fbpx
Skip to main content

EBRD, ევროკავშირი, შვედეთი, პროკრედიტ ბანკი მხარს უჭერენ მეწარმე ქალების გაძლიერებას

12/03/2024
  • EBRD-ის 8 მილიონი ევროს სესხი პროკრედიტ ბანკს ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად
  • დაფინანსება მხარდაჭერილია ევროკავშირისა და შვედეთის მიერ
  • სესხი ხელს შეუწყობს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას

საქართველოში ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (MSME) ახალი დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) და შვედეთის მხარდაჭერით.

EBRD გამოყოფს 8 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკისა და დიდი ხნის პარტნიორი პროკრედიტ ბანკისთვის. დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი კომპანიებისათვის მათი ზრდისა და განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.

პროკრედიტ ბანკი იწყებს გენდერზე ორიენტირებულ დაფინანსების უზრუნველყოფას და უერთდება EBRD-ის ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამას, რომელიც ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით საშუალებას აძლევს ქალებს მიიღონ ფინანსები და ცოდნა საკონსულტაციო სერვისების, კონსულტაციებისა და ტრენინგების მეშვეობით.

ევროკავშირი მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის პროცესს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის პლუს (EFSD+) საგარანტიო პროგრამითაც უჭერს მხარს.

მცირე ზომისა და დამატებითი უზრუნველყოფის ნაკლებობის გამო ქალთა მიერ მართული საწარმოები ხშირად რისკიან სეგმენტად ითვლება იმ ეკონომიკურ სისტემებში, სადაც EBRD ახდენს ინვესტირებას. ახალი საკრედიტო ხაზის საშუალებით მეწარმე ქალები ისარგებლებენ რისკის გაზიარებით, რაც უფრო მეტ მეწარმე ქალს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ გირაოს, მისცემს საშუალებას, მიიღონ დაფინანსება.

EFSD+ ფინანსური ინკლუზიის პროგრამა შექმნილია მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების მიზნით – მათი კონკურენტუნარიანობისა და ზრდის ხელშეწყობისათვის. მყარი ფინანსური ინსტრუმენტებისა და კონსულტაციების საშუალებით, პროგრამა მიზნად ისახავს შუამავლების წახალისებას, რათა მათ გამოყონ დაფინანსება იმ ბიზნესებისათვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

2021–2027 წლებში, EFSD + გამოყოფს 22,5 მილიარდ ევროს გარანტიისა და სხვა ინსტრუმენტების სახით მდგრადი ინვესტიციების წასახალისებლად ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო ქვეყნებში.

ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზების, პირველი ზარალის რისკის დაფარვისა და დამატებითი ტექნიკური დახმარების აქტივობების წყალობით. WiB-ის პირველ ეტაპზე 1000-ზე მეტმა მეწარმე ქალმა გაიარა ტრენინგი და მიიღო დახმარება ბიზნეს საქმიანობაში.

პროკრედიტ ბანკი საქართველო არის განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკების საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. ჯგუფს ფრანკფურტში დაფუძნებული ProCredit Holding ფლობს. პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლობები ხელს უწყობს გამჭვირვალე და ინკლუზიური ფინანსური სექტორების ფუნქციონირებას. ბანკის ბიზნეს მოდელი პრიორიტეტს ანიჭებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხოლო ბიზნეს სტრატეგია გულისხმობს მდგრადობის აქტიურ მხარდაჭერას. პროკრედიტ ბანკი საქართველო უკვე 25 წელია ფუნქციონირებს. ბანკი განუხრელად იცავს ევროპულ საბანკო სტანდარტებს. კეთილსინდისიერი საბანკო პრაქტიკა და ბანკის მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსება საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს გაფართოვდნენ, დანერგონ სიახლეები და უზრუნველყონ დასაქმების შესაძლებლობები.

დღეისათვის EBRD-მა განახორციელა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 290 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 83 პროცენტი კი კერძო სექტორშია.