
ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შეთავაზება შეუძლია.
ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ეხმარება, რომელიც, საქართველოს წესების, პროცედურებისა და სტანდარტების ევროკავშირის წესებთან, პროცედურებსა და სტანდარტებთან დაახლოებით, ევროკავშირთან ვაჭრობას უწყობს ხელს. 2014 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს ბიზნესებსა და პროდუქციას თანდათანობით გაუხსნა გზა ევროკავშირის ბაზრებისაკენ.
ევროკავშირი Global Gateway სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებითაც ეხმარება. Global Gateway სტრატეგიის საშუალებით ევროკავშირმა უკვე მოახდინა 2.1 მილიარდი ევროს მობილიზება სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით საქართველოში ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად. ეს ინვესტიციები მიზნად ისახავს სავაჭრო ნაკადებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას და ელექტროენერგიის უფრო უსაფრთხო და იაფი წყაროების უზრუნველყოფას. სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირის წამყვანი ინიციატივები 100,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) სარგებლის მიღებაში დაეხმარა.
მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია. 2023 წელს ამ საწარმოებზე საქართველოს ყველა კომპანიის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების 54% მოდიოდა და სამუშაო ძალის 59.% იყო დასაქმებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს ხშირად არ აქვთ წვდომა ინოვაციების დასანერგად, გარდასაქმნელად ან გასაფართოებლად საჭირო ფინანსებზე, ცოდნასა და ბაზრებზე. ამ დაბრკოლებების გადალახვაში დასახმარებლად, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს როგორც ქალაქებში, ასევე რაიონებში მოქმედ საწარმოებს. ევროკავშირი საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარე დამფინანსებელია. ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს, მცირემიწიან ფერმერებს, დამწყებ და ინდივიდუალურ მეწარმეებს დაფინანსებით, გრანტებით, რჩევებით, ტრენინგებით, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებითა და საბაზრო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქართველ ახალგაზრდებს სამეწარმეო და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის უზრუნველყოფის გზით სამსახურის პოვნაში ეხმარება.
2021 წლიდან 2023 წლამდე EU4Business ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი. შედეგად შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი და შემოსავლის სახით მიღებულ იქნა დამატებით 550 მილიონი ევრო. ამ მხარდაჭერის წყალობით, საქართველოში იზრდება სხვადასხვა მიმართულების ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ფართოვდებიან. ეს საწარმოები უკეთესად მუშაობენ, ნერგავენ ინოვაციებს, ფართოვდებიან საერთაშორისო დონეზე, ქმნიან სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზრდიან წარმოების მოცულობას საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ევროკავშირის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცალკეული დარგების მცირე და საშუალო საწარმოების უზრუნველყოფას „მწვანე“ წარმოებაზე გადასვლისა და მდგრადი, მწვანე და პასუხისმგებლობიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობებით და აგრეთვე მათ ციფრულ ტრანსფორმაციას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40%-ზე მეტს ქალები ხელმძღვანელობენ, რაც გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ევროკავშირი ხელს უწყობს მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისთვის სოციალური და დასაქმების შუამავალი სერვისების გაუმჯობესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე აქცენტითა და გენდერული მიდგომით, აგრეთვე სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში გენდერულად მგრძნობიარე ციფრული სისტემების განვითარებით.
ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საკვანძო როლი შეასრულა. ევროკავშირს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის მიღმა სოფლის განვითარების დღის წესრიგის გაფართოებაში, LEADER/CLLD მიდგომისა და ჭკვიანი სოფლის ინიციატივების მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციის, შემოსავლის ალტერნატიული წყაროების შექმნისა და ქვემოდან ზემოდან დაგეგმვის ხელშეწყობის გზით. ევროკავშირმა ასევე გააუმჯობესა წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და უნარების განვითარებაზე, დაუცველ ჯგუფებზე ყურადღების გამახვილებით. სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირმა ხელი შეუწყო პოლიტიკის შემუშავებას, ექსტენციის სისტემისა და პროფესიული სწავლების გაუმჯობესებას, აგრეთვე ფერმერთა კოოპერატივების შექმნას პროდუქტიულობის, პროდუქციის ხარისხისა და საბაზრო კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის ყველა რეგიონის მდგრად, სამართლიან და ეკონომიკურად დაბალანსებულ ზრდას. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, კულტურის, ურბანული განვითარებისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად უკანასკნელ წლებში 30-მდე მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირის მიერ ამ პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობამ დაახლოებით 50 მილიონი ევრო შეადგინა.