fbpx

კოოპერატივის „ლელო 2014“ ისტორია

29/03/2020

ENPARD-ი წარმოგიდგენთ მისი რეგიონალური პარტნიორის, People in Need-ის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივის „ლელო 2014“-ის ისტორიას.

2013 წელს მამუკა ვაშაკიძე და მისი კოოპერატივის  წევრები ქუთაისში, ყველისა და ღვინის ფესტივალზე მიიწვიეს და საკუთარის მცირე წარმოების ყველის გამოფენა შესთავაზეს. ფესტივალის დროს განსაკუთრებული ხალხმრავლობა სწორედ მამუკას კოოპერატივის დახლთან შეინიშნებოდა. „ლელო 2014“ -ის ყველმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კოოპერატივის წევრებს კი იმედი გაუჩნდათ – ყველის რეალიზაცია მათი შემოსავლის მუდმივი წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო. ამისათვის კი წარმოების გაფართოება იყო საჭირო რა თქმა უნდა მინიმალური დანახარჯებით. გონივრული კოოპერაცია კი ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. მიზანს მიაღწიეს. დღეს „ლელო 2014“  ყველის საწარმო აქვს საქკუთრებაში, ასევე რძის შესაგროვებელი ავტომანქანა- მაცივარიც და რაც ყველაზე მთავარია კოოპერატივს აქვს ლაქტოსკანიც – რძის ხარისხის შესამოწმებელი ხელსაწყო. გონივრული, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის შედგენის შედეგად, კოოპერატივმა ENPARD-ისა და People in Need-ის  დახმარებით  შეძლო შეექმნა წარმოება, რომელიც დღითიდღე ფართოვდება. ტექნოლოგიურ საიდუმლოებასთან ერთად, კოოპერატივს წარმატების კიდევ ერთი რეცეპტი აქვს – თანამედროვე მიდგომებისა და ტრადიციების შეზავება, ასევე ახლის სწავლის დაუოკებელი სურვილი. ესაა და ეს!

საქართველოს საფირმო კერძის, ხაჭაპურის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული ნაირსახეობა იმერული ხაჭაპურია. განსაკუთრებული და განუმეორებელი გემოს საიდუმლო იმერულ ყველშია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ იმერულ ხაჭაპურს, მისი დაგემოვნების სურვილი კი ბევრ უცხოელს უჩენს სურვილს საქართველოში იმოგზაუროს. შესაბამისად, იმერეთი განთქმულია თავისი რძის ნაწარმით, განსაკუთრებით კი ყველის ნაირსახეობებით. ხონის რაიონში მცხოვრებმა რამდენიმე ფერმერმა გაერთიანება გადაწყვიტა რათა არსებული ტრადიცია, რომელიც ამ კუთხეში უგემრიელესი ყველის წარმოებას გულისხმობს, ისეთი სტანდარტების დანერგვით გაემყარებინათ, რომლებიც მათ პროდუქტს სრულიად უსაფრთხოს და უფრო მეტიც,  ძალზე სასარგებლოს ხდის მომხმარებლისთვის. ტრადიციულ ყველის სახეობებთან ერთად კი მათ გადაწყვიტეს ევროპელი ფერმერების გამოცდილების გაზიარებით სრულიად ახალი გემოები შექმნან; ყველი წიწაკით, ნივრით, აჯიკით, ქონდარით და კიდევ მრავალი სასარგებლო დანამატით, ეს გახლავთ ის სიახლე, რომელიც კოოპერატივ „ლელოს“ წევრებმა მომხმარებელს შესთავაზეს.

ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელის წარმომადგენელი კოოპერატივ „ლელო 2014“-ის თავმჯდომარეს ბატონ მამუკა ვაშაკიძეს ესაუბრა:

-ბატონო მამუკა, გთხოვთ მოგვიყვეთ კოოპერატივ „ლელოს-2014“-ის დაარსების ისტორია.

ჩვენს კოოპერატივში 10 წევრია, 4 ქალი და 6 კაცი. ეს არის  მეზობლების გაერთიანება ხონში.

2013 წელს გადავწყვიტეთ შეგვექმნა კოოპერატივი. ქუთაისში იყო ღვინის ფესტივალი, სადაც გვთხოვეს ყველის ჩატანა. მაშინ პირველად შევიტყვე იმის შესახებ, რომ ეს ორი პროდუქტი განუყოფელი იყო. მოეწონათ ჩვენი ყველი. თუმცა იმისათვის რომ დაგვეწყო ყველის წარმოება აუცილებელი იყო დანახარჯების შემცირება, რაც მხოლოდ კოოპერატივის მეშვეობით თუ გახდებოდა შესაძლებელი. ჩვენ ასევე გვქონდა ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ რადგანაც ამ პროგრამის წარმომადგენლები დადიოდნენ სოფლებში, რომ გაევრცელებინათ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ რასაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. დავაზუსტეთ ინფორმაცია და შევიტანეთ განაცხადი. არ გვეგონა ასე უპატრონოდ თუ გავიდოდით და მივიღებდით ასეთ სერიოზულ მხარდაჭერას.

  • რა სახის მხარდაჭერა მიიღეთ ENPARD- ის მეშვეობით?

ENPARD-ის დახმარება 46 000 ლარის ღირებულების დანადგარებში და მოწყობილობებში გამოიხატა, მათ შორის გადმოგვეცა რძის შესაგროვებელი ავტომანქანა მაცივარი – ფორდის ტიპის. ჩვენი კოოპერატივის თანამონაწილეობა იყო საწარმოს კეთილმოწყობა 7800 ლარის სახით, ასევე ავტომანქანები და ტერიტორია, რომელზეც არის საწარმო.

  • გთხოვთ გაგვაცნოთ დეტალები წარმოების შესახებ. რამდენად დაცულია საერთაშორისო სტანდარტები წარმოების ხარისხში და როგორ ხდება რძის ხარისხის შემოწმება თქვენი კოოპერატივის მიერ?

ჩვენ თვითონაც ვაწარმოებთ რძეს და ასევე ვიძენთ მას თანასოფლელებისგან, ჩვენს ირგვლივ 6 სოფელია, მათი მაცხოვრებლებისგან ვიძენთ რძეს, ხდება ადგილზე შემოწმება ლაქტოსკანით, რომელიც გახლავთ ძალიან ძვირადღირებული მოწყობილობა; ის ამოწმებს რძის ცხიმიანობას, რძის სიმკვრივეს, ცილისა და მარილის შემცველობას, ასევე რძეში გარეული წყლის ოდენობას. ამ პრინციპით ვამოწმებთ რძეს, რომელიც იმავე დღესვე მოგვაქვს საწარმოში, ხდება მისი გაფილტვრა ხელმეორედ, პასტერიზაცია, დაავადებების რისკის გამოსარიცხად. შემდგომ ხდება რძის დაკვეთა 32 გრადუსზე, მომდევნო ეტაპი ყველის ამოყვანა. გვაქვს სპეციალური მოწყობილობა ამრევის სახით, შემდგომ ვწურავთ მარლების მეშვეობით და ხდება ფორმებში ყველის მოთავსება.

  • დაგეხმარათ თუ არა ENPARD-ი პროდუქციის გაუჯობესების კუთხით?

დიახ, რა თქმა უნდა. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ვიყავით ჩეხეთში, ადგილობრივი ფერმერების გამოცდილების გასაზიარებლად. პრაღის გარეუბანში ვიყავით ფერმაში, სადაც გავსინჯეთ უგემრიელესი ყველები და ვთხოვეთ ფერმის დირექტორს მათი ტექნოლოგიის და რეცეპტის გაზიარება და სამაგიეროდ შევთავაზეთ ჩვენი სულგუნის რეცეპტი. ის შეგვპირდა, რომ ზაფხულის ბოლოს გვესტუმრება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორაციას და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია.

  • რამდენი სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებთ ამჟამად?

ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ 18 სახეობის რძის პროდუქტს. გეგმაში გვაქვს ბევრად მეტი, ვატარებთ ექსპერიმენტებს, რადგან საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი.

ჩვენ საცდელად დავამზადეთ ყველი წიწაკით, ნივრით, ქინძით, აჯიკით, ქონდრით, და თანარაიონელებს მივეცით დეგუსტაციის საშუალება. ასევე წარმოდგენილი გვქონდა ხაჭოს ყველი, ტრადიციული სულგუნი, მათ შორის შებოლილიც. მოსახლეობიდან ვიღებთ უკვე ზარებს, მათ მოეწონათ რამდენიმე პროდუქტი განსაკუთრებით, ჩვენს გამოფენა-დეგუსტაციაზე, და შეგვიკვეთეს.

  • აწყდებით თუ არა რეალიზციის პრობლემას ამ ეტაპზე და როგორია თქვენი კოოპერატივის განვითარების გეგმა?

ამჟამად რეალიზაციის პრობლემა არ არის, მაგრამ სამწუხაროდ გაყიდვები ხდება გადამყიდველების მეშვეობით, რაც ზრდის პროდუქტის ფასს მომხმარებლისთვის და ჩვენს მოგებას ხდის მინიმალურს. ჩვენ გვსურს ჩვენი პროდუქციის მიწოდება სუპერმარკეტების ქსელებში, ამჟამად ვემზადებით ჩვენი პროდუქციის ბრენდირებისთვის და შეფუთვისთვის.

ჩვენი განვითარების გეგმა ხონში , სამტრედიასა და ქუთაისში მაღაზიის გახსნას მოიცავს. მომხმარებელთან გვსურს გადამყიდველების გარეშე მისვლა. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის დასახელებას, გვსურს ქალების სახელები დავარქვათ ყველებს, ჯერ წევრების და შემდგომ სხვა სახელებსაც მოვიფიქრებთ. ამჟამად თვეში ტონაზე მეტ მხოლოდ სულგუნის სახეობის ყველს ვაწარმოებთ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია კოოპერაცია თქვენს საქმიანობაში და რას ურჩევდით ფერმერებს?

ENPARD-ის პროგრამისა და კოოპერატივის შექმნის გარეშე ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ყველა მხრიდან ვგრძნობთ მხარდაჭერას. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ფერმერებს ვურჩიო კოოპერატივის ჩამოყალიბება და ENPARD-ის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021