ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო
მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში 2024 წლის პოსტდოქტორანტურის სტიპენდიების კონკურსი გამოცხადდა. 417.18 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები განკუთვნილია დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევრებისთვის მათი შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გასაუმჯობესებლად.
საქართველოდან კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებს, გარდა „ევროატომის“ კვლევისა, რომელშიც სტიპენდიის მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინისთვისაა დაშვებული.
მსურველებს სთავაზობენ პოსტდოქტორანტურის ორი ტიპის სტიპენდიებს:
- ევროპული პოსტდოქტორანტურის სტიპენდიები. ამ სტიპენდიებზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მკვლევრებს, რომლებსაც კვლევითი კარიერის გაგრძელება ევროპაში სურთ. სასტიპენდიო პროგრამები განხორციელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში, რომელთა შორის საქართველოც არის. სასტიპენდიო პროგრამა ერთი ან ორი წელი უნდა გაგრძელდეს. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ნებისმიერი ეროვნების მკვლევრებს.
- გლობალური პოსტდოქტორანტურის სტიპენდიები. ამ სტიპენდიებით ფინანსდება მკვლევრების ევროპის ფარგლებს გარეთ მობილობა. სასტიპენდიო პროგრამის ხანგრძლივობა ორიდან სამ წლამდეა. პირველი ერთი ან ორი წელი მკვლევარმა არაასოცირებულ მესამე ქვეყანაში უნდა გაატაროს, მესამე წელი კი მოიცავს სავალდებულო „დაბრუნების ფაზას“ ორგანიზაციაში, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყანაში მდებარეობს. განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეებს ან დიდი ხნის რეზიდენტებს.
ორივე ტიპის სასტიპენდიო პროგრამა ასევე შეიძლება მოიცავდეს მოკლევადიან დროებით მივლინებებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (გამონაკლისია გლობალური სასტიპენდიო პროგრამის „დაბრუნების ფაზა“).
აკადემიური და არააკადემიური სექტორების დაკავშირების მიზნით, მკვლევრებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი მხარდაჭერა მაქსიმუმ ექვსთვიანი სტაჟირების გასავლელად არააკადემიური პროფილის ორგანიზაციაში, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან „ჰორიზონტ ევროპასთან” ასოცირებულ ქვეყანაში მდებარეობს. ეს სტაჟირება სასტიპენდიო პროგრამის დასასრულს უნდა განხორციელდეს.
მკვლევრებს, რომელთაც განაცხადი ევროპულ სასტიპენდიო პროგრამაზე შეაქვთ და მასპინძელი ორგანიზაცია „გაფართოების ქვეყანაში“ (მათ შორის საქართველოში) მდებარეობს, ERA-ს სასტიპენდიო კონკურსშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ERA 50-მდე სტიპენდიას გასცემს გამორჩეულად წარმატებული კანდიდატებისთვის, რომლებმაც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების პოსტდოქტორანტურის სტიპენდია საბიუჯეტო შეზღუდვების გამო ვერ მიიღეს.
ევროკავშირი შერჩეულ მკვლევრებს მხარდაჭერას ცხოვრებისა და მობილობისთვის გაცემული ფულადი დახმარების სახით გაუწევს. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასევე გაიცემა ფულადი დახმარება საოჯახო, გრძელვადიანი შვებულების და სპეციალური საჭიროებების ხარჯების ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დაფინანსება კვლევისთვის, ტრენინგისთვის, საქმიანი კავშირების დასამყარებლად და არაპირდაპირი ხარჯებისთვის.
კონკურსი, რომელიც მიზნად 1,400-ზე მეტი პროექტის დაფინანსებას ისახავს, 2024 წლის 11 სექტემბერს დაიხურება.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
პოსტდოქტორანტურის სტიპენდიები
დახურვის თარიღი:
სექტემბერი 11, 2024