fbpx

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და დონორები ქართველი ქალების მიერ დაარსებულ საწარმოს – „თეთრი სტუდია“ განვითარებაში ეხმარებიან

14/08/2020

მეწარმე ქალები უპირატესობას ქართულ თიხას ანიჭებენ

თბილისის ძველ უბანში მოკალათებული  „თეთრი სტუდია“ ფერად-ფერადი კერამიკის ნამდვილი კუნძულია. საგამოფენო დარბაზი და კერამიკის სახელოსნო შეიქმნა მას შემდეგ, რაც ორმა შემოქმედმა მეგობარმა – ნატო ერისთავმა და ნინო ყამბარაშვილმა გადაწყვიტეს საყვარელი საქმე ბიზნესად გადაექციათ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მისი დონორები მეგობრებს მათი იდეის ბიზნესად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დაეხმარნენ.

ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც თიხის გამოსაწვავი ღუმელი საჭირო დროს არ ჩამოვიდა. ლოდინის ოთხი თვე შემოქმედმა მეგობრებმა თეთრ თიხაზე მუშაობაში გაატარეს და არაერთი კერამიკული ნამუშევარი შექმნეს.

ნატო იხსენებს, რომ, როდესაც თიხის გამოსაწვავი ღუმელი ჩამოვიდა, ისინი მიხვდნენ, რომ ყველა ნამუშევრის მოხატვა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მათ მოაწყვეს თეთრი გამოფენა, მალევე მოიპოვეს აღიარება და გაუჩნდათ ბიზნესის შემდგომი განვითარების მოტივაცია. გავიდა წლები და დღეს „თეთრი სტუდია“ ქალაქის ყველაზე ფერადი ადგილია.

ცხოვრების გაფერადება

„ჩვენ უპირატესობას თეთრ თიხას – სხვადასხვა ქართული მასალების ნარევს ვანიჭებთ. ჩვენ მას ხშირად ქართულ ფაიფურს ვუწოდებთ, რადგან მას აქვს ფაიფურის მსგავსი ისეთი თვისებები, როგორიცაა გამჭვირვალობა, ელასტიურობა და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა, ავაღორძინოთ ხელოვნების ეს დარგი და დავამტიკიცოთ, რომ ამ მასალის გამოყენება შესაძლებელია ინტერიერის, ექსტერიერის და ლანდშაფტების დიზაინსა და მონუმენტურ ხელოვნებაში.  ჩვენ გვსურს ქართული თიხა საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ“, – ამბობს ნატო.

სტუდია,  თიხის გამოსაწვავი ღუმელის წყალობით, სუფრის ჭურჭლის, სანათებისა და ინტერიერის აქსესუარების დასამზადებლად წითელ თიხასაც იყენებს.

ევროკავშირის, შვედეთისა, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD მცირე ბიზნესის ფონდის* მიერ დაფინანსებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ორ ხელოვანს საკუთარი ბიზნესის ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კომპანია დააკავშირა კონსულტანტების ჯგუფთან, რომელმაც კომპანიას მოუმზადეს სტრატეგიული გეგმა საქმიანობის სწორად წარმართვისა და მომგებიანობის უზრუნველსაყოფად.

 

‘’ადრე საკუთარ გამოწვევებს ინსტიქტურად ვგრძნობდით, ახლა კი ვიცით, რა უნდა  გავაკეთოთ. ეს ჩვენ გვაძლევს ძალას, გავაფართოვოთ საკუთარი ბიზნესი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც,“ – აღნიშნავს ნინო.

მასშტაბურ ბიზნეს გეგმაში განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოიპოვოს კომპანიამ ბაზარზე ოპტიმალური წილი, დანერგოს ფასწარმოქმნის სტრატეგია და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები. ახალი მომხმარებლების მოზიდვის კომპონენტი უკვე ამოქმედებულია. კორპორატიული შეკვეთების გარდა, კომპანიამ „თეთრი სტუდია“ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს დაუმზადა სუფრის საფირმო ჭურჭელი. თითოეულ თეფშზე დატანილია ქართული ანბანის მხატვრულად შესრულებული ასოები.

კერამიკის ჯადოსნური სამყარო

 ‘’წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა, როდესაც სტუმრებს უმასპინძლდებით თქვენს მიერ მომზადებული კერძებით, რომლებიც საკუთარი ხელით დამზადებულ თეფშებზეა დაწყობილი. ცნობილია, რომ თიხის ჭურჭლისა და კერამიკული ნივთების დამზადების პროცესს თერაპიული ეფექტი აქვს,“ – ამბობს ნატო.

აღნიშნულის გათვალისწინებითა და ქართული კერამიკის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით, ნატომ და ნინომ გადაწყვიტეს, ყველასთვის გაეხსნათ კერამიკის შექმნის ჯადოსნური სამყაროს კარი.  ყველა მსურველს შეუძლია გაიაროს მასტერ კლასი და ჩაერთოს შემოქმედებით სამუშაო პროცესში.

კერამიკის შექმნის პროცესი მართლაც საოცარი პროცესია, რომელშიც ხელოვანების მთელი ჯგუფი მონაწილეობს. ერთი პატარა ქოთანი ხანგრძლივ გზას გადის: ამოყვანა, დამუშავება, პირველადი გამოწვა, გამოშრობა, მოხატვა და მინანქრის გამოწვა.

კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში „თეთრმა სტუდიამ“ თავის ერთგულ მომხმარებლებთან კავშირი არ გაწყვიტა და მათ საკუთარ ფერად კერამიკულ ნაწარმს ონ-ლაინ მაღაზიის საშუალებით სთავაზობდა. შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების შემდეგ, კომპანიამ მომხმარებლებს ისევ გაუღო საკუთარი კარი მათი ყოველდღიური ცხოვრების გასაფერადებლად.

*ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის დამფინანსებლები არიან იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი და აშშ.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021