fbpx

17 წლის სამაია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ – აქტივისტი თანატოლების განათლებისა და ღირსეული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებს

21/03/2022

17 წლის სამაია გუსეინოვა მომავალ წელს სკოლას ამთავრებს. ამბობს, იღბლიანი ვარ, ჩემს ასაკში, თითქმის ყველა ჩემი თანასოფლელი უკვე დაოჯახებულია და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაც კი არ აქვსო. ჯერ კიდევ მე-9 კლასში იყო, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ პირველად რომ გაილაშქრა. უჩვეულო იყო – მის თემში ეს დამკვიდრებული ნორმაა.

„ჩემი სოფელი, ცურტავი, ცნობილია ნაადრევი ქორწინების პრობლემით. მე-9, მე-10 კლასებში თითქმის ვერც ერთ გოგოს ვეღარ ნახავთ, რომელიც ქორწინებაში არ არის. მე გამიმართლა – ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც ოჯახი მხარს უჭერს და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. ჩემი მშობლები ჩემით ამაყობენ“, – აღნიშნავს სამაია და განმარტავს, რომ გადაწყვიტა, მხოლოდ თვითონ არ იყოს ასეთი ბედნიერი. „მსურდა, სხვა გოგოების მომავალიც შემეცვალა, მცირე წვლილი მაინც შემეტანა მათ ცხოვრებაში, სამაგალითო გავმხდარიყავი“, – ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი.

ტრადიციებითა და სტერეოტიპებით შებოჭილ საზოგადოებაში სამაიას განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. მართალია, მშობლები მხარს უჭერდნენ, თუმცა, აქტივიზმის პროცესში, მაინც არაერთი დაბრკოლება შეხვდა.

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც ახლა ან დანიშნულები არიან ან უკვე დაქორწინებულები. მათთან, ფაქტობრივად, კონტაქტიც აღარ მაქვს. წელსაც დაქორწინდა ერთი გოგო, 14 წლის. როდესაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ჩემს თანატოლებთან ვსაუბრობდი, მათ მშობლებს ყოველთვის ცუდი რეაქცია ჰქონდათ. ამბობდნენ, „გოგოა, უნდა დაქორწინდეს, 20-21 წელი უკვე ძალიან გვიანია“. იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესია ჰქონდათ, მათთან საუბარიც კი მეშინოდა“, – იხსენებს სამაია.

წინააღმდეგობების მიუხედავად, სამაიას მტკიცე მიზანი ჰქონდა – სურდა, მის თემში მხოლოდ თვითონ არ ყოფილიყო ბედნიერი და ეს შესაძლებლობა მის თანატოლებსაც ჰქონოდათ.

„პირველ რიგში, ჯერ ჩემი თავის განვითარება ვცადე, რაშიც ჩემი მასწავლებელი თემურ სუყაშვილი დამეხმარა. სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში ვმონაწილეობდი. გავხდი არაერთი ორგანიზაციის წევრი, ბევრი ინფორმაცია მივიღე, გავიგე, რა იყო არაფორმალური განათლება, დავფიქრდი, როგორ შემეძლო სხვების დახმარება. შემდეგ მოხალისეობა დავიწყე და, ეტაპობრივად, აქტივისტობამდე მივედი“, – ასე იხსენებს სამაია აქტივიზმის პირველ ნაბიჯებს, რომელთა შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში გავლილი ტრენინგიც იყო და განმარტავს, რომ, მის ირგვლივ, მსგავსი აქტივობებით ადრე არავინ ინტერესდებოდა.

„ჩემს კლასში, ჩემამდე, არც ერთი აქტივისტი არ იყო. თუმცა, როდესაც ჩემმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ასეთი აქტიური ვიყავი, ახალი ადამიანები გავიცანი, თანამოაზრეები გავიჩინე და საკუთარი თავის ასე განვითარება შევძელი, აქტივიზმის სურვილი მათაც გაუჩნდათ. ახლა, ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ნელ-ნელა თავადაც იწყებენ. ასე რომ, მე მართლაც შევძელი, მათთვის მაგალითი გავმხდარიყავი“, – ამაყობს სამაია და ფიქრობს, რომ, ეტაპობრივად, მისი თანასოფლელების დამოკიდებულებაც იცვლება.

„ახლა ყველა სიამაყით საუბრობს ჩემზე. მუდმივად აღნიშნავენ, თუ როგორი აქტიური და წარმატებული ვარ. მაგრამ ჯერ ისევ არ სურთ, რომ თავიანთი შვილებიც ასეთები იყვნენ. ისინი მაინც უნდა დაქორწინდნენ. თუმცა, აქტივიზმის შედეგად, გარკვეული წინსვლა მაინც შეინიშნება – ჩემ შემდეგ, ჩემი სოფლიდან, უკვე ორი გოგო სწავლობს კოლეჯში, მარნეულში“, – ამბობს აქტივისტი.

ადრეული ქორწინება რომ საზიანო პრაქტიკაა, ამაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის განმახორციელებლებიც საუბრობენ. გაეროს მოსახლეობის ფონდში მიიჩნევენ, რომ ეს გავლენას ახდენს გოგოების ჯანმრთელობასა და განათლებაზე, რადგან, როგორც წესი, ასეთ დროს, ისინი სწავლას წყვეტენ. „პროგრამის ფარგლებში, ვცდილობთ, მონაწილეების ცნობიერება ავამაღლოთ, რათა შემდგომ მათ მიღებული ცოდნა თავიანთ თანატოლებს და მშობლებს გაუზიარონ. გვქონდა ასეთი მაგალითი, როდესაც ტრენინგის მონაწილეებმა, ადრეული ქორწინების შესახებ, საინფორმაციო კამპანია მოამზადეს, რომელიც არა მარტო მათი მშობლების თაობაზე, არამედ თავად ახალგაზრდებზეც იყო ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ისინი ახალგაზრდებს უხსნიდნენ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან მათ ჯანმრთელობაზე, განათლების მიღების შესაძლებლობაზე და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. საინტერესოა ის მიდგომა, რომ ჩვენ, პროექტის წარმომადგენლები კი არ ჩავდივართ და ვესაუბრებით თემის წევრებს, არამედ თავად ეს ახალგაზრდები არიან ცოდნის გამავრცელებლები და ერთგვარი ცვლილების აგენტები. ცვლილებები კი სწორედ საკუთარი თავით და მათი მიკროგარემოთი იწყება, რომელიც შემდგომ უკვე დამოკიდებულებების ცვლილებაში ითარგმნება. ცხადია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს სწრაფი პროცესი იქნება. პირიქით, ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს“, – განმარტავს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ოფიცერი მარიკა ქურდაძე და აღნიშნავს, რომ პროცესი საკმაოდ საინტერესოა, რადგან მშობლების თაობისთვის ჯერ კიდევ რთულად მისაღებია ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც ადრეული ქორწინებაა, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„ახალგაზრდები ამბობენ, რომ, პირველ ეტაპზე, მშობლების მხრიდან, წინააღმდეგობა მაღალია. ხშირად იმ მომენტში არ ეთანხმებიან მათ მოსაზრებებს. თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა იწყებენ ფიქრს შვილის ბედზე, რომელიც შეიძლება, ადრეული ქორწინების მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამან მის მომავალზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ძალიან ნელა, თუმცა მაინც იწყებენ მათ გარშემო დამკვიდრებული ნორმების და სტერეოტიპების კრიტიკულად შეფასებას. თამამი ნათქვამი იქნება, რომ ისინი პირდაპირ თარგმნიან ამას თავიანთ მოქმედებაში, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ კითხვების დასმას იწყებენ, თუ რამდენად სამართლიანია ის გარემო, სადაც გოგოებს ასე უწევთ ცხოვრება და რამდენად სწორად ექცევიან ისინი მათ შვილებს?“, – ამბობს მარიკა ქურდაძე და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში ინვესტიციის ჩადება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რადგან ისინი ამ დამოკიდებულებებს პრაქტიკაში ნერგავენ და მომავალ თაობებს გადასცემენ. სწორედ მათ შორის არის სამაიაც, რომელიც ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. თუმცა აქტივიზმს არ წყვეტს და სჯერა, რომ მცირე ინიციატივები ახალგაზრდების შეხედულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. თანატოლებთან კი, სხვადასხვა საკითხზე ხშირი კომუნიკაცია აუცილებელია. ასე რომ, წინ დიდი გეგმები აქვს. სურს, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, საკუთარ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს, კიდევ უფრო გაამყაროს მის თანატოლებსა და მათ მშობლებს შორის გადებული ხიდი, რათა, მის მსგავსად, სხვებსაც ჰქონდეთ განათლების მიღების და წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობა.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,