fbpx

75 წლის როზა ღუღუნიშვილმა, კომპიუტერული უნარების საბაზისო კურსის შემდეგ, ახლობლებთან კომუნიკაცია აღადგინა

21/03/2022

75 წლის როზა ღუღუნიშვილი გურიაში, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს. იხსენებს, სანამ პანდემია დაიწყებოდა, აქ უამრავი სტუმარი მოდიოდა, სხვადასხვა ღონისძიებებსაც ვმართავდით და დროსაც მშვენივრად ვატარებდიო. შემდეგ, პანდემია დაიწყო და მოიწყინა. ვეღარც ახლობლებს ნახულობდა და მოხუცებულთა სახლსაც აღარავინ სტუმრობდა. სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობა გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ასაკში გადაწყვიტა, თანამედროვე ტექნოლოგიები თავადაც აეთვისებინა და დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტი ამ გზით დაემყარებინა.

„25 წელი ვიმსახურე ჯარში. ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. შემდეგ, მარტო დავრჩი და აქ მოვედი საცხოვრებლად. კარანტინი რომ დაიწყო, თავს დავიწყებულად ვგრძნობდი. ვერც ინფორმაციას ვიგებდი – კალენდარში თუ რამეს ვნახავდი, ისიც მიხაროდა. ტელეფონის და ინტერნეტის  გამოყენების შესახებ არაფერი ვიცოდი. ვერავის ვეკონტაქტებოდი. შემდეგ, ჩვენთან გოგონები მოვიდნენ, მასწავლეს, როგორ უნდა მოვძებნო სოციალურ ქსელში ნაცნობები, რომ დაველაპარაკო და დავინახო კიდეც. ახლა უკვე თავად ვრეკავ ჩემს ნათესავებთან, მეგობრებთან, რომლებიც ჯარში ჩემთან ერთად მსახურობდნენ და წლების განმავლობაში არ მენახა. ერთმანეთს წერილებს ვწერთ, დაბადების დღეებს ვულოცავთ. ინტერნეტი რომ არ მქონდეს, მართლა არ ვიცი, რას ვიზამდი“, – ამბობს პროექტის ბენეფიციარი და განმარტავს, რომ სოციალური ქსელის გარდა, ინტერნეტს მისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ფილმების სანახავად და მუსიკის მოსასმენადაც იყენებს.

ხანდაზმულებისთვის ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის გაჩენაზე „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებულმა „სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა“ იზრუნა, რომელიც სრულად ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების ინტერესებზე მორგებული სილაბუსი შემუშავდა, რათა ისინი საბაზისო კომპიუტერულ უნარებს დაუფლებოდნენ. მათთვის ლეპტოპები და პლანშეტებიც შეიძინეს.

„ხანდაზმულების ინტერესი ინფორმაციული ვაკუუმის შევსება და სოციალური კავშირების შენარჩუნება იყო. სწორედ ამ ყველაფრის დეფიციტი ჰქონდათ, განსაკუთრების პანდემიის პერიოდში. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მათთვის ისეთი საკომუნიკაციო არხების გამოყენება გვესწავლებინა, როგორებიც, მაგალითად, Facebook-ი და Google-ია. ახლა მათ თავად შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება მედიკამენტების, ჯანმრთელობის და სხვა საკითხების შესახებ. როდესაც ინიციატივის შესახებ ვუთხარით, ამან ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვინც დაინტერესდა, მაშინვე დავარეგისტრირეთ და სოციალურ ქსელებში ანგარიშები გავუხსენით. ახლა, ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო, ახლა Facebook-ში უკვე 50-მდე მეგობარი ჰყავს“, – ამბობს ცენტრის კოორდინატორი გურიაში სოფო ვასაძე.

ტრენინგის გავლის და ახალი უნარების ათვისების შემდეგ, ბენეფიციარების ცხოვრების წესი შეიცვალა. როზა ღუღუნიშვილი განმარტავს, რომ ახალა უფრო მოტივირებულია და, ინტერტების დახმარებით, მეტის გაგება სურს.

„შემიძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ჩემთვის საყვარელი ადამიანები ნებისმიერ დროს დავინახო და დაველაპარაკო. თუკი აქამდე დღეები ერთფეროვანი იყო, ახლა ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. ყველაფერს მეტი ხალისი აქვს“, – ამბობს როზა ღუღუნიშვილი.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,