fbpx

“ქალის და კაცის საქმე არ არსებობს” – “მამების სკოლის” მონაწილე სტერეოტიპების მსხვრევას ცდილობს

21/03/2022

ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა – სამწუხაროდ, მსგავსი საქმიანობები საქართველოში, უმეტესად, ჯერ კიდევ მხოლოდ ქალებთან ასოცირდება. კაცების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ საოჯახო საქმეების გადანაწილება შესაძლებელია. არსებობენ გამონაკლისებიც, თუმცა, დამკვიდრებული სტერეოტიპების გათვალისწინებით, საზოგადოებასა და მეგობრებთან ამის აღიარება მათაც უჭირთ.

ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ვერც დათო ცომაიას წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი ცოლი ოჯახში საქმეებს აქამდეც თანაბრად ინაწილებდნენ, ფიქრობს, რომ მაინც თავქარიანი იყო, პასუხისმგებლობები სათანადოდ გააზრებული არ ჰქონდა და გარკვეულ საკითხებზე აბსტრაქტული წარმოდგენები ჰქონდა.

ახლა, დათოს და ენეკს 6 თვის ესმა ჰყავთ. ერთად ზრდიან. ისე, რომ ყურადღება არც ბავშვს მოაკლონ და დრო საკუთარი საქმეებისთვისაც დარჩეთ. ახალ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში დათოს „მამების სკოლის“ პროექტი დაეხმარა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

„ადრე ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტში ვეძებდით. არ ვიცოდი, მსგავსი პლატფორმა თუ არსებობდა, სადაც შემეძლო მისვლა, კონკრეტულ საკითხებზე პროფესიონალთან გასაუბრება. შემდეგ „მამების სკოლის“ შესახებ გავიგე. პროექტი მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა, რომ სტერეოტიპები ხშირად მცდარია და, ზოგადად, ქალის და კაცის საქმე არ არსებობს. ბევრი ახალი რამ გავიგე, მათ შორის, ისეთ საკითხებზეც, რაც ვერ წარმომედგინა რომ ჩემი გასაკეთებელი იყო“, – განმარტავს დათო და აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანებთან შეხვედეა, იდეებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება უმნიშვნელოვანესი იყო. პროცესი კი იმდენად საინტერესოდ მიდიოდა, რომ კვირაში ორჯერ ბენეფიციარი ბაღდათიდან ქუთაისში ჩადიოდა. 

„საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებდით. განვიხილავდით, როგორი ურთიერთობა გვაქვს საკუთარ მამებთან. რა გვინდა, რომ ჩვენს შვილებთან გავიმეოროთ და რა არა“, – იხსენებს დათო.

საოჯახო საქმეებში დათოს ჩართულობა მნიშვნელოვანია ენეკისთვისაც. ის მეღვინეა და ამბობს, რომ საკუთარი საქმისთვის ბევრი დრო სჭირდება. ამიტომ, მუდმივად ბავშვზე ზრუნვას მარტო თვითონ ვერ შეძლებდა.

„ვენახი ადამიანებს არ ელოდება – როცა გასხვლის დროა, გასხვლის დროა, ვერ გადადებ. ჩემს საქმეს იმდენად დიდი დრო მიაქვს, არ შემიძლია, რომ ბავშვს მხოლოდ მე მოვუარო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დათომაც ბევრი რამ გააკეთოს ბავშვისთვის. მართალია, ამ მხრივ, ყოველთვის გამორჩეული ადამიანი იყო, ბავშვებთან თამაში ყოველთვის უყვარდა, უბრალოდ, საქართველოში მაინც ნაკლებად მისაღები თემაა, რომ კაცები ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ მხრივ, მამების სკოლა ძალიან დაგვეხმარა – სხვა კაცები მის მსგავს სიტუაციაში რომ დაინახა, უფრო გაიხსნა და უფრო აღიარა მისი ეს დამოკიდებულება სხვებთანაც“, – განმარტავს ენეკ პეტერსონი.

დათო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვის აღზრდის პროცესში დედაც და მამაც თანაბრად იყოს ჩართული და პასუხისმგებლობებიც გადანაწილებული ჰქონდეთ. „ახლა ვცდილობ, „მამების სკოლაში“ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს მეგობრებს, ახალბედა მშობლებს გავუზიარო“, – აღნიშნავს დათო და ყველას ურჩევს, თავიანთ მეუღლეებს გვერდში მაქსიმალურად დაუდგნენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,