირო ადამიანური რესურსების მომზადება. სერტიფიცირების სისტემის დანერგვა დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას ტყის უკანონო ჭრა, გააუმჯობესოს სატყეო მეურნეობის მმართველობა, უკეთ იზრუნოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და, ამავდროულად, დააკმაყოფილოს ტყის პროდუქტებით ვაჭრობისა და საბაზრო ურთიერთობების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები.
EU4Environment Programme მიმართულია აგრეთვე ზურმუხტის ქსელში შემავალი დაცული ტერიტორიების ფარგლებში ტყის მართვის გაუმჯობესებისკენ. შემუშავებულია სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მეტყევეებს დაეხმარება უკეთ დაგეგმონ საქმიანობა ტყის ამგვარ უბნებზე. სახელმძღვანელოს მიზანია თანხმობაში მოიყვანოს ტყეში გავრცელებული სახეობებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს გრძელვადიანი შენარჩუნებისა და ტყით სარგებლობის ეკონომიკური საჭიროებები. ამ გზით შესაძლებელი გახდება ბუნებრივი სიმდიდრითა და ეკოსისტემური მომსახურებით სრულფასოვანი სარგებლობა, რაც მოიცავს სუფთა წყლითა და ჰაერით ტკბობას, ნიადაგის დეგრადაციის არიდებას, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების შესუსტებას, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას (მაგ.: ბუნებრივი დამტვერვით), ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების გამოყენებას, ეკოტურიზმს და ჯანსაღ დასვენებას.
ტყის შენარჩუნება და მდგრადი სატყეო მეურნეობის წარმოება აუცილებელია ეკოლოგიური ბალანსის შესანაჩუნებლად, ტყეზე დამოკიდებული მოსახლეობითვის საიმედო ყოფის უზრუნველსაყოფად და როგორც თანამედროვე, ისე მომავალი თაობების კეთლდღეობის დასამკვიდრებლად.