fbpx
Skip to main content

დემოკრატიული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირი საქართველოს საიმედო პარტნიორია. ევროკავშირის საქართველოს ურყევად უჭერს მხარს საზოგადოების ჩართულობის დონის ამაღლების, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის, მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების კუთხით. საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროკავშირის უწყვეტი დემოკრატიული ჩართულობის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. ამ პროცესს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილი ცხრა პუნქტი განსაზღვრავს.

საზოგადოების მონაწილეობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს საარჩევნო პროცესებს, არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობას, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაძლიერებას. ევროკავშირი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას არჩევნების გამჭვირვალობის, სიზუსტისა და სამართლიანობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერის გზით.

წაიკითხეთ სრულად

ევროკავშირი არის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ურყევი მხარდამჭერი კანონის უზენაესობის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია სასამართლო სისტემის რეფორმას, ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებასა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს სასამართლო სისტემას, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების სათანადო სისტემის შესაქმნელად.

ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების აქტიური დამცველია. იგი აგრძელებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას. ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დამცველებს უტარებს ტრენინგებს იურიდიულ და ადვოკატირების საკითხებში და ეხმარება საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საქართველოსთან უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების, ნარკომანიის პრევენციისა და ნარკოტიკების მომხმარებლების რეაბილიტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს უფრო მდგრადი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ევროკავშირი აგრეთვე თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უსაფრთხოების სექტორში ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების მიზნით, რაც ხორციელდება ზედამხედველობის გაუმჯობესების, უფრო სრულყოფილი კვლევების ჩატარებისა და ოჯახში გენდერული ნიშნით ძალადობაზე ყურადღების გამახვილების გზით.

ევროკავშირი საქართველოში აქტიური და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით მედიაწიგნიერების, თავისუფლებისა და განვითარების ურყევი მხარდამჭერია. ევროკავშირი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ხელს უწყობს მედიაწიგნიერების კამპანიების ჩატარებას და მხარს უჭერს მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის გაძლიერებას გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გმობს და ეწინააღმდეგება მედიაში ჩარევას და იბრძვის საქართველოში ჟურნალისტების დაცულობისა და უსაფრთხოებისათვის.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიულ პროცესებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მტკიცე მხარდამჭერია. იგი უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ დახმარებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების სფეროებში. ცხრა პუნქტის შესაბამისად, ევროკავშირი აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის დიალოგის წარმოებას პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ელჩის განცხადება

ევროკავშირის ელჩის განცხადებები

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღე